მულტიმედია
უძველესი ქალაქის შენობები, ავთენტურობის დაკარგვის საფრთხით
FaceBook
ქუთაისის სახე მის სიძველეშია. სიძველე განსაზღვრავს მის იდენტობას.


ქუთაისი ევროპის უძველესი ქალაქების ხუთეულშია, სადაც 3500 წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრობდნენ და სიცოცხლის ციკლი არასდროს გაჩერებულა.

ანუ მხცოვანი ასაკის მიუხედავად, ქალაქს არასდროს შეუწყვიტავს მოძრაობა და წინსვლა.

ქალაქის ასაკი იკითხება ყველგან მის ქუჩებში, კედლებში, მითებში.

ქუთაისი არგონავტებზე მითის დაბადების ადგილი და ცოცხალი მოწმეა. თუმცა, ეს ნათესაობა ქალაქის სივრცეში არსად აღინიშნება. ქალაქი ამას ნაკლებად გახსენებს.

"მითი არგონავტებზე მსოფლიო მნიშვნელობისაა, ეს მითი ქუთაისსაც მსოფლიოს ნაწილად აქცევს, ცნობადობის კუთხით. ამიტომ, მეტად აქტიურად უნდა იყოს არგონავტების პერსონაჟების, კონკრეტულად, მედეას სახე წარმოდგენილი და მას ყველგან უნდა ვხედავდეთ, ყოფითი ნივთებიდან დაწყებული, ძეგლებით დასრულებული, ამას უნდა გახსენებდეს და უნდა აჩვენებდეს და ახსენებდეს ტურისტს", - ამბობს მხატვარი ლია უკლება.

ტურისტები არგონავტებთან და მედეასთან ქუთაისის კავშირს ნაკლებად ხედავენ და ეს გამორჩეულ ფერს აკლებს მის მრავალფეროვნებას.

თუმცა, ქალაქის ათასწლოვანი ისტორია შეუმჩნეველი მაინც არ რჩება.

ამ სიძველეზე ღაღადებენ ქალაქის შენობები, ქუჩები, ხიდები. ისინი არიან "მოწმე" საუკუნეების სხვადასხვა პერიპეტიის. ეს კვალი ამ ნაგებობებზე აისახება და ეს ანიჭებს მათ ავთენტურობას.



შესაბამისად, ისტორიული შენობებისთვის ავთენტურობის შენარჩუნება საკრალური და ცენტრალური ცნება ხდება, რადგან მასზე შენდება ქუთაისის სახე, მისი იმიჯი.

სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ამ ნამდვილობის დაცვა. ავთენტურობა ხდის ქუთაისს უნიკალურს. მისი განვითარების მამოძრავებლად აქცევს.

თუმცა, ბოლო წლებში, სწორედ ავთენტურობას დაუდგა საფრთხე. ჯერ ბაგრატი ამოაგდეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან, მის ავთენტურ ქსოვილში უხეშად შეჭრის გამო.

იგივე ბედი, თუმცა გაცილებით დრამატულად, გაიზიარა გელათმა. ერთიანი და ძლიერი საქართველოს სიმბოლო ინგრევა და ჯერ არსად ჩანს იმედი, რომელიც ამ ნგრევას შეაჩერებს.

გამოსავალი იყო დროებითი გადახურვის კონსტრუქცია, რაც ტაძარს ამოასუნთქებდა. ტაძარი გამოშრებოდა და დაზიანებულ მხატვრობასაც დროულად მიეხედებოდა. 
სახელმწიფო, საპატრიარქო და იუნესკო რიგ საკითხში ვერ შეთანხმდა და ამ მოლოდინში. გელათისთვის მნიშვნელოვანი დრო დაიკარგა. 
დრო, რომელიც ყოველთვის გელათის მხარეს იყო, ახლა მის საწინააღმდეგოდ ამუშავდა.

მის საწინააღმდეგოდ მუშაობს რესტავრაცია-რეკონსტრუქციაც.

როგორც სპეციალტები აღნიშნავენ,  რესტავრაციის პროცესში გულგრილობამ და არაკომპეტენტურობამ გამოიწვია გელათის კატასტროფა.

