პოლიტიკა
ბაღდათის გზებზე გამქრალი მილიონები - ნაწილი პირველი
FaceBook
ბაღდათში საქალაქო გზების რეაბილიტაციისთვის ორჯერ ჩავარდნილი ტენდერის და საგზაო სამუშაოების 2 წლით გაჭიანურებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაცია მუნიციპალიტეტს ადანაშულებს. ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც შემდგომში დაჯარიმებული იქნა, მუნიციპალიტეტსა და პარლამენტში ლობირებდნენ. ოპოზიციის ბრალდებას ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატიც და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც აბსურდულს უწოდებენ.

2013 წლის 24 ივნისს ბაღდათის მუნიციპალიტეტმა შიდა საქალაქო გზების ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის ტენდერი (SPA130013708) გამოაცხადა. ამავე ტენდერით უნდა მომხდარიყო სოფელ მეორე ობჩაში საბუკიის უბნიდან საჯარო სკოლამდე არსებული საუბნო გზის რეაბილიტაციაც.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სულ ბაღდათში 18 ქუჩის გზის რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო. სამუშაოების შესრულება 2 132 380 ლარად იყო შეფასებული.
აღნიშნული ტენდერით 4 კომპანია დაინტერესდა - შპს "ტ და გ", შპს "საქმილსანემშენი", "ტერექსი-XXI" და "მშენ-გროუფი". ამ უკანასკნელმა მუნიციპალიტეტს სხვა პრეტენდენტებთან შედარებით დაბალი ფასი (1 654 999 ლარი) შესთავაზა. თუმცა, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიეცა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება (#69, 16.08.2013) მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს, შპს "ტერექსი-XXI"-ს გაუფორმა. "ტერექსმა" სამუშაოების შესრულებაში "მშენ-გრუპზე" ერთი ლარით მეტი, 1 655 000 ლარი მოითხოვა.

"ტერექსს", როგორც ტენდერში გამარჯვებულს, ბაღდათის შიდა საქალაქო გზების სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში, ხოლო ობჩის საუბნო გზის - 1 თვეში უნდა დაესრულებინა.

კომპანიას ავანსის სახით მუნიციპალიტეტისგან 519 000 ლარის ოდენობის თანხა გადაეცა. "ტერექსმა" მხოლოდ მეორე ობჩის საჯარო სკოლამდე არსებული საუბნო გზის საწყისი სამუშაოები შეასრულა, რაზეც 171 000 ლარი დაიხარჯა. ბაღდათში კი არც ერთი ქუჩის რეაბილიტაცია არ მოხდა, რის გამოც მუნიციპალიტეტმა ტენდერი 2013 წლის 6 დეკემბერს ტენდერი მეორედ გამოაცხადა. (SPA130026863 ) ამჯერად მისი ღირებულება 1 855 660 ლარს შეადგენდა.

მეორე ტენდერით შპს "საქმილსადენმშენი", "არალი" და სს "ერღოკატ მაკედონია ა.ტ.ე.ვ.ე-ს საქართველოს ფილიალი" დაინტერესდნენ. გამარჯვებულად სწორედ ეს უკანასკნელი გამოვლინდა, რომელმაც სამუშაოებში 1 670 001 ლარი მოითხოვა. კომპანიას ვალდებულება ეკისრებოდა სამუშაოები 2014 წლის 31 მაისამდე განეხორციელებინა. თუმცა, კომპანიამ სამუშაოები ნაწილობრივ შეასრულა.
XXX
ბაღდათის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გიორგი რობაქიძე ამბობს, რომ ჩავარდნილი სამუშაოების გამო, ადგილობრივმა მთავრობამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა და სასამართლოს მიმართა. თუმცა, ის უკმაყოფილებას იმის გამო გამოთქვამს, რომ "ტერექსს" მთლიანი ქონებიდან მხოლოდ მარნეულში, მის საკუთრებაში არსებული 2 ჰა მიწის ნაკვეთი დაუყადაღეს.

"ეს იმიტომ, რომ ამ კომპანიას ლობისტები პარლამენტში ჰყავდა და ახლაც ჰყავს", - განმრტავს გიორგი რობაქიძე.

ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კიკნაველიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ და ჩაშლილ ტენდერებში არ ერეოდა. თუმცა, მისივე თქმით, იურიდიულ კონსულტაციას უწევდა. დეპუტატი ირწმუნება, რომ კომპანიას პარლამენტში ლობისტები არ ჰყოლია.

"მე არ ვიცი რანაირად უნდა ლობირებდნენ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას პარალამენტში. არ არსებობს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას შეცვლის", - განმარტავს პაატა კიკნაველიძე.

"ქუთაისიპოსტის" მიერ მოკვლეული ინფორმაციით ირკვევა, რომ "ტერექსი-XXI"-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას ბაღდათის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე, გიორგი რობაქიძე აწერს ხელს, რაც მან ჩვენთან საუბარში არ გაამხილა.

პირველი ხელშეკრულების მსავსად, მეორე ხელშეკრულებასაც (#17, 18.02.2014) ("ერღოკატ მაკედონიასა" და ბაღდათის მუნიციპალიტეტს შორის) ხელს მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი რობაქიძე აწერს.

როგორც გაირკვა, 2014 წლამდე მოქმედი თვითმმართველობის შესახებ კანონი რობაქიძეს უფლებამოსილებას აძლევდა ორივე შემთხვევაში სატენდერო ხელშეკრულებაზე მას მოეწერა ხელი და არა მუნიციპალიტეტის გამგებელს. 2014 წლის 5 თებერვალს მიღებული თვითმმართველობის ახალი კოდექსი კი მსგავსი ხელმოწერებისგან საკრებულოს თავმჯდომარეს ათავისუფლებს.

ბაღდათის საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე, ირაკლი გეგეშიძე ყოფილი თავმჯდომარის აზრს, რომ ბაღდათის ახლანდელ თვითმმართველობას აღნიშნულ ტენდერებთან რაიმე კავშირი აქვს უარყოფს. მისი აზრით, ორივე ტენდერი არაკომპეტენტურობის გამო ჩაიშალა.

"თავად იყო მაშინ ხელისუფლებაში. საკუთარი თავის წინააღმდეგ თვითონვე გამოდის," - ამბობს გეგეშიძე.

საბოლოოდ, ბაღდათში შიდა გზების სამუშაოები მესამედ გამოცხადებული ტენდერის შედეგად 2014 წლის ბოლოს დასრულდა. სამუშაოები შპს "ბორანმა" და შპს "ქვენიფნელმა" დაასრულეს.
XXX
ბაღდათის მუნიციპალიტეტის შიდა გზების ტენდერში გამარჯვებული შპს "ტერექსი-XXI" საგზაო სამუშაოებს ტყიბულსა და წყალტუბოშიც აწარმოებდა. იმერეთის ყოფილ გუბერნატორთან, ზაზა მეფარიშვილთან შეხვედრაზე კომპანია შესრულებული სამუშაოების უხარისხობაში ტყიბულის მაჟორიტარმა, ელისო ჩაფიძემ დაადანაშაულა. დეპუტატი საგამოძიებო უწყებებს "ტერექსი-XXI"-ის საქმიანობით და სატენდერო კომისიასთან მისი ფარული გარიგებებით დაინტერესებისკენ მოუწოდებდა.

ვინ დგას ტენდერში გამარჯვებული კომპანიების უკან და სად გადის ფარული გარიგებების კვალი, რომელზედაც პარლამენტის დეპუტატი საუბრობს? - ნახეთ მეორე ნაწილში, კვირას ქუთაისიპოსტზე.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.