პოლიტიკა
გარემო, რომელიც კლავს (ვიდეო)
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ონკოლოგიური დიაგნოზი სულ უფრო გახშირდა, მოსახლეობა ამ ფაქტს მანგანუმის სამთო–მოპოვებითი სამუშაოების შედეგად დაბინძურებულ გარემოს უკავშირებს.
ადგილობრივი მთავრობა მათ ვერაფერს სთავაზობს. ცენტრალურმა კი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი", რომელიც ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამთო მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს, 2013–2016 წლებში გარემოზე მიყენებული მავნე ზემოქმედებისთვის 357 282 133, 52 ლარით დააჯარიმა.

არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებების დროული განხორციელებისკენ მოუწოდებს.

მუნიციპალიტეტის მოსახლეობა კი ერთადერთ გამოსავალს მიგრაციაში ხედავს და გადათხრილ სოფლებს მასობრივად ტოვებს.

სოფლის "დაავადება"

ჭიათურის სოფელ, რგანში ადგილობრივების თქმით, სიმსივნით დაავადებულთა რიცხვმა ბოლო 10 წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა.

51 წლის ფატი სხირტლაძე ერთ–ერთია, ვისაც გასულ წელს ლიმფური ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს.

ის ავადმყოფობას სოფლის ტერიტორიაზე მანგანუმის მადნის ღია კაირიერული წესით მოპოვებას უკავშირებს.




მავნებელი გარემო

ალერგია, ბრონქიტი, ჩიყვი, ლეიკემია და სხვა სიმსივნური დაავადებები – ჭიათურაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

სოფელ რგანში ზუსტად არ იციან რამდენ ადამიანს აქვს სიმსივნე, თუმცა იციან, რომ ბოლო წლებში სიკვდილიანობის მიზეზი, სწორედ ეს მძიმე დიაგნოზი გახდა.

ადგილობრივების თქმით, იმუნური სისტემის ფუნქციის გაუარესებას ჰაერში მანგანუმის ორჟანგის შემცველობა იწვევს.

დათიკო მაჭარაშვილი 77 წლისაა. მას ზაფხულში 18 წლის შვილიშვილი ლეიკემიით დაეღუპა. ამიტომაც, მოხუცის სატკივარი სოფლის ახალგაზრდობაა, რომლებსაც მძიმე დაავადება უფრო ადვილად ერევა და ხშირ შემთხვევაში, ფატალური შედეგით სრულდება.

"ყველა ავად ვართ, დიდიც და პატარაც. ეგ მტვერი და დაბინძურებაა მთავარი. ასაკს ადამიანები აქ ვერ აღწევენ. აი, კიდევ ერთი ახალგაზრდა მეზობელი დღე–დღეზეა გადადებული. ზაფხულობით მწვავდება ავადმყოფობა, თითქმის ყოველ ზაფხულს ასეა," – ამბობს დათიკო მაჭარაშვილი.

"მოწამლულ წყალს რომ დალევ კუჭ–ნაწლავს დაგიავადებს, მოწამლული ჰაერი გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედებს. გამოხვალ და სუფთა ჰაერს ვერ ვსუნთქავთ. ჰაერის უკმარისობით იგუდება ადამიანი. სიმსივნით და გულ–სისხლძარღვთა დაავადებით დასნეულებული ამ სოფელში რომაა, არსადაა," – აღნიშნავს სოფლის მკვიდრი, ნორა ცუცქირიძე.

თაბაგრებში გვითხრეს, რომ 2016 წელს აქ მძიმე სენით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, შვიდი თანასოფლელი კი ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის.

ჭიათურის სოფლებში მოსახლეობა, ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად, საავადმყოფოს არარსებობას უჩივის.

სამედიცინო გამოკვლევებისთვის ადგილობრივები ზესტაფონის, საჩხერის ან დედაქალაქის კლინკებს მიმართავენ.

"ამხელა რაიონს ერთი საავადმყოფო არ უნდა ჰქონდეს? ექიმი ჩვენთვის არაა და წამალი,"– ამბობს რგანელი დათიკო მაჭარაშვილი.

