კურორტ საირმეში, ადგილობრივი კერძო მესაკუთრეებისთვის, 5 წლის წინ ჩამორთმული უძრავი ქონება ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.
ე.წ. ჩუქების გზით გაცემული ქონების დაბრუნების პირობა "ქართულმა ოცნებამ" 2012 წელს, წინასაარჩევნოდ დადო. თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლიდან ამ დრომდე მხოლოდ "მოკვლევა" ჩატარდა.
"იმედი გვქონდა ამ მთავრობის. დიდის ამბით დაიწყეს მოკვლევა და გვატარეს პროკურატურაში საქმის გამოძიების მიზნით, მაგრამ სულ ტყუილად. ჩემი აზრით, საქმე გამოძიებულია, მაგრამ შეგნებულად არის გაჩერებული საქმის წარმოებაში მიცემა", - ამბობს დაზარალებული, რამაზ გრძელიძე.
გრძელიძეს კურორტ საირმის ცენტრში 30 კვ. მ-ის მაღაზია ჰქონდა, რომელიც 2010 წელს "ჩუქების" სახელით დაათმობინეს.
რამაზ გრძელიძის მსგავსად, 2010 წელს კურორტ საირმეში უძრავი ქონება დაახლოებით 20-მდე ადგილობრივმა მეწარმემ, 1 კვირის განმავლობაში, სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა. დაზარალებული მესაკუთრეები პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდნენ.
დაზარალებული მესაკუთრეები აცხადებენ, რომ მთავრობა შეგნებულად აჭიანურებს საქმის წარმოებას. მათ საქმის გაჭიანურების მიზეზად ორი ვერსია მოჰყავთ. ერთ-ერთი ვესრიით, მათვარობა აღნიშნული საკითხის საარჩევნოდ გამოყენებას ცდილობს და ხმების სანაცვლოდ მათ ქონებას დაუბრუნებს. მეორე ვერსიის მიხედვით კი: "საერთოდ არ აპირებენ ჩვენთვის ამ ქონების ქონების დაბრუნებას", - ამბობს დაზარალებული რამაზ გრძელიძე.
აღნიშნული საკითხით არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" დაინტერესდა. ორგანიზაციამ საქმის შესწავლა 2012 წელს დაიწყო.
"დავინტერესდით და მოვიკვლიეთ, თუ რა ვითარებაში მოხდა ამ ადამიანების მხირდან მათ საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქება, რაც შემდეგ გადავეცით შესაბამის ორგანოებს. ჩვენ არ ვართ სამართალდამცავი უწყება და არ გვაქვს შემდგომი მოქმედების ბერკეტები, ამიტომ თუ რა მსვლელობა მიეცა შემდეგ ამ საქმეს, ინფორმაცია არ გვაქვს", - ამბობს "გამჭვირვალობა საქართველოს" ქუთაისის ფილიალის კოორდინატორი, თეონა ზაქარაშვილი.
"გამჭვირვალობაში" აღნიშნავენ, რომ მათ მიერ მოკვლეული მასალების გადაცემის შემდეგ, პროკურატურას წერილობით მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ.
რა ეტაპზეა საქმის წარმოება და მოხდება თუ არა კერძო მესაკუთრეებისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნება საირმეში? - ამ კითხვებით "ქუთაისიპოსტმა" საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურს მიმართა. თუმცა, დაპირებისა და სამ კვირიანი ლოდინის მიუხედავად, პასუხი ვერც "ქუთაისიპოსტმა" მიიღო.
"სამართლიანობის აღდგენის" თაობაზე "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირების ფარგლებში, მთავრობამ ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში შეიმუშავა ინიციატივა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გამოტანილი სადავო განაჩენების გადახედვის მიზნით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას ითვალისწინებდა. ოდნავ მოგვიანებით კი, მთავრობის განკარგულებით მიმდინარე წლის იანვარში, პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა.
გასულ კვირას, პარლამენტში გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, დაპირებულ "სამართლიანობის აღდგენაზე" პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარბიშვილისგან პასუხის მიღებას შეეცადა "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი, შალვა შავგულიძე.
"შემუშავდება უკანონ ჩამორთმეული ქონების სწრაფად გადაცემის სამართლებრივი მექნიზმები", - ასეთი ზოგადი პასუხით შემოიფარგლა პრემიერ-მინისტრი.
კონრეტულად როდის შემუშავდება ან რამდენად იქნება გათვლილი მომავალში შემუშავებული მექანიზმები დაზარალებული მესაკუთრეებისთვის ქონების დაბრუნებაზე, კვლავ უცნობი რჩება.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები