ვინ არის საქართველოს საიმედო პარტნიორი და ვინ
- მოწინააღმდეგე?
ვინ ითვლება მშვიდობის გარანტად და ვინ - ომის
გამჩაღებლად?
რა სურს ქართველ ხალხს და რის მიღწევას ცდილობს საქართველოს ხელისუფუება?
რაზე მეტყველებენ ისტორიული ფაქტები? რას გვიჩვენებს დღევანდელობა
- 21-ე საუკუნის პირველ ნახევარში მიმდინარე
მოვლენები?
"რონდელის ფონდის" მკვლევარი, გიორგი ბადრიძე წარსულის, უახლესი
ისტორიის და დღევანდელობის ფაქტების შეჯერებით აჩვენებს სად არის
საქართველოს განვითარების გზა და სად უკუსვლა
და სტაგნაცია.
- აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ
დახმარებას აჩერებს.მანამდე იყო სანქციები 36 პირის მიმართ და ა.შ.
ამერიკის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების გაფრთხილებების დრო
დასრულდა და აშშ-დან უკვე ამ ფორმისა და შინაარსის, ანუ "სადამსჯელო"
ქმედებებს უნდა ველოდოთ ?
ჩვენს ქვეყანაში, როგორც აღმოჩნდა, წლების განმავლობაში, ბევრისთვის
შეუმჩნევლად მიმდინარეობდა შეერთებული შტატების მიერ კოლოსალური
ფინანსური, ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა.
წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლებები ასეულობით მილიონ დოლარს
იღებდნენ სხვადასხვა დანიშნულებით. ეს იყო ზოგჯერ პირდაპირი საბიუჯეტო
დახმარება, იყო დაფინანსება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების:
გზების, კანალიზაციის, წყალგაყვანილობის, რომელთა სიკეთითაც
სარგებლობდა ჩვეულებრივი მოქალაქე. აშშ-დან ფინანსდებოდა პროგრამები
ჯანდაცვის სფეროში, რომლებმაც პირდაპირი მნიშვნელობით სიცოცხლე
შეუნარჩუნა ათასობით ადამიანს.
დღეს ხელისუფლება, ჩვენი საზოგადოება აქტიურად განიხილავს აი, როგორ
არ მოგვცა აშშ-მ 95 მილიონი დოლარი?! მე მგონი, იქიდან უნდა დავიწყოთ,
რომ საქართველოს ფინანსური და ეკონომიკური მდგრადობა, უსაფრთხოების
გარანტიები ყოველთვის გარკვეულწილად ეფუძნებოდა აშშ-დან და
ევროკავშირიდან მიღებულ დახმარებას, მათ შორის ფინანსურს. ეს
დახმარება მოდიოდა არა იმიტომ, რომ ვინმეს რაიმე ვალი ჰქონდა ჩვენი,
არამედ იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხელისუფლებებს ჰქონდათ
გამოცხადებული სურვილი დემოკრატიული, კანონის უზენაესობაზე
დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის აშენების, ასევე თანამშრომლობის და
საბოლოო ჯამში ინტეგრაციის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. ამ
გადაწყვეტილების ავტორი ყოველთვის იყო ქართველი ხალხი. და ეს არ იყო
მხოლოდ ჩვენი თაობის გადაწყვეტილება.
საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ უსაფრთხოების
გარანტიების მიღებას ევროპული ქვეყნებისგან, დასავლეთისგან და დღეს,
როდესაც ჩვენ ასე ახლოს ვიყავით ამ სანუკვარ მიზანთან, ჩვენმა
ხელისუფლებამ ღიად (ადრე ამას შეფარვით აკეთებდა) აჩვენა, რომ მას
არანაირი განზრახვა არა აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების.
ის არის დაკავებული რუსული ტიპის, ძალაუფლების ვერტიკალის
მშენებლობით. სადაც ადგილი არ ექნება არავის, ვისაც აქვს სურვილი
ჩაეკითხოს, დააკვირდეს ხელისუფლების ქცევას, მათ მიერ ბიუჯეტის
ძარცვას, ამის ხარჯზე გამდიდრებას და საქართველოს ისტორიულ
მოწინააღმდეგესთან სხვადასხვა გარიგებებს. ამიტომ არის, რომ
დახმარების შეჩერების ეს გადაწყვეტილება, უნდა აღვიქვათ, როგორც
რეაქცია საქართველოს ხელისუფლების ქცევაზე. კერძოდ, ბიძინა
ივანიშვილის არჩევანზე, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა
დასავლეთთან შეცვალოს ჩრდილოეთით ან აღმოსავლეთით იმის გამო, რომ
დასავლეთთან თანამშრომლობა ყოველთვის ემყარებოდა დემოკრატიულ
პრინციპებს, რომელსაც რუსეთი, ირანი და ჩინეთი, ბუნებრივია, არ
იზიარებენ.
