რეგიონი
სოფელი 27 წელი გზის, გაზის და სასმელი წყლის გარეშე
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევში მცხოვრებლებს 27 წელია ამორტიზებულ გზაზე გადაადგილება უწევთ.
ადგილობრივებს ქალაქთან ტრანსპორტით დაკავშირება უჭირთ, რადგან მიკროავტობუსმა, უგზოობის გამო, რეისების რაოდენობა შეამცირა. ადგილობრივ ხელისუფლებაში საკითხის ამ დრომდე მოუგვარებლობას გაჭიანურებული ბიუროკრატიით ხსნიან. სოფლის უგზოობას კი სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის პრობელმაც ემატება. ნაგარევში მიგრაციის შეჩერებას და წლების განმავლობაში მოუგავრებელი პრობლემების გადაჭრას ითხოვენ.

ნაგარეველები სოფლის ისტორიული წარსულით ამაყობენ. თუმცა, წუხან იმაზე, რომ ამჟამად სოფელი მიტოვებული და მივიწყებულია.

"არც გაზი გვაქვს, არც წყალი და გზა. ჩვენ პატრონი არ გვაყავს საერთოდ. აქვს მარტო შემოსასვლელში, ბოლომდე არ მოდის. გზა რომ არ არის ავტობუსიც ნორმალურად არ დადის. გვპირდებიან, მაგრამ არ მაქვს იმედი, სულ გვატყუებენ და ახლა გამარჯვდებიან?" - ამბობს ჩვენთან საუბარში სოფელ ნაგარევის მკვირდი.

ადგილობრივები იმ დროს იხსენებენ, როცა სოფლიდან ქუთაისის მიმართულებით ტრანსპორტი 7 რეისს ასრულებდა. თუმცა, უგზოობის გამო, ახლა მარშუტი ქალაქში მხოლოდ ორჯერ, დილით 07:30 წუთზე და საღამოს 4 საათზე გადის.

"ეს დრო ჩვენთვის ძალიან მოუხერხებელია. თუ ქალაქში გვაქვს საქმე 10-11 საათზე, იძულებული ვართ ფეხით წავიდეთ, ტაქსი გამოვიძახოთ ან გავყვეთ პირველ რეისს და სადმე საათობით ველოდოთ როდის გავა დრო. ამ დროს კი სოფელში უამრავი საქმე გვიფუჭდება. განსაკუთრებით რთულია ეს სტუდენტებისთვის. ტაქსით მომსახურება დაახლოებით 15-20 ლარი ჯდება. მარშუტის მძღოლი გვპირდება, რომ თუ გზა იქნება 11 საათიანი რეისი დაემატება," - ამბობს სოფლის მკვიდრი, ლია ალფაიძე.



ნაგარეველები ამბობენ, რომ თერჯოლის გამგეობაში გზის შეკეთებას მიმდინარე წლის მაისიდან დაპირდნენ.

ამ პრობლემის შესახებ თერჯოლის მუნიციპლიტეტის გამგებლის წარმომადგენელს გოდოგნის თემში, გრიგოლ გიორგაძეს მივმართეთ. სოფლები ნაგარევი, ბროლისქედი და ჭალასთავი, სწორედ ამ თემის შემადგენლობაში შედიან.

გრიგოლ გიორგაძის ინფრორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტმა სოფლების გზის რეაბილიტაციაზე 525 000 ლარად შეფასებული ტენდერი მიმდინარე წლის 16 მაისს გამოაცხადა, საკითხის გაჭიანურება კი კანონომდებლობით დადგენილ პროცედურებს უკავშირდება.

"ეს არის პროცედურული საკითხი, რომელიც საკრებულოზე უნდა დამტკიცებულიყო. სავარადუოდ, 2 კვირაში ტენდერში გამარჯვებული ცნობილი იქნება და დაიწყება აღდგენითი სამუშოები," - განმარტავს გრიგოლ გიორგაძე.

გოდოგანი-ნაგარევი-ბროლისქედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის თანხის 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება, დარჩენილ თანხას კი ადგილობრივი ბიუჯეტი დაფარავს. ტენდერში წინადადებების მიღება 7 ივნისს დასრულდება.



გზის გარდა, ნაგარევში სასმელი წყლის პრობლემაც აქვთ, რომელიც მათ გრაფიკით, კვირაში 2-ჯერ 3-3 საათის განმავლობაში მიეწოდებათ. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ის სასმელად უვარგისია.

