რეგიონი
თბოელეტროსადგური ტყიბულში აღარ აშენდება
FaceBook
150 მეგავატიანი თბოელექტროსადგური ტყიბულის ნაცვლად გარდაბანში აშენდება. ტყიბულში მშენებლობის განხორციელების ხელშეკრულება ჯერ კიდევ 2015 წლის ოქტომბერში გაფორმდა, რომელსაც ხელს ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე აწერდა. თუმცა, ხელმოწერიდან რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ თბოლექტროსადგური ტყიბულში აღარ აშენდება. 


პროექტის მიხედვით ასეთი უნდა ყოფილიყო თბოელექტროსადგური ტყიბულში

ენერგეტკის სამინისტროში ამ ცვლილებას ინვესტორი კომპანიის მიერ შესრულებულ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ანგარიშს უკავშირებენ და ჩვენთან საუბარში განმარტავენ, რომ კომპანიის მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი საპროექტო ტერიტორია. რომლის შედეგად დადგინდა, რომ ეჭვქვეშ არის ტყიბულის ტერიტორიის ვარგისიანობა თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის.

"პროექტის განსახორციელებლად, კომპანიამ მოიძია თბოელექტროსადგურის მშენებლობისათვის ალტერნატიული ტერიტორია გარდაბანში, უკვე არსებული თბოელექტროსადგურების ენერგობლოკების ბაზაზე. აღნიშნული ტერიტორიის ვარგისიანობა სამშენებლოდ გამოყენებისთვის ეჭვქვეშ არ დგას. შესაბამისად, პროექტი ტექნიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით გაცილებით ეფექტური გახდება.

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ინვესტორმა კომპანიამ მიმართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მემორანდუმში შესაბამისი ცვლილებების შეტანის წინადადებით. საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული იქნა აღნიშნული წინადადება და ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის ადგილად განისაზღვრა გარდაბნის თბოელექტროსადგურების ტერიტორია", - განგვიმარტეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში.

ტყიბულში თბოელექტროსადგურის მშენებლობას გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები კრიტიკულად აფასებდნენ. ეკოლოგთა შენიშვნებში ნათქვამი იყო, რომ ტყიბულის თეს-ის პროექტი მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მიერ გაერო-ს კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენციის მხარეთა წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში კი, ამ მოსაზრებას ჩვენთან საუბარში არ ეთანხმებიან და აღნიშნავენ, რომ შპს "ტყიბული 150"-ის "150 მგვტ დადგმული სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის" პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშმა გაიარა "გარემოზე ზემოქმედების ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი საჯარო განხილვის ეტაპი 2015 წლის 12 ნოემბერიდან 2016 წლის 6 იანვარის პერიოდში. თუმცა, ეკოლოგიური ექსპერტიზის მიღების მიზნით იგი სამინისტროში აღარ წარმოდგენილა.

"შპს "სიპაუერი"-მა 2016 წლის 13 დეკემბერს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში წარმოადგინა "გარდაბნის მე-10 ენერგობლოკის რესკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის" პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომლის საჯარო განხილვა მოხდა მიმდინარე წლის 30 იანვარს გარდაბანში.

ტყიბულში თესის მშენებლობისთვის განკუთვნილი 200 მილიონამდე ღირებულების ინვესტიცია, როგორც საწყის ეტაპზე აცხადებდნენ, ქალაქში ქვანახშირის მრეწველობის განვითარებას და მთლიანობაში - 1 000 - ზე მეტი ადამიანის დასაქმებას განაპირობებდა.


თეონა ჯანელიძე


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.