-"ქართულ ოცნებას" რუსეთი ურჩევნია დანარჩენ სამყაროს. ყოველ
შემთხვევაში, დასავლეთს, რამდენად სანდო პარტნიორია რუსეთი? სადმე
რომელიმე ქმედებაში რუსეთს თუ გამოუჩენია საქართველოს მიმართ
პატივისცემა, დაუცავს რაიმე შეთანხმება, არ დაურღვევია რომელიმე
ხელშეკრულება? და თუკი არ დაუცავს და დაურღვევია, ასეთ ისტორიულად
არასანდოს თავად "ოცნება" როგორ ენდობა?
-რუსეთთან კავშირების დამყარების მცდელობა დაიწყო ჯერ კიდევ მე- 16
საუკუნის ბოლოს, როდესაც კახეთის მეფე ალექსანდრემ გაგზავნა ელჩობები
და ბორის გოდუნოვისგან მიიღო დელეგაცია. პირველი გაფრთხილება რომ,
მათთან საქმის დაჭერა არ შეიძლებოდა, მაშინვე მივიღეთ. არსებობს
არაჩვეულებრივი ჩანაწერები, რომელიც ასახავს რუსული ელჩობის
საქართველოში ჩამოსვლას 1590-იან წლებში, სადაც ჩანს თუ როგორ
ეპყრობოდნენ რუსი დიპლომატები არა მხოლოდ ქართველ უბრალო ადამიანებს,
არამედ ალექსანდრეს კარის მაღალჩინოსნებსაც. ასე რომ რუსეთთან
ურთიერთობა დაიწყო სკანდალით.
შემდეგ იყო ტოტლებენის ექსპედიცია და მიტოვებული ერეკლე. შემდეგ იყო
1793 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი. ერეკლემ ვერ შეძლო კონტაქტის
დამყარება ევროპის ქვეყნებთან და გადაწყვიტა, რომ რუსეთი იყო უახლოესი
ევროპის მსგავსი ქვეყანა და ის იქნებოდა პარტნიორი. ბოლოსდაბოლოს
ერთმორწმუნე იყო. იგი ენდო რუსებს, დადო მათთან მრავალმხრივი
შეთანხმება, რომელიც პირველ რიგში გულისხმობდა უსაფრთხოების
გარანტიებს, მაგრამ მისგან არანაირი უსაფრთხოება არ მიუღია, პირიქით,
სპარსეთმა 1795 წელს ცეცხლითა და მახვილით დასაჯა აღმოსავლეთ
საქართველო ამ გარიგებისთვის. რუსეთს თითი არ გაუნძრევია, სრული
საშუალება მისცა რომ დაენგრია აღა-მაჰმად-ხანს თბილისი.
რუსეთმა არა მარტო ამ ნაწილში დაარღვია მისი პირობა არამედ გააკეთა
ის, რაც ყველაზე სასტიკ დამპყრობელს არ გაუკეთებია - საქართველოს
სრული ანექსია მოახდინა ავტონომიის ნაშთის შენარჩუნების გარეშე. მათ
შორის სრულად გაუუქმა ავტოკეფალია ქართულ ეკლესიას და გააუქმა
ბაგრატიონების დინასტია. დინასტიას იმიტომ ვახსენებ, რომ მომდევნო
პერიოდებშიც, ხელისუფლების წარმომადგენლებს თავის ინტერესებში დაუდია
რუსეთთან შეთანხმება, სწორედ ძალაუფლების შენარჩუნების იმედით და
აღმოჩენილა, რომ არა მხოლოდ ქვეყნებისთვის არ გაუმართლებია ამ
შეთანხმებას, არამედ თავად მათთვისაც. პირველ რიგში შევარდნაძეს
ვგულისხმობ. მაგრამ მანამდე იყო 1920 წლის მაისის შეთანხმება
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუსეთის ბოლშევიკურ
ხელისუფლებას შორის. მათ შორის მოხდა ურთიერთაღიარება, რომლის
საფუძველზეც საქართველო იღებდა რუსეთიდან მისი უსაფრთხოების
გარანტიას. ოღონდ ამის საფუძველი უნდა ყოფილიყო ბრიტანული ჯარების
გასვლა საქართველოდან. როგორც კი საქართველო დარჩა მარტო პირისპირ
რუსეთის წინაშე, ცხრა თვე არ იყო გასული ამ შეთანხმებიდან, რომ
ყოველგვარი პროვოცირების გარეშე ბოლშევიკური რუსეთი თავს დაესხა
საქართველოს. გააუქმა მისი დამოუკიდებლობა, მოახდინა ანექსია და
დაიწყო ქართული ინტელექტუალური ელიტის, ყველაზე წარჩინებული
ქართველების სისტემატური განადგურება.