"არა იფილტრება და ცოტა ხანში ჭურჭელში ნალექს იკეთებს. 20-25 წლის წინ კი სუფთა წყალი მოდიოდა და 24 საათის განმავლობაში იყო," - აღნიშნავენ სოფელში.

ამ მიზეზის გამო ისინი სასმელ წყალს, რამდენიმე კილომეტრით მოშორებული წყაროდან, ავტომობილებით ეზიდებიან.

წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციისთვის თერჯოლის მუნიციპალიტეტმა 1 096 988 ლარად შეფასებული ტენდერი (SPA130018060) 2013 წლის ივნისში გამოაცხადა. თანხა, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო, წყალსადენის ჭების, სათავე ნაგებობისა და სატუმბი სადგურის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა. აქედან წყალი სოფელ ჭოგნარის, ბროლისქედისა და ჭალასთავის მოსახლეობას მიეწოდება.

თუმცა, ტენდერში გამარჯვებული შპს "ნდს მშენებლობის" წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში განმარტავდა, რომ ქსელის რეაბილიტაცია ნორმების დაცვით განხორციელდა, რაზეც სამხარაულის ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნაც არსებობს.

"როცა სამუშაოებს ვასრულებდით, მაშინ წყლის სინჯი ავიღეთ, ლაბორატორიულად შევამოწმეთ და წყალი სასმელად ვარგისი იყო. ერთი წელი იყო დეფექტების პასუხისმგებლობის ვადა, რაც უკვე გასულია. ერთი წლის განმავლობაში ჩვენთან საჩივარი არ შემოსულა," – აღნიშნა ჩვენთან საუბარში კომპანია "ნდს მშენებლობის" ინფორმაციის მენეჯერმა, მარინა ირემაშვილმა.

მისივე განმარტებით, ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ობიექტზე მზრუნველობა მუნიციპალიტეტს ეკისრება და სათავე ნაგებობის გაწმენდა პერიოდულად უნდა ხდებოდეს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში კი აცხადებენ, რომ სათავე ნაგებობის გაწმენდა და წყლის დაქლორვა სამუშაოების დასრულების შემდეგ არ მომხდარა, რადგან ეს ვალდებულება მათ პროექტის მიხედვით არ ეკისრებათ.

გაზის და წყლის გარდა, ნაგარევში არც ბუნებრივი აირი აქვთ. გაზი ერთი წლის წინ სოფლის საბავშვო ბაღსა და სკოლამდე მიიყვანეს, შემდეგ კი სამუშაოები შეჩერდა. ამ დროისთვის ბუნებრივი გაზით 150 ოჯახი ვერ სარგებლობს, ამიტომ ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი ძირითადად ელექტროენერგიას მოიხმარენ, რაც მათ შეჭირვებულ სოციალურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

"შეშის მოჭრის საშუალებას არ გვაძლევენ. აქედან, 20-25 კილომეტრში, ხარაგაულის ტყეებში დაგვრთეს ნება, რაც ძალიან ძვირი გვიჯდება. ამიტომ დენით ვსარგებლობთ. დაგვეხმარონ, თორემ სოფელი ნელ-ნელა იცლება," - ამბობენ ადგილობრივები.



ნაგარეველების ინფორმციით, სოფელში ბუნებრივი გაზის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარე წლის 1 მაისიდან უნდა განახლებულიყო. თუმცა, გოდოგნის თემის გამგებლის ინფორმაციით, ის უახლოეს დღეებში დაიწყება.

"წუთიწუთზე ველოდები, რომ მოვიდნენ და მასალა დავასაწყობოთ," - განმარტა ჩვენთან საუბარში გრიგოლ გიორგაძემ.

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2016-2017 წლებში 400 აბონენტი გაზიფიცირდება.

"2014 წელს ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. მოქალაქეებს შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეუძლიათ. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა," - განმარტავენ ენერგეტიკის სამინისტროში.

თერჯოლის სოფლებში გოდოგანში, ნაგარევსა და ბროლისქედში დარჩენილი 150 ოჯახის გაზიფიცირებას "სოკარ ჯორჯია გაზის" დაქვემდებარებაში მყოფი შპს "გაზ სერვისი" განახორციელებს. კომპანიის წარმომადგენელი, გია მეფარიშვილი განმარტავს, რომ სამუშაოების დაწყებისთვის გამოდარებას ელოდებიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.