არასწორმა რესტავრაციამ შეცვალა ოქროს ჩარდახიც.

ოქროს ჩარდახი ყველაზე ძველი საერო ნაგებობაა ქუთაისში. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის ძეგლი, მე–17 საუკუნის მეფეთა რეზიდენციის არქიტექტურული ანსამბლიდან დღემდე მოღწეული ერთადერთი ნაგებობა.

"ოქროს ჩარდახის" რესტავრაცია 2023 წლის მარტში დაიწყო. საზოგადოების კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, ქალაქის მერიამ მშენებელ კომპანიას კონტრაქტი რამდენიმე თვეში შეუწყვიტა, თუმცა მალევე ახალმა კომპანიამ გააგრძელა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რის შემდეგაც მივიღეთ "რემონტი რესტავრაციის ნაცვლად", "რესტორანი კულტურული ძეგლის ადგილას"- ასე აფასებენ აქტივისტები და სპეციალისტები.

ისინი მიიჩნევენ, რომ ძეგლს რეკონსტრუქცია არასწორად ჩაუტარდა, რამაც ქუთაისში ოთხი საუკუნის წინანდელ ერთადერთ საერო ნაგებობას ავთენტური იერსახე დაუკარგა.

"სამწუხაროდ, ამ ძეგლის რეაბილიტაცია გვიჩვენებს იმ ხარვეზებს და გულგრილობას, რომელიც გამოიჩინა ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობისადმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ," - აღნიშნავდნენ სპეციალისტები.

სამმა ისტორიულმა და არქიტექტურულმა შედევრმა სწორედ ის დაკარგა,  ან დაკარგვის პირასაა, რაც მათ ღირებულებას სძენს და ამით გამორჩეულად აქცევს თავად ქუთაისს.

თუმცა ქუთაისის იერსახის მოზაიკა მრავალფეროვანია. ამ მრავალფეროვნებაში სკულპტურული ძეგლებიც თავის სათქმელს ამბობენ.

ისინი  ადამიანებზე ყვებიან. ქუთაისში ძეგლების შერჩევის პოლიტიკის გამორჩეულობაზე მიუთითებს მწერალი ტარიელ დათიაშვილი.



არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ქუთაისი ჯერ კიდევ ინარჩუნებს სახეს და აქ არ მიდის იერსახის შეცვლის ისეთი პროცესები, რამაც თბილისი და ბათუმი მოიცვა.

თუმცა, თავდამშვიდებას მალე წამოეწია კორპუსები ქუთაისის ძველ უბნებში. სადაც შენებას კრძალავენ როგორც გეოლოგები, ასევე არქიტექტორები.

ქუთაისის ძველი უბნები გორას დასახლება, გაპონოვის ქუჩა, ერთსართულიანი ქუთაისის, ბელეტაჟური ნაგებობების ტერიტორიაა. ეს განსაზღვრავს მათ თავისებურებას, გამორჩულობას და ამ სივრცეში შემოჭრილი რამდენიმესართულიანი კორპუსები სრულიად ამოვარდნილი და უადგილოა.



"ჯერ ერთი საფრთხის შემცველია აქ მაღალი კორპუსის აშენება. მეწყრული ზონაა, მერე მეორე, არ უხდება აქაურობას, ტანსაცმელზე დიდი ლაქასავითაა. ფანჯრიდან კარგი ხედი იქნებაო და იმიტომ აშენებს აქ. მისი ფანჯრიდან კარგი ხედი გადაიშლება, მაგრამ ჩვენი ფანჯრებიდან გამოჩნდება ულამაზო და უადგილო შენობა. ყველა ხედს გააფუჭებს, პირველ რიგში ქალაქის“, - ამბობს გორაზე მცხოვრები აბელ დვალიშვილი.

ასეთი მშენებლობების საპრევენციოდ, სპეციალისტებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ურბანული ინდიკატორების სისტემის არსებობა. როგორც აღმოჩნდა, ამ სისტემას სპეციალური ორგანიზაცია აწესებს მსოფლიოში. "შემუშავებულია სოციალ-ეკონომიკური ბლოკი, ეკოლოგიური, ქალაქგეგმარებითი, მიწათსარგებლობითი და სხვა ნორმები. ამ მონაცემებით დგინდება, როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება, როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქუთაისში ცხოვრების ხარისხი ისე, რომ ქალაქის საერთო სახე არ დაზიანდეს", - აღნიშნავს ურბანისტი ლევან ვარდოსანიძე.

თუმცა, ვინმე ადგილობრივ თვითმმართველობაში ურბანულ ინდიკატორებზე იფიქრებს, მანამდე ბევრი რამ მოხდა. 

"არასწორ ადგილას ნაგებ კორპუსებს შეუძლია გადაფაროს ხედი, მთელი სივრცე წაიღოს და აღარ დაუტოვის ადგილი იმ ნამდვილს რაც უნიკალურობას სძენს ამა თუ იმ უბანს ქალაქში. სტილისტური ერთობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ახალი მშენებლობები ამ სტილს უნდა პასუხობდეს. ერთიან სურათში იჯდეს. ამის გარეშე იქნება ქაოსი, სადაც ქალაქის სახის გარჩევა შეუძლებელი გახდება. ძალიან მგრძნობიარე საკითხია და ეს უნდა აწუხებდეს და ამაზე უნდა ზრუნავდეს ხელისუფლება", - ამბობს ხელოვნებათმცოდნე თათა არაბიძე.

ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ქუთაისის განვიტარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა მხოლოდ 2026 წელს დასრულდება.

მანამდე მშენებლობებს ისტორიულ უბანში ხელს არაფერი შეუშლის.



სამაგიეროდ, ამან შეიძლება შეუშალოს ხელი ტურიზმის განვითარებას. ტურისტი, რომელიც არქიტექტურული შედევრების და უნიკალური, დაცული და სახეშენარჩუნებული ქალაქის სანახავად ჩამოდის, მას შეიძლება სულ სხვა სურათი დახვდეს. არასწორი მშენებლობები ისტორიულ უბნებში, რაც გადაფარავს ქუთთაისის რეალურ სახეს. 

თუმცა, ქუთაისს აქვს კიდევ ერთი გადამრჩენელი -  მისი მდებარეობა უნიკალურია.

„ქუთაისი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. თავის დროზე, როდესაც გადაწყვიტეს აქ ქალაქის გაშენება, ამას ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან ამ ადგილიდან ადვილად იყო შესაძლებელი ყველა მიმართულებით გადაადგილება, იქნებოდა ეს ზღვა, კავკასიონი, აღმოსავლეთ საქართველო. ქუთაისი სტრატეგიული ადგილი არის და ეს არის მნიშვნელოვანი ამ ქალაქისთვის. რაც დაინახეს ათეული საუკუნეების წინ , ამას ვერ ხედავენ დღეს.
ამ ქალაქს ახასიათებს, ბუნებრივად, დიდი სიტყვა თქვას ქვეყნის განვითარებაში. ქვეყნის გაერთიანებაც აქედან დაიწყო და  იგი დღესაც სიმბოლოა ქვეყნის გაერთიანების. ეს ისტორიული მისიაც აკისრია“, - ამბობს გიდი ხვიჩა ვაშაყმაძე.

თუმცა, ქალაქმა რომ ისტორიული მისია შეასრულოს, ჯერ თავად ქალაქი უნდა გადარჩეს.

იგი გადაურჩა ათასწლეულებს, მისი სიცოცხლისუნარიანობა არც ახლა დანებდება მძიმე დროებას, რომელიც მისი იდენტობის შეცვლას ცდილობს. 

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ქუთაისი
მსგავსი სიახლეები
საქართველოში სოფლები იცლება. ამას აჩვენებს სტატისტიკა და ამაზე
მიუთითებენ ნასახლარები იმერეთის ბევრ სოფელში.
14:24 / 18.12.2024
საქართველოში სოფლები იცლება. ამას აჩვენებს სტატისტიკა და ამაზე მიუთითებენ ნასახლარები იმერეთის ბევრ სოფელში.
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.