მაღაროში დასაქმებულებს მკურნალობისა და საოპერაციო თანხას "ჯორჯიან მანგანეზი" 70%–ით უნაზღაურებს. თუმცა, ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში, ქიმიოთერაპიის ხარჯების გაღება თავად უწევთ.

საფრთხის შემცველი ჰაერი

ქალაქის მცხოვრებლებს მდინარე ყვირილას ნამდვილი ფერი აღარ ახსოვთ. ის ახლა შავია და საშიში.

მიმდინარე წლის ივლისში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მუნიციპალიტეტში ატმოსფერული ჰაერისა და წყლის, ხოლო გასულ წელს ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგი ჩაატარა.

შედეგებმა აჩვენა, რომ მდინარე ყვირილაში შეწონილი ნაწილაკების რაოდენობა 148 მგ/ლ შეადგენს, რაც ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას 2,4–ჯერ აღემატება, ხოლო ნიადაგში მანგანუმის შემცველობა ნორმაზე 26–ჯერ მეტია.

მაშინ როდესაც, ნიადაგში მანგანუმის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია 700 მგ/კგ უნდა იყოს, ჭიათურის გამგეობასთან, მონიტორინგის შედეგებით, 18 327,47 მგ/კგ ფიქსირდება, ხოლო მღვიმევის გადასახვევთან – 5 854, 02 მგ/კგ. პირველ ადგილზე მანგანუმის რაოდენობა ნორმას 17 627,47 მგ/კგ–ით, მეორეგან კი 5 154,2 მგ/კგ–ით აღემატება.

კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერში ნახშირჟანგის CO შემცველობა 1,5841 მგ/მ3 შეადგენს, თუმცა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია 3,0 მგ/მ3–ია.

რაც შეეხება ქალაქში ჰაერში სხვადასხვა მძიმე მეტალებისგან წარმოქმნილი მტვრის შემცველობას, რომელიც და PM10 და PM2,5 მიკრონის ზომისაა, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტში, ეს გრაფა ცარიელია.



წერეთლის უნივერისტეტის გარემოს დაცვის ინჟინერიის პროფესორი, ციცინო თურქაძე, ჭიათურაში კარიერების გათხრის შედეგად, შესაძლო მომატებულ რადიაციულ ფონზე საუბრობს. თუმცა, მისი თქმით, ხარისხის კონტროლის კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანი ჰაერში მტვერის თვალით უხილავი PM10 და PM2,5 მიკრონის ნაწილაკების რაოდენობის განსაზღვრაა.

"გასათვალისწინებელია არა მარტო დამტვერიანება, არამედ რამდენად იმატებს რადიაციული ფონი. თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია დამტვერიანება და მტვერში წარმოდგენილი სხვადასხვა მძიმე მეტალები მანგანუმი, ტყვია, დარიშხანი, კადმიუმი. სამწუხაროდ, საქართველოში ამ ნაწილაკების მონიტორინგი არ ხორციელდება, მაშინ როცა ყველა წამყვან ქვეყნებში მათზე კონტროლი დიდია, რადგან ჰაერის ხარისხის პირველი მაჩვენებელი, სწორედ მათი შემცველობაა," – ამბობს ციცინო თურქაძე.

მისივე თქმით, პირველი კლასის ტოქსიკური PM10 და PM2,5 მიკრონის მტვრის ნაწილაკები თვალით უხილავია, მაგრამ ორგანიზმში სასუნთქი გზებით ხვდება, იჭედებია ბრონქებში და სისხლში გადადის.

მედიკოსების განმარტებით, ამ ნაერთების უარყოფითი ზეგავლენა არა მხოლოდ ზრდასრულებზე, არამედ ბავშვებზე და ემბრიონზეც აისახება.

