ტყიბულის მუნიციპალიტეტში საატესტატო გამოცდაზე გასული 223
მოსწავლიდან 50 ჩაიჭრა. მოსწავლეები ქუთაისიპოსტთან საუბარში
განმარტავენ, რომ შედარებით რთული ისტორიისა და უცხო ენის გამოცდა
იყო.
მათი თქმით, გამოცდის მიმდინარეობის დროს ინეტერნეტი გაითიშა.
"მათემატიკაში უფრო რთულ ტესტებს ველოდი, მაგრამ არ გამჭირვებია და 10
ქულა მივიღე, შედარებით რთული ისტორია და უცხო ენა აღმოჩნდა ჩემთვის,
სადაც მეტი ნაწილი გრამატიკას ჰქონდა დათმობილი. თუმცა არ ყოფილა
ისეთი საკითხები არც ერთ საგანში, რომელიც სკოლაში პროგრამულად არ
გაგვივლია. ჩემი კლასიდან არავინ ჩაჭრილა. - განმარტავს ტყიბულის N1
საჯარო სკოლის მოსწავლე, ნინო კოპალიანი. ის ამბობს, რომ გამოცდების
მიმდინარეობისას ერთ-ერთ გამოცდაზე ინტერნეტი 10 წუთით გაითიშა.
ისტორიის და უცხო ენის ჩაბარება გაუჭირდათ ტყიბულის N2-ე საჯარო
სკოლაშიც. ამ სკოლაში საატესტატო გამოცდა 6-მა მოსწავლემ გაირა.
აქედან, ორმა რუსული ენის გამოცდაში მინიმალური ზღვარი ვერ
გადალახა.
"ვერ ვიტყვი, რომ ადვილი იყო. მაგრამ თუ სწორად უპასუხებდი რთულ
შეკითხვას, კომპიუტერი შემდეგ კითხვებს უფრო გიმარტივებდა. არც ერთ
საგანში არ ვემზადებოდი, თუმცა მაინც ნორმალურად გავართვი თავი" -
ამბობს N2-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, ბექა ქორჩილავა.
ტყიბულელ მოსწავლეთა შორის გიორგი კაკაბაძე ერთ-ერთია, რომელმაც წელს
საატესტატო გამოცდებს წარმატებით გაართვა თავი. თუმცა, მას
დამამთავრებელი კლასის ბავშვებისაგან ის ფაქტი განასხვავებს, რომ მან
მეთორმეტე კლასის ერთი სასწავლო წელი "ფლექსის" პროგრამის ფარგლებში
აშშ-ი ისწავლა და გამოცდების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დაბრუნდა
საქართველოში.
"საატესტატო გამოცდები რომ ჩამებარებინა, მანამდე მომიწია
ინდივიდუალური პროგრამის დაძლევა. ის ფაქტი, რომ მე-12 კლასის ქართული
სკოლის მასალა არ გამივლია, ნამდვილად ხელის შემშლელი ფაქტორი იყო.
განსაკუთრებით ქართულ ენაში, სადაც კითხვების უბრავლესობა პროგრამული
ტესტებიდან იყო. თუმცა, ბევრი საკითხი გასული წლების პროგრამიდან და
გრამატიკიდანაც მოვიდა, ამიტომ ცუდად არ გამირთმევია", - ამბობს
ტყიბულის N6-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, გიორგი კაკაბაძე.
მე-12 კლასის მოსწავლეების გამოსაშვები გამოცდები 20 მაისს პრეტესტით
დაიწყო და 24 მაისს დასრულდა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო
სკოლიდან საატესტატო გამოცდები 14 სკოლაში ჩატარდა. ატესტაციაზე
გასული 223 მოსწავლიდან 170 ბავშვი 2016-2017 წლების
კურსდამთავრებული, ხოლო 53 მოსწავლე - გასული წლების იყო.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებისთვის 48 ათას-ზე
მეტი მოსწავლე იყო დარეგისტრირებული.
თეონა ჯანელიძე
მასალის გამოყენების პირობები