მულტიმედია
მშობიარობა პირბადით
FaceBook
რას გრძნობს დედა, როდესაც პირბადით მშობიარობს და არ შეუძლია შვილი დაბადებისთანავე გულზე მიიკრას?
რას გრძნობს დედა, რომელსაც მთელი ორსულობის განმავლობაში, მუცლად მყოფი შვილის სიცოცხლის დასაცავად უწევს ბრძოლა?

უხილავმა ვირუსმა შეცვალა დიდი ბედნიერების მოლოდინიც და დაბადების წუთებიც. ქუთაისში ათეულობით ქალს დედობის განსხვავებული, პანდემიური ისტორია აქვს.


ლანა, 35 წლის

კორონავირუსის შიშით, ლანამ თითქმის მთელი ორსულობა შინ გამოკეტილმა გაატარა. მისი საურთიერთობო წრე ოჯახით და რამდენიმე უახლოესი მეგობრით შემოიფარგლებოდა. მათაც იშვიათად ნახულობდა და მაღაზიებშიც მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს გადიოდა.

ჩაკეტილობას ემატებოდა ორსულობის ჭირვეულობა, როცა საღამოობით სწორედ ის საჭმელი უნდოდა, რაც სახლში არ ჰქონდა. ამიტომაც, კომენდანტის საათის დროს მიტანის სერვისით სარგებლობა ჩვევაში გადაუვიდა. ამით გარეთ გასვლის საჭიროება კიდევ უფრო შეზღუდა. თუმცა, ვირუსს მაინც ვერ გადაურჩა. კოვიდი საკეისრო კვეთამდე ერთი კვირით ადრე დაუდასტურდა. ოპერაციამ რთულად ჩაიარა.

წლების ნანატრ შვილთან შეხვედრის პირველი წუთები ლანას სხვანაირი წარმოედგინა. მას კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბავშვი არც დაბადებისას და არც მომდევნო დღეებში უნახავს, არც მინის მიღმა და არც ტელეფონის ეკრანზე.


,,ორი კვირის განმავლობაში ვერ ვდგებოდი და ვერ ვმოძრაობდი. კოვიდის და გართულებების ფონზე იმდენად მძიმედ ვიყავი ტელეფონითაც არ შემეძლო კონტაქტი. ამის მიუხედავად, საერთოდ არ მეძინა, ვფიქრობდი, რას შვრება ჩემი შვილი, როგორ არის, ნეტა, თუ ჭამა-თქო".

ვიდრე დედა-შვილი ერთმანეთს შეხვდებოდა, ახალშობილზე მეზობელ პალატაში მყოფი უცხო ფეხმძიმე ქალი ზრუნავდა.

,,ჩემს შვილს, საბედნიეროდ, არ გადასდებია კორონა. მას ექვსი დღე სრულიად უცხო ადამიანი უვლიდა, აჭმევდა, უცვლიდა და ყველაფერ იმას უკეთებდა, რაც დედამ უნდა გაუკეთოს. მე და ნიტას პირველი შეხვედრის სიამოვნება დაგვაკლდა, დღემდე დანაშაულის გრძნობა მაქვს მის მიმართ, რომ ვერ შევძელი დაბადებისთანავე ჩავხუტებოდი".

ლანა და ნიტა


ლანა კლინიკაში ორი კვირა მკურნალობდა. პატარა ნიტა სახლში დედაზე ადრე მივიდა. მასზე ზრუნვა დეიდამ იტვირთა.ლანამ ნიტა დაბადებიდან მე-14 დღეს ჩაიხუტა.

,,ნიტა უკვე გაზრდილი დამხვდა, ძალიან ემოციური შეხვედრა გვქონდა. ვტიროდი და ისე ვეხუტებოდი. დღემდე იმ ორი კვირის ანაზღაურებას ვცდილობ".




გვანცა, 23 წლის

გვანცამ მთელი ფეხმძიმობა იზოლაციაში გაატრა. იცავდა საკუთარ თავს და ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასს. მისთვის ეს მეორე ორსულობა იყო და შედარება შეუძლია.