"ორსული ქალების მიერ დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთვა სერიოზული კარდიო–ანატომიური ანომალიებით დაბადების ალბათობას ზრდის. მაგალითად, როდესაც ნახშირორჟანგი დიდი რაოდენობით ხვდება ატმოსფეროში, ის ნაყოფს დიდ ზიანს აყენებს, მით უფრო, რომ ორსულობის 3–6 თვემდე პერიოდი გულის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. რაც უფრო მაღალია ჰაერში ამ ნაერთის რაოდენობა, მით უფრო დიდია ბავშვებში კარდიალური ანომალიის საშიშროება," – განმარტავს ექიმი–გინეკოლოგი, სოფიო თურქაძე.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში თანდაყოლილი ანომალიების 2 869, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების კი 9 598 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1 151 მხოლოდ იმერეთის რეგიონზე მოდის. უწყებაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის სტატისტიკა ხელმისაწვდომი 2017 წელს იქნება.

მადნით მდიდარი ღარიბი სოფლები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში 32 000 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ქალაქში 12 800.

ყველაზე მეტი ადგილობრივი "ჯორჯიან მანგანეზშია" დასაქმებული. დღეისათვის კომპანიაში 3 700 ადამიანია მუშაობს, რომელთა საშუალო ხელფასი 700 ლარს შეადგენს.

ამ მიზეზის გამო ჭიათურის გამგეობაში "ჯორჯიან მანგანეზისთვის" ჯარიმების ზრდა და საწარმოს საქმიანობის შეჩერება არ სურთ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ ყველაფერს რეგიონის სტაგნაცია მოყვება.

"აქ არის მეორე მხარე. ამ ხალხის უკან ოჯახები და მათი მატერიალური უზრუნველყოფის საკითხი დგას," – ამბობს ჭიათურის გამგებლის მოადგილე, ლალი კაპანაძე.

მისივე განმარტებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი კერძო ინვესტორის საქმიანობაში ვერ ერევა, ამიტომაც გლობალურ მიდგომაზე და სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლაზე საუბრობს.

"საწარმომ უნდა შეეცადოს ეტაპობრივად შეასრულოს ყველა ვალდებულება სასურველი იქნება შემოსავალი, რაც აქვთ მათ, კიდევ უფრო მეტად აისახოს ჩვენს ბიუჯეტზე. ამხელა სიმდიდრის მფლობელები ვართ, მაგრამ ეს მოსახლეობის ცხოვრების დონეს არ ეტყობა," – ამბობს ლალი კაპანაძე.

ამ დროისთვის "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურაში ერთადერთი მსხვილი გადამხდელია. გამგეობაში განმარტავენ, რომ კომპანიამ გასულ წელს ქალაქის ბიუჯეტში 3 600 000 ლარი შეიტანა, ხოლო მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებით 1 250 000–ზე მეტი ლარი აქვს გადახდილი.

მიმდინარე წლის ჭიათურის ბიუჯეტი 11 582 000 ლარით განისაზღვრა, საიდანაც 850 000 ლარი სოციალურ პროგრამებზე იხარჯება.

მადნის მოპოვება

შპს "ჯორჯიან მანგანეზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ზაქარია ზალიკაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჭიათურის სოფლებში ამჟამად სამთო მოპოვებით სამუშაოებს კომპანიის 3 კონტრაქტორი და 40–მდე მოქმედი ქვეკონტრაქტორი ე.წ. კოპერატორები აწარმოებენ.

ისინი რგანში მადანს ყველგან ეძებენ – ტყის პირას, ფერდობებზე, მინდვრებზე, მოსახლეების ეზოებში და ნასახლარებში. ადგილობრივების თქმით, დიდი ხნის მიტოვებული კარიერებიც თავიდან გადათხარეს.

"სულ ჩიჩქნიან. ნუთუ არ შეიძლება მათი მოსპობა," – ამბობს რგანში მცხოვრები, დათიკო მაჭარაშვილი.

