ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის ნაპირას.
ხონის ტერიტორიაზე ნაპოვნია გვიან ბრიჯაოს ხანის ნამოსახლარი, თუმცა აქ მუდმივი დასახლება ფეოდალურ ხანაში აღმოცენდა. დასახლება ხონის ეკლესიის გარშენო გაჩნდა. ეკლესია დიდი ზომის ბაზილიკური, სამნავიანი, უგუმბათო ნაგებობაა. მისი აშენების თარიღად VIII საუკუნე ითვლება. 1529 წელს ხონი გახდა საეპისკოპოსო ცენტრი, რამაც ხელი შეუწყო მის ტერიტორიულ ზრდასა და სამეურნეო-ეკონომიკურ აღმასვლას. ხონში ნაპოვნია "კოლხური თეთრის" 1270 მონეტა, ასევე ბიზანტიური და თურქული მონეტები. XVIII ს-ში ხონი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს.
რუსეთის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობისა და რუსული მმართველობის პერიოდში ხონი გახდა ვაკის მაზრის ცენტრი. 1846 წლიდან ქუთაისის გუბერნიის შექმნის შემდეგ ხონი ქუთაისის მაზრაში შედიოდა. 70–იანი წლიდან იგი იყო საპოლიციო უბნის ცენტრი.
ხონი განსაკუთრებით განვითარდა XIX საუკუნეში. 20-30 იან წლებში ის უკვე მჭიდროდ დასახლებული პუნქტი იყო. 50- იან წლებში აქ გაიხსნა თამბაქოს ბაზრობა. 1865 წელს ხონში პირველი თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. 1907 წელს ჩამოყალიბდა თეატრალური დასი. ხონში ჩამოყალიბდა პირველი სასულე ორკესტრი საქართველოში 1890 წელს. XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაბა ხონი ქუთაისის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი იყო იმერეთში. პარასკეობით იმართებოდა დიდი ბაზრობა. გამართული იყო წყლის ძრავაზე მოქმედი ხე-ტყის და საფეიქრო ფაბრიკები, მოქმედებდა აგურ-კრამიტის ქარხანა, აღმავალი გზით ვითარდებოდა მეაბრეშუმეობა. ხონი იყო საქართველოში აბრეშუმის ძაფისა და ნართის დამზადების უმსხვილესი ცენტრი. ხონი ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. 1936-1989 წლებში წულუკიძე ერქვა.
ისტორიული ნაგებობებიდან შემორჩენილია წმინდა გიორგის ეკლესია (VIII-IX საუკუნეები) და სამასწავლებლო სემინარია (1881 წ.)
როგორ გამოიყურება ხონი დღეს, ნახეთ ფოტო:
მასალის გამოყენების პირობები