ამბობს, რომ პანდემიის რეგულაციებმა მამები ორსულობის პერიოდში შვილზე ზრუნვას ჩამოაშორა. მათ არ აქვთ ექიმთან ვიზიტზე დასწრების უფლება, ექოსკოპის გადაღებისას ოთახში ყოფნის უფლება. ამიტომაც ქმარი მუდმივად კლინიკის კართან ელოდა. ასე, კლინიკის კართან, ცოლისგან და არა რადიოლოგისგან გაიგო, რომ მეორე გოგოს ელოდა.

გვანცასთვის ყველაზე რთული მაინც სამშობიაროს ახალი პროტოკოლი იყო. მას მშობიარობა პირბადით მოუწია.

,,ფეხმძიმობისას იზოლაციასა და კორონავირუსის დამართების სტრესზე მეტადად რთული პირბადით მშობიარობა იყო. შუბლზე ოფლი გასხამს, ნერვიულობ, გტკივა და ამ დროს უჰაერობაა. ერთი საათის განმავლობაში ვიწექი პირბადით. გულიც წამივიდა, მაგრამ ნიღბის მოხსნის უფლება არ მქონდა. ექიმებმა ამიხსნეს, ასეთია პროტოკოლიო".

პირბადით გაიცნო დედა პატარა მართამაც. ვინაიდან ვირუსს გადაურჩნენ, დედა-შვილი სამშობიაროდან მალე გაწერეს, თუმცა პრობლემები ამით არ დასრულებულა. იმის გამო, რომ სავაჭრო ცენტრები დახურული იყო, ოჯახი მართასთვის საჭირო ნივთებს ვერ ყიდულობდა.

გვანცა და მართა


,,ბევრი "საიტი" იყო, მაგრამ ყველას არ ჰქონდა ის ნივთები რაც მე მჭირდებოდა. შემდეგ აგვიანდებოდა ამანათებს. ძალიან ვიწვალეთ. რომ ვიხსენებ, რამდენად მარტივი იყო ამ ყველაფრის გავლა პირველი ფეხმძიმობისა და მშობიარობის დროს, ვიდრე ახლა, ვხვდები, რომ ძალიან რთულ დროში გვიწევს ცხოვრება".

კორონავირუსმა კიდევ ერთი ტრადიცია შეცვალა. მართა უკვე სამი თვისაა, მაგრამ მეგობრებს და ნათესავებს ის არ გაუცნიათ. პანდემიის დროს დაბადებული ბავშვების სანაცნობო წრე ოჯახის წევრებით შემოიფარგლება.

მაიკო, 29 წლის

მაიკო პანდემიის პერიოდში დაბადებული "გოლიათის" დედაა, ნიკოლოზი ქუთაისში ყველამ უცებ გაიცნო, ახალშობილი, რომელიც 5 კილოგრამს იწონიდა და კორონავირუსს ებრძოდა.

,,ექიმები ნაყოფის დიდ წონას ვარაუდობდნენ, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა", - გვიყვება მაიკო.


ნიკოლოზი ექიმთან ერთად


იმისთვის, რომ შვილი მუცლადყოფნის პერიოდში კორონავირუსისგან დაეცვა, სოფელში გადასახლდა. ექიმთან კონსულტაციაზე მარტოს უწევდა ქალაქში სიარული. განახლებული პროტოკოლით კლინიკაში მხოლოდ ფეხმძიმეები დაიშვებიან.

,,ძალიან რთული იყო კონსულტაციაზე მარტო, მეუღლის გარეშე სიარული, ყველა სასიხარულო ინფორმაციას ტელეფონით ატყობინებ მნიშვნელოვან ადამიანებს".

მაიკო კლინიკაში პირბადეს არ იხსნიდა და დისტანციასაც იცავდა, თუმცა, საკეისრო კვეთამდე ერთი დღით ადრე, 16 ნოემბერს, კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდდადებითი ფეხმძიმე კლინიკაში დატოვეს.