სოფელში იხსენებენ, რომ საბჭოთა პერიოდში სამუშაოების ინტენსივობა ახლანდელს არ ჩამორჩებოდა. თუმცა, იმ დროს ნედლი მადანი ქალაქში საბაგიროთი გადაჰქონდათ, რა დროსაც ჰაერში მანგანუმის გაფრქვევა მინიმუმამდე მცირდებოდა.

რგანის მაღაროში საბაგირო საბჭოეთის დაშლის შემდეგ უმოქმედოა.



"ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელი, ზაქარია ზალიკაშვილის ინფორმაციით, ჭიათურაში კომპანიის ბალანსზე სულ ცამეტი საბაგირო მარშუტი ირიცხება – მათ შორის ექვსი სატვირთოა, რომელთაგან მხოლოდ ოთხო მოქმედებს, შვიდი კი სამგზავროა და ადგილობრივებს უფასოდ ემსახურება.

ზალიკაშვილი განმარტავს, რომ რგანიდან სატვირთო მანქანებით მადნის გამოტანა, სოფლის გეოგრაფიული სპეციფიკიდან გამომდინარე ხდება.

რგანის კარიერებიდან ამოღებული მიწა ჭიათურის გამამდიდრებელ ფაბრიკაში ღია ძარიანი მანქანებით გადააქვთ. ტრანსპორტირებისას მადნის მტვერი არა მხოლოდ ჰაერში იფრქვევა, არამედ ნიადაგს და გრუნტის წყლებსაც ერევა.



არასამთავრობო ორგანიზაცია "ჭიათურელთა კავშირში" განმარტავენ, რომ ე.წ კოოპერატორები მადნის მოპოვებას წესების დარღვევით აწარმოებენ.

"მეწარმეები, რომლებიც ბოლო ხანებში შემოვიდნენ, სამუშაოების შემდეგ ორმოებს ტოვებენ, სადაც წვიმის დროს წყალი დგება. ხშირია საქონლისა და ადამიანის ჩავარდნის შემთხვევები. მეორე საკითხი ისაა, რომ არ ხდება რეკულტივაცია, რომელსაც თავისი წესები აქვს. ნიადაგის მოსწორება რეკულტივაცია არაა," – ამბობს ორგზანიზაციის ხელმძღვანელი, შოთა გაფრინდაშვილი.

რეკულტივაციის წესებზე საუბრობს სოფელ რგანის საჯარო სკოლის პედაგოგი, ია ცერცვაძე. მისი განმარტებით, კარიერის გახსნამდე ნაყოფიერი ნიადაგის ფენა ერთ ადგილზე უნდა გროვდებოდეს, მანგანუმის მადნის ამოღების შემდეგ კი ტერიტორია უნდა მოსწორდეს, რომელსაც დასაწყობებული ნიადაგი გადაეყრება.

"აქ ასე არ ხდება. ქაოსურად ყრიან ნიადაგსაც და დედაქანსაც, გასწორებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. დაახლოებით 100 წელი უნდა, რომ ნაყოფიერი ნიადაგი ისევ წარმოიქმნას," – ამბობს ია ცერცვაძე.

საპირისპირო მონაცემებს გვაწვდის შპს "ჯორჯიან მანგანეზი". კომპანიის საზგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ზაქარია ზალიკაშვილის ცნობით, 10 წლიანი გეგმით 90 ჰა ტერიტორიის რეკულტივაცია აქვთ გაწერილი, ამ დროისთვის კი 16 ჰექტარზე მეტია რეკულტივირებული და დარგულია 20 000-მდე ხის ნერგი. როგორც ამბობენ, ამ საქმიანობას 2013 წლიდან წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ახორციელებენ.

თუმცა, "ჯორჯიან მანგანეზი", წესების დარღვევით სამუშაოების შესრულების გამო, 2013-2016 წლებში გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 357 282 133,52 ლარით დააჯარიმა.