რუსეთთან ბოლო შეთანხმებები დღეს საზოგადოებას კარგად უნდა ახსოვდეს.
ჯერ თითქოს ეს იყო შუამავლობა აფხაზეთის ომში, რომელიც ყოველ ჯერზე
მთავრდებოდა ღალატით - გნებავთ გაგრაში, გნებავთ სოხუმში და შემდეგ,
როდესაც შევარდნაძეს დაუდგა ძალაუფლების შენარჩუნების პრობლემა, მან
გარიგება დადო რუსეთთან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში,
ანუ რუსული გავლენის სფეროში შესვლის შესახებ მან მიანიჭა რუსულ
ბაზებს სამართლებრივი სტატუსი, ყველაფერი დაუთმო რუსეთს, მაგრამ
როგორც კი დაიწყო შევარდნაძემ საქართველოში წესრიგის დამყარება,
შეიარაღებული დაჯგუფებების ალაგმვა და ა.შ. რუსეთმა მას მაშინვე
ტერაქტი მოუწყო. ამის შემდეგ აშკარა გახდა, რომ რუსეთზე
დამოკიდებულება ცალმხრივად არა მარტო ქვეყნისთვის არ არის სასარგებლო,
არამედ თავად იმ ხელისუფალთათვის, რომლებიც მზად არიან რუსეთთან
გარიგებაზე წავიდნენ.
ეს გაკვეთილი უნდა ყოფილიყო ივანიშვილისთვის. მაგრამ ის ჯიუტად არ
ითვალისწინებს ამას.
სხვათაშორის, 90-იანების დასაწყისში, როდესაც მზადდებოდა დსთ-ში
შესვლა, მაშინაც გვეუბნებოდნენ, რომ რუსეთი თუ შეგვირიგდება,
დაგვიბრუნებს აფხაზერთსა და სამხრეთ ოსეთს. მაშინ ეს "ნდობა"
შეიძლებოდა შეცდომად ჩათვლილიყო, მაგრამ დღეს, როდესაც რუსეთის
მხრიდან შეპირების დარღვევა ერთხელ უკვე გამოვლილი გვაქვს, მეორედ
რუსეთისადმი ნდობა იმის ბრალი არ იქნება, რომ რუსეთი სიტყვას არღვევს,
არამედ იმის ბრალი - ვინც მის სიტყვას იჯერებს.
-ევროკავშირთან ინტეგრაციის გარდა თეორიულად, ჰიპოტეტურად,
რომელიმე წარმოდგენაში, ოცნებაში, სიზმარში არსებობს რაიმე სხვა გზა
საიმისოდ, რომ საქართველო გადარჩეს, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი,
განვითარდეს და იყოს დემოკრატიული ქვეყანა?
-როგორც ჩანს ივანიშვილი იმდენად ბრიყვად თვლის საქართველოს
მოსახლეობის ნაწილს, რომ ეს უკვე გადამოწმებული ტყუილი შეუძლია
ახლიდან შეფუთოს და ახლიდან შესთავაზოს ხალხს. ის რომ მართლაც ბრმად
თვლის მოსახლეობას იქიდანაც გამომდინარეობს, რომ არჩევნების მთავარ
თემად მან აქცია ომისა და მშვიდობის საკითხი. რომ თითქოსდა ის და მისი
გარიგება რუსეთთან არის მშვიდობის გარანტი, ხოლო პროდასავლური
ხელისუფლების მოსვლა, არჩევნების გზით, არის ომის წინაპირობა.
ამ დებულების მთავარი პრობლემა იმაშია, რომ წესით ადამიანებს, თუკი
ბოლო ათწლეულები გამოქვაბულში არ უცხოვრიათ, მათთვის ცნობილი უნდა
იყოს, რომ მსოფლიოს ერთადერთი რეგიონი, სადაც მეორე მსოფლიო ომის
შემდეგ არ ყოფილა არანაირი კონფლიქტი, არ ყოფილა მშვიდობიანი
განვითარების პროცესის რაიმე დარღვევა, არის ევროპისა და
ევროატლანტიკური რეგიონის ქვეყნები.