,,შემეშინდა... ვიჯექი დერეფანში და ვტიროდი, უამრავი ფიქრი მიტრიალებდა თავში. პირველ რიგში ნაყოფზე ვფიქრობდი, თუმცა ექიმები მამშვიდებდნენ, რომ ბავშვს მუცლად ყოფნის დროს არ გადაედებოდა კოვიდი და ამის შანსი დაბალი იყო".

მაიკოს შიში გამართლდა, საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებულ "გოლიათს" კოვიდ-19 დაუდასტურდა. დედა-შვილი ექიმებმა ერთ პალატაში მოათავსეს. თუმცა იმ ფაქტმა, რომ ოჯახის წევრებს მათი ნახვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ნიკოლოზის და, სამი წლის მარიამი გააბრაზა.

,,ტელეფონით მინდოდა საუბარი მარიამთან და გაბრაზებული იყო, არ მელაპარაკებოდა. რატომ არ მნახულობს დედა და ნიკოლოზი რატომ არ მოჰყავსო, მისთვის ამ ყველაფრის გაგება რთული იყო. ჩემზეც ძალიან ცუდად იმოქმედა ახალშობილთან ერთად მარტო, იზოლაციაში ყოფნამ".

მამამ ნიკოლოზი ფოტოებით და ტელეფონით გაიცნო. დედა-შვილი, ორი კვირის განმავლობაში, ოჯახთან ონლაინ ურთიერთობდა. მათ კლინიკა გამოჯანმრთელებულებმა დატოვეს.

პანდემიური მეან-რეგულაციები

ქუთაისში, კოვიდდადებით ფეხმძიმეებს კლინიკა ,,ბომონდი" ემსახურება. ექიმები და ექთნები იქ ისეთივე სპეც. კომბინიზონებში მუშაობენ, როგორც დანარჩენ ცხელების ცენტრებში.

კორონავირუსის გამო განახლებული პროტოკოლის მიხედვით, მშობიარობაზე დასწრების უფლება აღარ აქვს მამას ან ოჯახის სხვა წევრს. ახლობლებს ახალშობილის ნახვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ბავშვი კოვიდუარყოფითია.

,,ახალშობილი თუ კოვიდდადებითია, მას ოჯახის წევრები ვერ ნახავენ, რადგან მიმდინარეობს მისი მკურნალობის პროცესი", - ამბობს მეან-გენეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

ახალშობილების პირველი ფოტოგრაფები ექიმები და ექთნები არიან. უღებენ, რომ ოჯახის წევრებს გააცნონ. ჩვილები კი განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ, იზოლირებულები არიან.

,,არსებობს სპეციალური პოსტი, სადაც ნეონატოლოგები და ახალშობილთა ექთნები უვლიან ჩვილს. რაც შეეხება ძუძუთი კვების პროცესს, კოვიდინფექციის გარდა, თუ სხვა უკუჩვენება არ არსებობს, ამ შემთხვევაში დედას შეუძლია გამოკვებოს ახალშობილი, ჰიგიენური ნორმების დაცვით", - გვიყვება მეან-გენეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

კოვიდდადებითობა არც ძუძუთი კვების დროს არის დაბრკოლება და არც საკეისრო კვეთის აუცილებლობას იწვევს. ახალშობილისა და მელოგინე დედას კლინიკაში მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით ტოვებენ.

,,კოვიდინფიცირებულ პაციენტებში საკეისრო კვეთა არ წარმოადგენს აბსოლუტურ ჩვენებას. მათთვის ტარდება ჩვეულებრივად, როგორც საკეისრო კვეთა, ასევე ბუნებრივი მშობიარობა შესაბამისი ჩვენებების მიხედვით", - ამბობს თეონა ლორთქიფანიძე.

პანდემიის გამოცხადებიდან (2020 წლის მარტი) მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისამდე კლინიკა ,,ბომონდში" კოვიდდადებითის დიაგნოზით 90-მა ქალმა იმშობიარა. 65 ახალშობილმა კი დაბადებისთანავე, კოვიდ-19-თან დიდ ბრძოლაში გაიმარჯვა.

2020 წლის მარტიდან დღემდე, საქართველოში 46 520 ბავშვი პირბადეაფარებულმა დედებმა გააჩინეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.