აქედან, 30 799 860 ლარი იმისთვის, რომ არ მოხდა საწარმოო ნარჩენების ლოკალური გამწმენდების მოწყობა და დაბინძურებული წყლები გაუწმენდავად ჩაედინება მდინარე ყვირილაში, რგანის მაღაროს კონტურში შემავალ სახელმწიფო ტყის ფონდში, 2,3 ჰექტარზე ხე–ტყის უკანონო ჭრისთვის 158 832 ლარი, სოფლებში – პერევი, რგანი, ითხვისსა და ზედა ითხვისში მიწის დეგრადაციისთვის - 2 079 582 ლარი, ხოლო დარჩენილი 324 326 434 ლარი მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონო მოხსნის, ნიადაგის დეგრადაციის და მდინარის დაბინძურების ფაქტებისთვის.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ზაქარია ზალიკაშვილი უწყების მიერ ინვესტორის დაჯარიმებას "აბსურდის თეატრს" უწოდებს. ამასთანავე, ამბობს, რომ "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელობამ ფინანსური სანქციების შესახებ მედიისგან შეიტყო, რადგან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პირდაპირ პროკურატურას მიმართა. კომპანიამ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

გარემოზე ზემოქმედების ნებართვით დადგენილი პირობების შესრულებისთვის დაწესებული "გონივრული ვადა" "ჯორჯიან მანგანეზს" 2013–2016 წლებში 4-ჯერ გადაუვადდა. გარემოს დაცვის მინისტრის ბოლო დადგენილებით, კომპანიას პირობების შესასრულებლად დრო 2017 წლის 31 დეკემბრამდე განესაზღვრა.

ვიდრე "ჯორჯიან მანგანეზი" დაკისრებულ ჯარიმებს "გონივრულ ვადებში" გონივრულად გადაიხდის, რგანელებს და თაბაგრელებს მომავლის შიში აწუხებთ. მათი აზრით, სამთო მოპოვებითი სამუშაოების ასეთი რეჟიმით გაგრძელება, მოსახლეობას და გრემოს უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს.



"ასე თუ გაგრძელდა 5–10 წელიწადში სოფლები დაიცლება, ხალხი აღარ დარჩება. ამ მადანს გაუტანელს არავინ დატოვებს, მაგრამ ხელშეკრულება უნდა დადონ, რომ ვინმემ გზაზე, წყალზე, ჰაერზე და განაშენიანებაზე იფიქროს. რაღაც სამაგიერო უნდა რჩებოდეს სოფელს, ამას ვითხოვთ," – აცხადებენ ადგილობრივები.


ლიცენზიანტი კომპანია

საჯარო რეესტრის მონაცემებით "ჯორჯიან მანგანეზი" 2006 წლის 7 სექტემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%–იანი წილის მფლობელი "ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი" გახლავთ. მისი მმართველი ორგანო სამეთვალყურეო საბჭოა, რომლის ხელმძღვანელი აშშ მოქალაქე მორდეხაი კოფია. კომპანიის დირექტორი კი უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ლოზინსკია.

"ჯორჯიან მანგანეზის" ოფიციალური ვებ–გბერდზე მითითებულია, რომ ის საქართველოში 7 მაღაროსა და 8 კარიერზე რეგულარული და მაღალი კლასის სილიკომანგანუმს აწარმოებს. პირველში მანგანუმის შემცველობა 65–68%–ია, მეორეში კი 72%.

"ჯორჯიან მანგანეზმა" ჭიათურისა და საჩხერის 16 430 ჰა ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების უფლება 2006 წლის 19 დეკემბერის ლიცენზიის (#00414) საფუძველზე, 40 წლის ვადით მოიპოვა. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტის თანახმად, კომპანიას 2007 წელს 350 000 ტონა მადნის, ხოლო ყოველ მომდევნო წელს, მინიმუმ 400 000 ტონა მადნის მოპოვება განესაზღვრა.
ამასთანავე, წელიწადში მინიმუმ 200 000 ტონა მანგანუმის კონცენტრატის საქართველოში გადაამუშავების უფლება მიიღო.

ხსენებული ლიცენზია, გაცემიდან ორი წლის შემდეგ გაუქმდა. ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით, კომპანიამ ახალი ლიცენზია (#100330) 2008 წლის 3 დეკემბერს მიიღო, რომლის თანახმად მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა გაიზარდა.