ეს არის 1958 წელს დაარსებული ნატო, რომლის არც ერთ წევრს არავის
არასდროს არავინ დასხმია თავს. ასევე - 1992 წელს დაფუძნებული
ევროკავშირიც. ეს არის ევროპა, რომელიც მანამდე პრაქტიკულად მუდმივ
ომებში იყო, გნებავთ ერთმანეთთან და გნებავთ გარესამყაროსთან, მაგრამ
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი
მშვიდობის რეგიონია.
ჩვენი არჩევანი, გარდა ფასეულობითი თანხვედრისა ევროპასთან, არის
წმინდა პრაგმატულიც: ვისაც უნდა კეთილდღეობა, უნდა უკეთესი პირობები
მისი შვილებისთვის, მას უნდა უნდოდეს ევროპა. ამის ალტერნატივა არის
მხოლოდ უუფლებობა, დამოუკიდებლობის დაკარგვა, სიღარიბე, რომელიც
აერთიანებს რუსეთის გარშემო ქვეყნებს.
ისეთი ადამიანისთვის, რომელიც უშუალოდ პირდაპირ ივანიშვილის
სამსახურში არ დგას, მისთვის და მისი შვილებისთვის აშკარა უნდა იყოს
არჩევანი. ის, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული
განვითარების გზას და დასავლურ კურსს. ევროკავშირი არის მშვიდობის
ერთადერთი გარანტია. და ის რასაც "ქართული ოცნება" გვთავაზობს,
შეიძლება მასვე დაუბრუნდეს ძალიან ცუდად.
"ოცნება" თავის ტრადიციულ როლშია, როდესაც სრულიად უპასუხისმგებლო
ტყუილებზე დამყარებულ პროპაგანდას აწარმოებს და აშინებს ხალხს. რომ
თითქოსდა ევროპას ლგბტ უფლებების გარდა არაფერი შეუქმნია თავის
ისტორიაში და მარტო ამ მიმართულებით ურტყამს ჩვენი მოქალაქეების
ცნობიერებას.
- თქვენი აზრით, რა არის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე
დასავლური პოლიტიკური ძალების უპირატესობა და სისუსტე და პირიქით,
რაში აქვს უპირატესობა "ოცნებას" და სად ხედავთ მის სუსტ
მხარეს?
- როგორც ჩანს ეს საარჩევნო კამპანია "ქართული ოცნების" მხრიდან
იქნება აღსავსე რუსული ყაიდის ტყუილებსა და შიშებზე დამყარებული
ტაქტიკით და მეორეს მხრივ, ჩვენი ოპოზიციის მხრიდან ჯერ არ გვინახავს
დამაჯერებელი სურვილი ერთმანეთთან თანამშრომლობის. ჯერჯერობით ეს
გაერთიანებები არ არის მისული იმ დონეზე, რომ ამომრჩევლებმა, რომლებიც
მაინცადამაინც არ აიგივებენ არსებულ პარტიებს საკუთარ ინტერესებთან,
სურვილი გაუჩნდეთ მათ მისცენ ხმა. ოპოზიცია აქტიურად უნდა მუშაობდეს
იმ ხალხის მოსაზიდად, რომელიც აქამდე არ მონაწილეობდა არჩევნებში. ეს
არის ახალგაზრდები, "გადაუწყვეტელი" მოქალაქეები. დღეს მათ უნდა
აჩვენონ ასეთ ამომრჩევლებს, რომ ისინი ხმას აძლევენ საქართველოს
დაბრუნებას ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზაზე. მეხრობიან
დასავლეთთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას, კონკრეტულად
2030 წელს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. ეს ჩემი აზრით ჯერ
არ მომხდარა. დრო ცოტა რჩება, მოქალაქეებმა უნდა დაინახონ, რომ
მთავარი მამოძრავებელი ოპოზიციურ პარტიებში არის არა ის, ვინ რამდენ
ადგილს გაინაწილებს პარლამენტში, არამედ იმის გააზრება, რომ
საქართველო არის გადასარჩენი, მისი თავისუფლება და მისი უსაფრთხოება
არის გადასარჩენი ამ ოქტომბრის არჩევნებში.
მასალის გამოყენების პირობები