მულტიმედია
,,საქართველო სამშობლოსავით მიყვარს“, - ერაყელი სტუდენტის ამბავი ქუთაისიდან
FaceBook
მშობლიურ სალაჰედინში (ერაყი) 13 წლის ჰუსეინს გარეთ მხოლოდ მაშინ უშვებდნენ, თუ სკოლაში გაკვეთილები ტარდებოდა.

სხვა დროს, მეგობრებთან სტუმრობა, სეირნობა და ეზოში თამაში ეკრძალებოდა. ჰუსეინის მშობლები ასე უსაფრთხოების გამო იქცეოდნენ, რადგან ქვეყანაში არსებული საომარი მოქმედებების გამო, პატარა ბიჭს ტყვია არ მოხვედროდა, ან აფეთქების მსხვერპლი არ გამხდარიყო... ისე, როგორც არაერთი უდანაშაულო ადამიანი ერაყში.

,,ზოგჯერ მშობლებს ვატყუებდით და ვამბობდით რომ გაკვეთილები დიდხანს გაგრძელდა, რათა ქუჩაში გვეთამაშა. პატარა ვიყავი და ვერ ვგებულობდი რატომ მეკრძალებოდა თავისუფლად ცხოვრება".



ომის დასრულებამდე რომ საკუთარ ქვეყანაში მშვიდად ვერ იცხოვრებდა, ჰუსეინმა ეს 17 წლისამ უკვე კარგად გააცნობიერა და ინტერნეტით ისეთი ქვეყნების ძებნა დაიწყო, სადაც, თავისუფლად ისეირნებდა, ბომბების არ შეეშინდებოდა, განათლებას მიიღებდა, თავისუფლად ისუნთქებდა.  უამრავ ვარიანტს შორის, არჩევანი საქართველოზე შეაჩერა, სამომავლო გეგმები დაისახა და ახალი ცხოვრებაც დაიწყო.

,,თავიდან თბილისში ვცხოვრობდი, შემდეგ ქუთაისში გადავბარგდი. პირველად, რამაც შთაბეჭდილება მოახდინა ის იყო, რომ საკუთარი თვალით დავინახე, როგორ უსაფრთხოდ, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ადამიანები ქუჩაში. მართალია, გარკვეული დისკომფორტი თან ახლავს გარემოს რადიკალურ ცვლილებას, მაგრამ, რაც უფრო ვეცნობოდი ამ ქვეყნის ადათ-წესებს, ადამიანებს, ვათვალიერებდი სხვადასხვა ქალაქს, ვაგემოვნებდი გემრიელ ქართულ კერძებს, კიდევ უფრო ვეჩვეოდი და მიყვარდებოდა აქაურობა".

ჰუსეინმა ქუთაისში ბინა, ნაქირავებ სახლში დაიდო და საქართველოთი აღფრთოვანების ნიშნად, ქართული ენის შესწავლა დაიწყო. მალე აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა და სტუდენტიც გახდა. ის ჰყვება, რომ სწავლასთან დაკავშირებით სხვადასხვა სირთულესაც წააწყდა, თუმცა მათ დაძლევაში ძალიან დაეხმარნენ ადგილობრივი ლექტორ-მასწავლებლები.

ჰუსეინი პრაქტიკულ მეცადინეობაზე


,,შვიდი წელი ვსწავლობდი. არ მახსენდება დღე, რომ რაიმე სირთულის წინაშე მარტო დავრჩენილიყავი. სულ გვერდით მედგნენ პედაგოგები და განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევდნენ. ძალიან საინტერესო იყო თითოეული ლექცია, მაგრები არიან ქართველი ექიმები, რომლებმაც ბევრი პრატიკული უნარ-ჩვევა შეგვძინეს".



,,რა უნდა ვთქვა გარდა იმისა, რომ მხარდაჭერისა და სითბოს გარდა, საქართველოზე სხვა არაფერი გამახსენდება? ფაქტობრივად, აქ გავიზარდე და საქართველო ჩემი სამშობლოსავით მიყვარს",
- ჰყვება ჰუსეინი, რომელიც დიპლომის აღებას დღედღეზე ელოდება.

ფოტო ჰუსეინის უნივერსიტეტის დასრულების აღსანიშნავი წვეულებიდან



,,დიპლომს სურათი უნდა გადავუღო და მშობლებს გავუგზავნო. ისინიც იზეიმებენ. მართალია, ერთმანეთი ძალიან გვენატრება, მაგრამ მშვიდად არიან, რადგან იციან, აქ არაფერი მემუქრება“.


