პანდემია, რომელიც პანდემიამდე ,,იწინასწარმეტყველეს“
16:22 / 27.07.2021
სათვალთვალო კამერა, წყალქვეშა ნავი, ესკალატორი, ცეცხლმაქრები,
რობოტები და მსოფლიო პანდემია - ეს მოწყობილობები და მოვლენები, სანამ
ყოფით ცხოვრებაში შემოვიდოდა, მხატვრულ ლიტერატურასა და ფილმებში
არსებობდა.
20, 30 წლით, ან სულაც საუკუნით ადრე სამეცნიერო ფანტასტიკამ
დღევანდელი რეალობა "იწინასწარმეტყველა".
"ცხოვრება წიგნების მიხედვით ეწყობა", - ამბობდა
ოსკარ უაილდი. ეს თუ ასეა, XXI საუკუნის 20-იან წლებში ცხოვრებამ
მკვეთრად შეიცვალა ჟანრი, სხვა ტიპის ლიტერატურით დაინტერესდა და იმის
მიხედვით "მოაწყო" რეალობა. ისეთი "დრამატურგია" შემოგვთავაზა, სადაც
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, სტუმრად წასვლა, ხელის
ჩამორთმევა და ამგვარი ყოფითი რუტინა ისეთივე სახიფათოა, როგორც ომზე
დაწერილ წიგნებში დანაღმული ველის გადარბენა.
დღევანდელ ცხოვრებას ვიღაც ფანტასტიკის, ან აპოკალიპტური ჟანრის
მოყვარული სცენარისტი ჰყავს (ისევ და ისევ უაილდს თუ ავყვებით). ყველა
წესიერ აპოკალიფტურ ტექსტს კი თავისი წინასწარმეტყველი სჭირდება.
წინასწარმეტყველები, რომლებიც ზეშთაგონებით ხედავენ მომავალს. მათგან
განსხვავებით, ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებში და მის ქვეჟანრ
სამეცნიერო ფანტასტიკაში "წინასწარმეტყველება" დაფუძნებულია ცოდნაზე,
გამოცდილებასა და ინტუიციაზე. ეს კი მომავლის დანახვას, გათვლას
სრულიად შესაძლებელს ხდის.
"ამ ჟანრის ავტორები, გააჩნიათ რა ღრმა ცოდნა მეცნიერების და
ტექნოლოგიების ამჟამინდელი მიღწევების და არსებული ტრენდების შესახებ,
- ახდენენ მომავლის კონსტრუირებას და გადმოსცემენ მხატვრული
ლიტერატურის სახით. ამ ჟანრის მწერალი, თუ ის კარგი მწერალია,
ფუტუროლოგიცაა", - ამბობს ქუთაისელი მწერალი ირაკლი
მაჩიტაძე.
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში მომუშავე ავტორებმა ხარისხიანი
პროდუქტის შესაქმნელად სამი პირობა უნდა დააკმაყოფილონ. უნდა იყვნენ
მეცნიერების სხვადასხვა დარგში მიმდინარე მოვლენების კურსში , კარგად
იცოდნენ კულტურის ისტორია, ჰქონდეთ ყველაფერ ამის მხატვრულად
გააზრებისა და ფორმის მიცემის უნარი. სწორედ ამ სამი კომპონენტის
შერწყმით შეიძლება მომავლის წინასწარმეტყველება.
როგორც ჩანს, სამივე ამ უნარს ფლობდა ამერიკელი რეჟისორი სტივენ
სოდერბერგი. მან 2011 წელს გადაიღო ფილმი "ინფიცირება", სადაც სწორედ
კორონავირუსის პანდემიის მსგავს ეპიდემიაზეა საუბარი. დაავადებაზე,
რომელიც სასუნთქ გზებს აზიანებს, ახასიათებს მშრალი ხველა და სწრაფად
გავრცელების უნარი.
კადრი ფილმიდან „ეპიდემია“
ამავე ფილმში სოდერბერგმა ცხრა წლით ადრე აღწერა მსოფლიოს ის სურათი,
რომელიც 8 მილიარდმა ადამიანმა 2020-ში რეალობაში იხილა - ჩაკეტილი
მეგაპოლისები, ცარიელი ქუჩები, დაკეტილი სავაჭრო ცენტრები და
დაავადებული ადამიანები.
