თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში, ყოფილი სამხედრო ბაზის
ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები 2016 წლის მარტიდან
მიმდინარეობს.
მას ბრიტანული ჰუმანიტარული განაღმვის ორგანიზაცია "The HALO Trust"
ახორციელებს, რომელმაც ამავე ადგილზე საჩვენებელი და გაცნობითი
ხასიათის შეხვედრა გამართა.
მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის იაპონიის ელჩი ტოშიო კაიტანი, ასევე
ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებიც იყვნენ,
საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ განაღმვითი სამუშაოების მიმდინარე
პროცესებს და დასწრებოდნენ მორიგი ნაღმის აფეთქებას.
ბრიტანული ორგანიზაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, იაპონია
აშშ-სთან ერთად ის ქვეყნებია, რომლებიც ადამიანთა უსაფრთხოების
საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მსგავს პროექტებს "The HALO Trust"-ის
მეშვეობით ახორციელებენ.
"როგორც ამერიკა და ევროპის ქვეყნები, ასევე იაპონიაც საქართველოს
მეგობარი ქვეყანაა. იაპონია და იაპონელი ხალხი მთელი გულით ისურვებენ,
რომ საქართველოში ყველამ იცხოვროს უსაფრთხოდ და ბედნიერად. არასდროს
არავინ დაიღუპოს ან დაშვდეს ნაღმითა თუ ომის ფეთქებადი ნარჩენებით,
ამიტომ იაპონია 2010 წლიდან, აშშ–სა და საქართველოს მთავრობის
მხარდაჭერით, ახორციელებს მსგავს პროექტებს "The HALO Trust"-ის
მეშვეობით. ამისთვის იაპონიის მიერ გამოყოფილი იყო 4 მილიონამდე აშშ
დოლარი," - აღნიშნა საქართველოში იაპონიის ელჩმა, ტოშიო კაიტანიმ.
ჭოგნარის
ყოფილი სამხედრო ბაზა საქართველოს სამოქალაქო ომის დროს დაინაღმა.
აქვე მიმდინარეობდა უკონტროლო აფეთქებები, რამაც გამოიწვია ტერიტორიის
აუფეთქებელი საბრძოლო მასალით დაბინძურება. 1991 წლიდან ბაზა
მიტოვებული იყო და საფრთხეს უქმნიდა 4 500-ზე მეტ ადგილობრივ
მაცხოვრებელს, რომლებიც ტერიტორიას საქონლის საძოვრებისთვის
იყენებდნენ.
ჭოგნარის ყოფილ სამხედრო ბაზაზე გასულ წლებში აფეთქების 5 ინციდენტი
დაფიქსირდა, რასაც მსხვერპლი და მოქალაქეთა ფიზიკური დაზიანება
მოჰყვა.
2016 წლის 10 მარტს ორგანიზაციამ "The HALO Trust" საქართველოში
ჰუმანიტარული განაღმვითი და აუფეთქებელი საბრძოლო მასალის
განადგურების სამუშაოების საწარმოებლად, იაპონიის მთავრობისა და აშშ-ს
სახელმწიფო დეპარტამენტისაგან სულ 860 474 აშშ დოლარის გრანტი
მიიღო.
"ამ დრომდე ჭოგნარის ყოფილ ე.წ. რუსულ სამხედრო ბაზაზე აღმოჩენილია 11
ნაღმი და რვა ცალი ფეთქებადი საბრძოლო მასალა. მთლიანად გასაწმენდია
მილიონი კვ.მ ტერიტორიის, როგორც ზედაპირული, ასევე ქვედაპირული
ნაწილი", - აღნიშნა ბრიტანული ორგანიზაციი პროგრამის მენეჯერმა
საქართველოში, ირაკლი ჭითანავამ.
"The HALO Trust"–ის წარმომადგენლეთა ინფორმაციით,
ჭოგნარის ყოფილ სამხედრო ბაზაზე განაღმვითი სამუშაოები მომდევნო წლის
თებერვალში უნდა დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები