მეუღლეობა ბარიერი არ
უნდა გახდეს, მაშინ როცა პირი საქმის მცოდნე და პროფესიონალია"
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი
ორგანიზაციის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის
შემთხვევებზე საუბრობენ და ნათესაობის ნიშნით დანიშნული ადამიანების
დიდ რაოდენობაზე მიუთითებენ.
"ნეპოტიზმის არაერთი შემთხვევაა ხარაგაულში და ეს რა თქმა უნდა
უარყოფითად უნდა შეფასდეს", - აღნიშნავს ხარაგაულის საკრებულოს წევრი,
ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თანამდებობასა და სხვადასხვა
პოზიციებზე დანიშნული ადამიანების სიასაც ასაჯაროებენ.
მათი ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის ინგა მაღრაძის მეუღლე, მიხეილ ჭიპაშვილი კეთილმოწყობის
სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა.
ხუნევის ტერიტორიული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის ლენა აბაშიძის
შვილი კახა ლომიძე დაინიშნა ამავე ტერიტორიული ერთეულის გამგებლის
წარმომადგენლად (რწმუნებული).
კახაბერ გოლუბიანი, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გახლავთ - გამგებლის მეჯვარე და
ბავშვის ნათლიაა.
გამგებლის მოადგილის, პაატა გოგოლაძის, მეუღლე დაინიშნა მუზეუმში
ექსკურსიამძღოლის თანამდებობაზე, ხოლო და ჯანდაცვის სამსახურში
- მთავარ სპეციალისტად.
გამგებლის მოადგილის დავით დევდარიანის მეუღლე ნათია კაციტაძე
რესურს--ცენტრის თანამშრომელია. გამგებლის მოადგილის სიმამრი ოლეგ
კაციტაძე კი შ.პ.ს. "მექანიზატორის" ხარაგაულის ფილიალის
ხელმძღვანელი.
გამგებლის მრჩევლის
გიორგი
თავზარაშვილის მეუღლე ნანა კიკნაძე დაინიშნა ჯანმრთელობისა და
სოციალური სამსახურის უფროსად. შვილმა კი გამგეობაში სპეციალისტის
პოზიცია დაიკავა.
საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარის
გივი თხელიძის
მეუღლემ, ქეთევან ლომსაძემ, დაიკავა ხარაგაულის ე. კიკნაძის სახელობის
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების #2 საბავშვო ბაღის გამგის
პოზიცია.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის
ვარლამ
თავზარაშვილის და, ქეთევან თავზარაშვილი, დაინიშნა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში თანამშრომლად.
საკრებულოს წევრის "ქართული ოცნებიდან" აზა ფურცელაძის, ძმა თემურ
ფურცელაძე დაინიშნა დასუფთავების სამსახურის უფროსად.
საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის
ვლადიმერ
გელაშვილის ძმამ, დავით გელაშვილმა დაიკავა სპორტის
განვითარების და მართვის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიცია და ა.შ.
ჯამში ხარაგაულში ნეპოტიზმის ნიშნების შემცველი 17-მდე ფაქტი
აღინიშნება.
აღნიშნული ფაქტების არსებობას არ უარყოფენ ხარაგაულის გამგეობაში,
თუმცა მიუთითებენ, რომ ყველა ეს ადამიანი სხვა ნიშნით შეირჩა და არა
ნათესაობის.
" ყველას აქვს უფლება კონკრუსის წესით დაიკავოს რაიმე პოზიცია და
ნათესაობა არ უნდა იყოს შემაბრკოლებელი", - აღნიშნა ხარაგაულის
გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა.
ლურსმანაშვილი იმასაც ამბობს, რომ ამ ადამიანებიდან ნაწილი "ქართული
ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე მუშაობდა და იმის გამო რომ მათი
ნათესავი დაინიშნა (ან არჩეულ იქნა)თანამდებობაზე მათ ვერ
გაათავისუფლებდნენ.
"გოგოლაძის მეუღლე სულ დასაქმებული იყო. ვერავინ იტყვის არ მუშაობდა
და მერე დააწყებინეს მუშაობაო. მას თავისი კომპეტენცია და
პროფესიონალიზმი ყოფნის რომ მოეწონოს კომისიას და გაუწიოს
რეკომენდაცია", - განმარტავს კობა ლურსმანაშვილი.
ხარაგაულის გამგებელი საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლის კეთილმოწყობის
სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნას უფრო ჩამოქვეითებას უწოდებს,
ვიდრე პრივილეგიას.
"საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე უფრო მეტად დაჩაგრულია. ის გახლდათ
გამგებლის მოადგილე. ანუ მანამდეც მუშაობდა და ეჭირა მაღალი
თანამდებობა. ეს ფაქტი სასაუბრო თემა რომ არ გამხდარიყო
გადანაცვლებული იქნა და დაინიშნა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად.
ზოგადად მეუღლეობა ბარიერი არ უნდა გახდეს, მაშინ როცა პირი საქმის
მცოდნე და პროფესიონალია", - ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
მისი განმარტებით ყველა კანდიდატმა კონკურსი გაიარა და ამ გზით
დაინიშნა თანამდებობაზე.
"ხარაგაულში ნეპოტიზმის ფარგებში არ ხდება ადამიანების შერჩევა,
არამედ პროფესიონალიზმის ფარგლებში, სათანადო კომპეტენციისა და
გამოცდილების შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანი იქნება განთავსებული
შესაბამის თანამდებობაზე", - მიაჩნია ხარაგაულის გამგებელს.
გამგეობაში მიუთითებენ, რომ ხარაგაული პატარა დაბაა და აქ "ყველა
ყველას ნათესავია", ამიტომ შესაძლებელია თანამდებობებზეც ნათესავები
მოხვდნენ.
მასალის გამოყენების პირობები