პანდემიაზე ჰყვება კორეული სერიალიც "ტერიუსი ჩემს ზურგს უკან ",
რომელიც 2018 წელს გადაიღეს. ფილმი მოგვითხრობს, ახალი სასიკვდილო
ვირუსით გამოწვეულ ეპიდემიაზე, რომელიც სწრაფი ტემპით იწყებს
გავრცელებას. მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება ცდილობს ვაქცინა
აღმოაჩინოს და შეაჩეროს პანიკა, რომელიც მთელ მსოფლიოს ვირუსზე
სწრაფად მოიცავს.
ანიმაციურ სერიალი "სიმფსონები", რომელსაც ბევრ სხვა საკითხში
გამოუმჟღავნებია წინასწარმეტყველური ხედვა, არც პანდემიასთან
მიმართებაში ჩამორჩა. "სიმფსონების" ერთ-ერთ სერიაში ეპიდემია
იაპონიიდან ვრცელდება და ვირუსის გაჩენის მიზეზი ცხოველი ხდება.
პანდემიურ-წინასწარმეტყველური სულისკვეთებისაა მხატვარ დავით
კუხალაშვილის ნახატებიც. მან თითქოს მცირე ხნით მომავალში იმოგზაურა
და იქიდან წამოიღო შთაბეჭდილებები ეპიდემიის მიზეზით შეცვლილ
მსოფლიოზე.
ბევრი მისი ნახატი პანდემიამდეა შექმნილი. მიუხედავად სხვა კონცეპტისა
და შინაარსისა, თავისი ფორმით პანდემიურ იზოლაციას, მარტოობას,
სიცარიელეს ასახავს.
დავით კუხალაშვილი, მოსაცდელი“
დავით კუხალაშვილი, „ოფიციალური“
დავით კუხალაშვილი, „მაღაზია“
"ნახატი-წინასწარმეტყველება" ქუთაისში ერთ-ერთი ქუჩის კედელზეც არის
ასახული. მიუხდავად იმისა, რომ სტენსილის ავტორს მომავლის სურათ-ხატის
გადმოცემა დიდი ალბათობით ფიქრად არ ჰქონია, მისი პერსონაჟი
ასოციაციურად კოსმოსთანაც გაკავშირებს და პანდემიასთანაც.
სკაფანდრიანი პერსონაჟი თითქოს პანდემიურ იზოლაციაში განმარტოებულა და
სამყაროს ბუნდოვან მომავალს ფანჯრიდან გაჰყურებს, - ასეთ
შთაბეჭდილებას უტოვებს სტენსილი ქუთაისელ ფანტასტ მწერალ ირაკლი
მაჩიტაძეს. იგი მომავლის რამდენიმე ათწლეულით ადრე დანახვის სრულ
შესაძლებლობაზე საუბრობს.
ავტორის წიგნი ,,რეისი LH0042" ახალ პორტალს ხსნის და დამაჯერებლად
ყვება ფანტასტიკურ ისტორიას. რომელიც იმდენად ჰგავს რეალობას,
რომ გარწმუნებს - შეუძლებელი არაფერია. ადამიანის ყველა ნაფიქრი და
ნააზრევი, რომელიც ცოდნას და ერუდიციას ეყრდნობა, რომელიმე
ათასწლეულში აუცილებლად ახდება. შეიძლება პანდემიასავით ცუდი ფორმით,
მაგრამ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის იმედს მაინც გააჩენს.
კინომ წინასწარმეტყველება ლიტერატურიდან ისწავლა, რომელსაც მომავლის
ხედვის გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს, თან მრავალი მიმართულებით -
დიქტატურების დამყარებითა და დამხობით დაწყებული, ტექნოლოგიური
სიახლეებით დამთავრებული.
მაგალითად, ჯორჯ ორუელის "1984" აპოკალიპტურიც არის და
წინასწარმეტყველურიც. ბევრი რამ, რაც ორუელმა ანტიუტოპიურ წიგნში
აღწერა, ახდა.
,,წიგნი 1949 წელს დაიწერა, სადაც აჩვენა სახელმწიფო როგორ
მუდმივად უთვალთვალებს მოქალაქეებს კამერების ქსელის საშუალებით.
ნიშანდობლივია ის ამბავიც, რომ იმ სახლიდან, სადაც ორუელი ამ რომანს
წერდა, 200 მეტრის რადიუსში 32-ზე მეტი სათვალთვალო კამერა ყოფილა
დამონტაჟებული", - ამბობს გია ცაცაშვილი, ფანტასტიკის ჟანრის
ლიტერატურის მოყვარული.
