სიმსივნურ დაავადებებს შორის სარძევე ჯირკვლის კიბო მთელ მსოფლიოში
პირველ ადგილზეა.
ექიმები ასაკის გაახალგაზრდავების ტენდენციაზეც საუბრობენ. ის ყველაზე
გავრცელებული ავთვისებიანი პათოლოგიაა, რომელიც ქალთა სიკვდილიანობის
მთავარ მიზეზად მიიჩნევა. მის გამომწვევ მიზეზებსა და დაავადების
თავიდან აცილების გზებზე ქუთაისიპოსტს ონკო-ქირურგ მამოლოგი, სოფიო
კვეტენაძე ესაუბრება.
სქესობრივი მომწიფების ასაკიდან დაწყებული, როცა განვითარებას იწყებს
სარძევე ჯირკვლები და ყალიბდება მენსტრუალური ციკლი, ფაქტობრივად
სიცოცხლის ბოლომდე განიცდის ქალის სარძევე ჯირკვალი ამა თუ იმ
ცვლილებას. ამ ცვილებათა საკმაოდ დიდი ნაწილი, საბედნიეროდ, სულაც არ
არის დაავადების მანიშნებელი და დაკავშირებულია მენსტრუალურ ციკლთან,
ორსულობასთან ან ასაკობრივ ცვლილებებთან. მხოლოდ ზოგიერთი მათგანი
შეიძლება იყოს ისეთი დაავადების გამოვლინება, როგორიცაა სარძევე
ჯირკვლის კიბო.
ონკოლოგ, სოფიო კვეტენაძის თქმით, სარძევე ჯირკვლის კიბოს გამომწვევი
მიზეზებია ჰორმონო დამოკიდებული ორგანო, ჰორმონალური დარღვევა.
ამასთანავე, სარძევე ჯირკვლის განვითარების ფონია ნებისმიერი სახის
ანთებები. სარძევე ჯირკველბში ანთების მსუბუქი ფორმაა ფიბროზულ -
კისტოზური მასტოპატია, რომელიც, ფაქტობრივად, 100 დან 80 ქალს
შეიძლება აღმოაჩნდეს.
"აგრეთვე, არასწორი კვება და არასწორი ცხოვრების წესი, ხშირი
აბორტები. როცა ძუძუს ხელოვნურად იშრობენ და არ აჭმევენ ბავშვს,
სქესობრივი კავშირის არ ქონამ, დედის ხაზით გენეტიკურმა წინასწარ
განწყობამ და სტრესმა სავსებით შესაძლებელია სიმსივნე გამოიწვიოს ", –
ამბობს სოფიო კვეტენაძე.
სარძევე ჯირკვალი შედგება მრავალი ჯირკვლისა და სადინარისგან,
რომლებიც საბოლოოდ სარძევე ჯირკვლის სადინარში იხსნება. როცა გოგონა
სქესობრივი მომწიფების ასაკს აღწევს, ორგანიზმში ჰორმონების დონის
ცვლილება სადინარების ზრდას იწვევს. სარძევე ჯირკვალს კუნთი არა აქვს,
მაგრამ მის ქვემოთ არის კუნთი, რომელიც ნეკნებს ფარავს. ზოგჯერ სწორედ
ეს კუნთი და სარძევე ჯირკვლის გარეთ მდებარე სტრუქტურები იწვევს
წარმონაქმნის არსებობის მცდარ შეგრძნებას.
ხშირად სარძევე ჯირკვალში წარმონაქმნი მოულოდნელი ან ყოველთვიური
თვითგასინჯვისას გამოვლინდება. მართალია, წარმონაქმნთა დიდი ნაწილი არ
არის სიმსივნური, მაგრამ აშკარად სარძევე ჯირკვლის ქსოვილის ცვლილებას
წარმოადგენს. საზოგადოდ, სარძევე ჯირკვლის განვითარებასთან ერთად
ცვლილებები ყოველთვის იჩენს თავს. მათზე ზემოქმედებას ორგანიზმში
მიმდინარე ნორმალური ჰორმონული ცვლილებები ახდენს. სარძევე ჯირკვლის
წარმონაქმნას საფუძვლად შეიძლება ედოს სარძევე ჯირკვლის კიბო, ცისტა,
ფიბროადენომა, ფიბროზულ-ცისტური სარძევე ჯირკვალი, ჰამარტომა -
სარძევე ჯირკვლის არაავთვისებიანი სიმსივნე, დაზიანება ან ტრავმა,
ინტრადუქტური პაპილომა - არაავთვისებიანი, მეჭეჭისებრი წარმონაქმნი
სარძევე ჯირკვლის სადინარში, ლიპომა, მასტიტი.
ონკოლოგის თქმით, პირველ სტადიაზე მისი განკურნება დროული
მომართვიანობის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია.
პირველი სტადიის დროს თითო წარმონაქმნი ორ სანტიმეტრამდეა და მისი
მკურნალობა ოპერაციული ჩარევით მთავრდება. თუმცა, ამის შემდეგ
პაციენტმა ონკოლოგთან შემოწმებაზე პერიოდულად უნდა იაროს. მეორე
სტადის ხანგრძლივობა 12-15 წელია, მესამის – 7-8 წელი, ხოლო მეოთხეზე
– მაქსიმალური ხუთი წელია. ექიმი მოსახლეობას იმ რჩევებსაც აძლევს,
რომელიც მისი თქმით, სიმსივნის თავიდან არიდებაში დაეხმარებათ.
სოფიო კვეტენაძის განმარტებით, პაციენტებმა ყავის, სიგარეტისა და
ალკოჰოლის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ, რადგან ალკოჰოლი, ნიკოტინი
და კოფეინი სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.
ონკოლოგიის თვალსაზრისით, კატეგორიულად აკრძალულია, აგრეთვე,
ბიუსტჰალტერის ტარება.
"ბიუსტჰალტერი ბუნებრივი ქსოვილის უნდა იყოს. უკეთესია ბუნებრივი
ქსოვილისგან შეკერილი ლიფი ატარონ", - გვირჩევს ონკოლოგი. ექიმი,
აგრეთვე, დეოდორანტების გამოყენების წინააღმდეგიცაა. მისი
განმარტებით, ორგანიზმმა ოფლი უნდა გამოყოს.
ის, ასევე, თერმულ–აიროვან–რადიოაქტიური წყლის აბაზანებზე ამახვილებს
ყურადღებას და გვაფრთხილებს, რომ ამ აბაზანების მიღების რეკომენდაცია
და ნებართვა აუცილებლად ექიმმა უნდა მოგვცეს, რადგან ის, შესაძლოა,
სიმსივნის გამოღვიძების მაპროვოცირებელი გახდეს.
მასალის გამოყენების პირობები