"ჯორჯიან მანგანეზს" 2008–2011 წლებში 1 600 000 ტონა მადნის კონცენტრატის წარმოების უფლება მიეცა, რაც წინა ლიცენზიის მიერ განსაზღვრულზე 450 000 ტონით მეტია.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მთავარი სახელწიფო ინსპექტორის, ნელი კორკოტაძის განმარტებით, 2012 წლამდე ლიცენზიები უპირობოდ გაიცემოდა და მხოლოდ ინვესტორების მოთხოვნის შესაბამისად იცვლებოდა. თუმცა, ამჟამად ამ კუთხით ვითარება იცვლება.

გარემოს დამცველი სახელმწიფო
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ სახელმწიფო გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გაუმჯობესების ვალდებულების წინაშე დააყენა.

ამ მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესუსების დაცვის სამინისტროში, უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, ორი წელია ახალ, "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსზე" (გზშ) მუშაობენ, რომლის დანერგვა 2017 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მოხდეს.

უწყების პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველოს უფროსი, ნინო თანდილაშვილი განმარტავს, რომ ახალი კოდექსი საერთაშორისო კანონდებლობასთან თანხვედრაში იქნება.

"ეს არის გაცილებით უფრო დალაგებული და გამართული კანონი, ვიდრე დღესაა. იგი აბსოლუტურ შესაბამისობაშია იმ სტანდარტებთან, რასაც ინვესტორებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები სთხოვენ. გამოდის, ორი გზშ დოკუმენტის ნაცვლად, ინვესტორს ერთის წარმოდგენა მოუწევს, რითაც დაკმაყოფილებული იქნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებიც და ეროვნული კანონმდებლობაც. ამით მათ, ვალდებულებების შესახებ წინასწარ ეცოდინებათ. კანონი მაქსიმალურად ითვალისწინებს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების დადებით კონტექსტში გადაჭრას," – ამბობს ნინო თანდილაშვილი და იმ დადებით მხარეებზე მიანიშნებს, რაც კოდექსის ამოქმედებას მოყვება.

მისივე განმარტებით, თუკი აქამდე ინვესტორები პროექტის განხორციელებაზე ნებართვას უპირობოდ იღებდნენ, მათთვის უკვე გარემოს დაცვის სამინისტროსგან თანხმობის მიღება აუცილებლობას წარმოადგენს.

თავის მხრივ, უწყება მას შემდეგ მიიღებს ნებართვის გაცემის გადაწყვეტილებას, რაც ინვესტორისთვის წინასწარ ჩაატარებს კვლევებს, დეტალურად შეისწავლის ამა თუ იმ რეგიონში მის მიერ მოთხოვნილ სამუშაოებს და ადრეულ ეტაპზევე შეატყობინებს იმ რისკების შესახებ, რაც შესაძლოა, ინვესტორის საქმიანობის განხორციელებას მოჰყვეს.

ნინო თანდილაშვილი ახალი კოდექსის მნიშვნელოვან ნაწილად გადაწყვეტილების მიღების ადრეულ ეტაპზე საზოგადოების ჩართულობას მიიჩნევს.

"სამინისტრო ვალდებული ხდება პროექტების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას და ყველა დაინტერესებულ პირს შეატყობინოს. ასევე, ინფორმაცია განათავსოს არა მხოლოდ ადგილობრივ გაზეთში, არამედ განსაკუთრებული თავშეყრის ადგილებში და ჩართოს საზოგადოება საჯარო განხილვებში. ამით მოსახლეობას ადრეულ ეტაპზევე შეუძლია გამოხატოს პროტესტი ან დადებითი შეფასება, რის შემდეგაც უწყება იღებს გადაწყვეტილებას, მისცეს თუ არა ინვესტორს პროექტის განხორციელების უფლება. თუკი სამინისტროსთვის თავიდანვე ცნობილი იქნება, რომ პროექტი ფატალური შედეგის მომტანია, მას შესაძლებლობა ექნება თავიდანვე უარი უთხრას ან რისკების შესახებ წინასწარ აცნობოს ინვესტორს," – განმარტავს ის.