როგორ ახერხებენ ფანტასტები დაინახონ მომავალი? - ამ კითხვაზე
ყოველთვის ერთგვაროვანი პასუხი არ არის.
ფანტასტიკის მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში არანაირ
წინასწარმეტყველებას არ აქვს ადგილი. ყველა წარმატებული პროგნოზის
უკან დგას ფართო საზოგადოებისთვის უბრალოდ უცნობი სამეცნიერო
კვლევები, რომლის კურსშიც ეს ავტორები იყვნენ.
"ამიტომ გამოვიდა, თითქოს რაღაც იწინასწარმეტყველეს, თუმცა
უბრალოდ თავიანათი თანამედროვეების კვლევების საქმის კურსში იყვნენ.
ჟიულ ვერნის "ნაუტილუსი" მიიჩნევა კლასიკად. მან წყალქვეშა ნავი და
საერთოდ ეს მიმართულება იწინასწარმეტყველა. 1869 წელს დაიწერა ეს
ნაწარმოები მაგრამ გაირკვა, რომ ზუსტად ამ სახელწოდების წყალქვეშა
ნავი რობერტ ფულტონმა ააგო 1800 -1804 წლებში და ჟიულ ვერნს ამის
შესახებ ინფორმაცია ექნებოდა. უბრალოდ, ფანტაზია მიაშველა და დახვეწა.
ცნობილი მწერლები ფანტასტიკის ოქროს ხანიდან რომ გავიხსენოთ: აზიმოვი,
კლარკი, საიმაკი და სხვები, ანალოგიურ სტრატეგიას იყენებდნენ.
,,რომან-გაფრთხილებების" კლასიკაც ხომ იგივე პრინციპს ეყრდნობა. რაღაც
ტენდენციას ვხედავთ საზოგადოებაში, მეცნიერებაში და მერე ამ
ტენდენციის მაქსიმალიზაციას ვახდენთ და ზოგჯერ უტრირებამდე,
გროტესკამდე აგვყავს. აი, ეს არის ფანტასტიკა", - ამბობს გია
ცაცაშვილი.
ამასთან ერთად, ფანტასტიკის ავტორებს დეტალების შემჩნევის დიდი უნარიც
აქვთ - სხვებზე მეტად აკვირდებიან აწმყოს, რომელიც თავად აანონსებს
მომავალს.
"არ მგონია, რომ ფანტასტები მომავლის წინასწარმეტყველებას
ცდილობენ. ჩემი დაკვირვებით, ფანტასტები უფრო მეტად წერენ აწმყოზე
ვიდრე სხვა არაჟანრული ლიტერატურის მწერლები. ფანტასტიკის წერა უფრო
აწმყოს ტენდენციების ანალიზით იწყება, რომელიც კონკრეტული მომავლის
ვერსიის წარმოდგენაში გეხმარება. ეს წინასწარმეტყველბა არ არის. ყოველ
შემთხვევაში, ფანტასტიკის ფუნქცია ეს არ არის. ამ ჟანრის მთელი ხიბლი
იმაშია, რომ ის მომავლისთვის გვამზადებს. გვამზადებს უამრავი
სხვადასხვა ვერსიის მომავლისთვის, დაწყებული იდეალური ჰედონისტური
წყობიდან დამთავრებული პოსტაპოკალიფსური ავტორიტარული
საზოგადოებებით", - მიაჩნია მწერალ ზაზა კოშკაძეს.
წინასწარმეტყველები არიან, თუ მხოლოდ დამკვირვებლები, ფაქტია, მათი
ნააზრევი, წარსულში ნათქვამი ვერსია, მომავალში არაერთხელ
სიტყვასიტყვით განხორციელებულა.
ჟიულ ვერნმა, საუკუნენახევრით ადრე, მთვარეზე ამოგზაურა ადამიანი,
მანვე მოჰყვა ესკალატორებისა და ნახშირმჟავით გაჯერებული
ცეცხლმაქრების შესახებ.
არტურ კლარკს ეკუთვნის, მაგალითად, გეოცენტრული თანამგზავრების იდეა,
რომლის გარეშე დღეს წარმოუდგენელია გლობალური ტელევიზია, ან
ინტერნეტი.