საქართველოში, განათლების მიღების გარდა, ჰუსეინმა არაერთი მეგობარი შეიძინა და ერთი ქართველი გოგოც განსაკუთრებით შეიყვარა. მასთან დაქორწინებას გეგმავს, მაგრამ თან გვიხსნის, რომ ჯერ ვერ გადაწყვიტეს სად იცხოვრებენ, მშობლიურ ერაყში, თუ საქართველოში.

,,სირთულეს ის ქმნის, რომ, თუ სამშობლოში დავბრუნდები, შეიძლება შემდეგ საქათველოში აღარ შემომიშვან. არადა, მერე რომ ჩემს მეგრელ გოგოს ერაყი არ მოეწონოს? ანდა, მეც აქ მომინდეს დაბრუნება? მესმის, საქართველო თავს იზღვევს, მაგრამ ხომ არსებობს იმ ადამიანის ისტორია ვინც ჩამოდის? მაგალითად, თუ მე აქ შვიდი წელია ვცხოვრობ, არაფერი დამიშავებია, მაშინ, რა უჭირს, თუ ჩავალ, ჩემებს ვნახავ და ისევ მშვიდობიანად დავბრუნდები? გულითადად მივმართავ მთავრობას, განსაზღვროს აკრძალვები ისე, რომ შემდგომ არ დავზარალდეთ. ჩავიდეთ ჩვენს ქვეყანაში, მოვინახულოთ ახლობლები და უპრობლემოდ დავბრუნდეთ".

ერაყიდან ჩამოსულ სტუდენტებს, საქართველოში კანონის ცვლილების გამო, პრობლემები ბინადრობის უფლების, პირადობის მიღებასა და საკუთარ ქვეყანაში ჩასვლაში, შემდეგ უკან დაბრუნებაში ექმნებათ.

საქართველოში, 2014 წლის 1 სექტემბრიდან უცხოელთათვის ვიზები აღარ გაიცემა სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ (იუსტიციის სახლები), ახალი კანონის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის აღება შეუძლებელია. ეს ეხება ნებისმიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოში ყოფნის საფუძვლის მიუხედავად. ასევე, აღსანიშნავია, რომ არ შეცვლილა კანონში ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მხოლოდ დიპლომატიური და სპეციალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაა შესაძლებელი.

ახალი კანონი, ასევე, ფაქტობრივად გამორიცხავს სახელმწიფო საზღვარზე ორდინალური ვიზის აღების შესაძლებლობას. მისი აღება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაშია შესაძლებელი.

შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვიზის ასაღებად მოუწევთ მოქალაქეობის ქვეყანაში გახსნილ საქართველოს წამომადგენლობებს მიმართონ, რაც მნიშვნელოვან წინაღობად იქცევა იმ შემთხვევაში, თუ ვიზის მიღების მსურველი პირის ქვეყანაში არ არსებობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა.

აღსანიშნავია, რომ ახალი კანონით, უცხოელს, რომელიც საქართველოში 2014 წლის 1 სექტემბრამდე უვიზოდ შემოვიდა, ან რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა 2014 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული ვიზის საფუძველზე, არ მოუწევს გრძელვადიანი ვიზის მისაღებად სამშობლოში დაბრუნება. ასეთ პირს უფლება აქვს 1 სექტემბრის შემდეგ გრძელვადიანი ვიზის მიღების მიზნით, სავიზო განაცხადი და სხვა საჭირო დოკუმენტები წარადგინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში.

ამ კანონის მიღებამდე, დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის წინაპირობა იყო საქართველოში კანონიერი ყოფნა, რაც გულისხმობდა ნებისმიერი ტიპის ვიზით (მათ შორის ორდინალური, ე.წ. ტურისტული ვიზითაც), ან უვიზოდ (იმ ქვეყნის მოქალაქეებისათვის რომლებსაც შეუძლიათ უვიზოდ შემოსვლა) ქვეყანაში ყოფნას.

ხსენებული პრობლემების მიუხედავად, საქართველოში არაერთი ერაყელი სტუნდეტი თავს ჰუსეინივით ბედნიერად გრძნობს. მაგალითად, ასეთია ერთი ქართულ-ერაყული ოჯახი ქუთაისში.

ქართველი ბელასა და ერაყელი რეის გადაკვეთის წერტილი საქართველოა. მათ ერთმანეთი ხუთი წლის წინ, უნივერსიტეტში გაიცნეს, სწავლა ერთად დაასრულეს, ამასობაში ერთმანეთსაც დაუახლოვდნენ და დაოჯახდნენ. წყვილს უკვე ერთი შვილი ჰყავს და ჯერჯერობით, საქართველოდან წასვლას არსად აპირებენ.

მასალა მომზადდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის "მედიის   ცნობიერების ამაღლება მიგრაციის საკითხებზე" და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროექტის EMERGE ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.