თუმცა, გარემოს დაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, საკანონმდებლო სიახლე "ჯორჯიან მანგანეზსა" და უკვე მოქმედ ლიცენზიანტებს არ შეეხებათ. ნინო თანდილაშვილის ცნობით, მათ შესასრულებლად დამატებითი ვალდებულებები დაუწესდებათ.

რეგულაციებისა და მოთხოვნების გამკაცრებამდე კი ჭიათურაში ეკოლოგიური და ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე რთულდება.

ეკოლოგიური კატასტროფა – პროგნოზი და რეკომენდაციები

2014 წლიდან საქართველოში პასუხისმგებლიანი სამთო–მოპოვებითი მრეწველობის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს "კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი" (CENN).

ორგანიზაცია, ჩატარებული კვლევების საფუძველზე ასკვნის, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ჭიათურის პლატოზე მანგანუმის მადნის მოპოვება-გადამუშავება გარემოსა და წიაღის დაცვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების აშკარა უგულვებელყოფით მიმდინარეობს.

CENN–ის ექსპერტების დასკვნით, მანგანუმის მადნის მოპოვება-გადამუშავების სექტორში ამჟამად არსებული პრობლემები დროულად უნდა მოგვარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორის მნიშვნელოვან ნაწილზე, ახლო მომავალში ეკოლოგიურ კატასტროფას პროგნოზირებს.

"არ არის უზრუნველყოფილი ბუნებრივი რელიეფის, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგსაფარის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების, ბუნებრივი მცენარეული საფარის დაცვა მანგანუმის მადნის მოპოვება-გადამუშავების პროცესის თანხმლები მავნეზე მოქმედებისაგან," – აღნიშნულია კვლევაში, რომელიც ორგანიზაციამ გასულ წელს ჩაატარა.

CENN–ში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობენ.

"დღეს ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას. მათ უნდა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთი მხრივ, არსებულ მდგომარეობას ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს სამთო–მოპოვებითი მრეწველობის დარგის განვითარებას," – ამბობს ნინო გაფრინდაშვილი.

გარდა საკანონდებლო ცვლილებებისა, CENN–ში სალიცენზიო პირობების გამკაცრებაზე, მდგრადი განვითრების სტრატეგიის შემუშავებასა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის სისტემის შექმნის აუცილებლობაზე მიუთითებენ.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საკანონდებლო ცვლილების გარეშე, გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან შპს "ჯორჯიან მანგანეზის" ფულადი დაჯარიმება დადებით შედეგს ვერ გამოიღებს.

ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია "ჭიათურელთა კავშირში" მომპოვებელ კომპანიას მადნის ტრასნსპორტირების ალტერნარიული გზის გამოძებნისკენ მოუწოდებენ.

"ჭიათურა არის ქალაქი და არ არის საკარიერო გზა. სხვა გზა გამოძებნონ ტრასნპორტირებისთვის, აღადგინონ საბაგრო. ქალაქში უნდა შეწყდეს მანქანების გადაადგილება," – აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე, შოთა გაფრინდაშვილი.

ვიდრე საბაგიროები ამუშავდება, "ჭიათურ მანგანეზი" ჯარიმას გადაიხდის ან სახელმწიფო მოთხოვნებს გაამკაცრებს, რგანსა და თაბაგრებში ადგილობრივებმა საკუთარი გამოსავალი იპოვეს.

"გადარჩენის ერთადერთი გზა აქედან წასვლაა. ვისაც ჭკუა ქონდა, წავიდა, უშველა თავს," – ამბობენ ისინი.

მადნეულით მდიდარ ჭიათურის სოფლებში ნასახლარები თვიდან თვემდე იზრდება.








Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის
კონცერტი გაიმართება.
13:32 / 22.11.2024
30 ნოემბერს, ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.