სტანისლავ ლემს, რომანში "მაგელანის ღრუბლები", რომელიც გასული
საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში გამოქვეყნდა, აღწერილი აქვს
შორეული მომავალი, სადაც ყველა ადამიანს გააჩნია მოწყობილობა,
რომლითაც შეუძლიათ ნებისმიერ სხვა ადამიანს დაუკავშირდნენ ხმოვანი, ან
ვიდეო კავშირის საშუალებით.
მომავლის უკეთესად ჭვრეტის უნარი ავტორებს ვალდებულებასაც აკისრებთ,
ყველა სხვა წინასწარმეტყველივით, გამაფრთხილებლებად იქცნენ.
"ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფანტასტი მწერლები ხშირად
გვაფრთხილებენ, რადგან მიგვითითებენ იმ შესაძლო გამოწვევებზე, რაც
ჩვენ ცივილიზაციას წინ ელოდება, იქნება ეს გლობალური პანდემია, თუ
გარემოს დაბინძურებით გამოწვეული აპოკალიფსი", - ამბობს
ირაკლი მაჩიტაძე.
ფანტასტი ავტორები გვფრთხილებენ, მაგრამ ადამიანები რამდენად
იზიარებენ?!
წიგნებს გავლენა აქვთ ცხოვრებაზე, და თუ უაილდს დავუჯერებთ, რეალობა
წიგნების მიხედვით ლაგდება, - მაგრამ რამდენად ცვლის ეს
ადამიანს?!
"ვირუსმა დაახლოებით ის გამოიწვია ჩვენში, რასაც ფანტასტიკურ
ლიტერატურაში უცხო ცივილიზაციის დედამიწაზე ჩამოსვლა იწვევს, ხოლმე,
ადამიანებში. ადამიანები მას ჯერ მტრად აცხადებენ და ებრძვიან. ამაში
მთელ დაგროვილ ტექნოლიგიურ არსენალს იყენებენ. შემდეგ ნებდებიან და
ცვლიან პოლიტიკურ წესრიგს და ემორჩილებიან თავისზე ძლიერ ძალას. ახლა
ჩვენ პირველ ფაზაში ვართ, ჯერ ვებრძვით კორონას. თუ "დიდი
დანაკარგების" გარეშე გავიმარჯვებთ, ალბათ, ყველაფერი ისე დარჩება,
როგორც იყო და სავარაუდოდ, ასეც იქნება. კორონა ვერ მოახერხებს
ჩვენში, როგორც ბიოლოგიურ სახეობაში, კოლექტიური კოოპერაციის
ინსტინქტის გამომუშავებას. მაგრამ ეგ არაფერი. წინ ჯერ კიდევ გველის
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბევრი უსიამოვნო სურპრიზი, რომელიც
უფრო მეტად დაგვეხმარება ამაში", - ამბობს ზაზა კოშკაძე.
სამყაროს სჭირდება ფანტასტი მწერლები. თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ
მეცნიერს უღიარებია, საკუთარი კვლევებისთვის იდეებს სწორედ ხარისხიან
სამეცნიერო ფანტასტიკაში მიაგნეს. ისიც მომხდარა, რომ მეცნიერი
გადაბარგებულა მწერლობაში და დიდი წვლილი შეუტანია ჟანრის
განვითარებაში (შეიძლება "წინასწარმეტყველების" კუთხითაც).
არიან, თუ არა მათ შორის ინფექციონისტები?! - არადა, როგორი
სარგებლობა შეეძლოთ მოეტანათ... მათ, დიდი ალბათობით, არ
გაუჭირდებოდათ იმის "წინასწარმეტყველება" რაც დღეს ხდება.
ალბათ, გაუჩნდებოდათ "მომხმარებლური საზოგადოების" კრიტიკის სურვილიც,
რომელიც ნაკლებ ყურადღებას აქცევს მეცნიერებას, კვლევებს და
პრიორიტეტს ბრჭყვიალა ნივთებს ანიჭებს.
ასეთ ავტორებს შეეძლოთ აღეწერათ მომავალი, როცა ერთ მშვენიერ დღეს
მთელი სამყარო ინგრევა, მილიონებად შეფასებული ნივთები აზრს კარგავს
და მთელი კაცობრიობა საპნის ქაფის იმედად რჩება.
არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ
დაადგას მის მიწაზე ფეხი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები