„ემოციების კოლექციონერის“ და როკ-ჯგუფების მენეჯერის სოფელზე გაცვლილი ცხოვრება
16:06 / 21.04.2021
ხონისკენ მიმავალი გზიდან იმერეთის დაბლობზე შეფენილი
დასახლება მოჩანს.
გუბისწყლის მარჯვენა სანაპიროსთან, სადაც ზაფხულობით
მხიარულად მოთამაშე ბავშვებსაც მოჰკრავთ თვალს, სოფელი პატარა გუბია.
ბოლო წელია იქ მოზარდების ხმაური არა მხოლოდ ზაფხულში ისმის. ბოლო
წელია იქ არა ერთი კერა გათბა.
კატო ცაცაშვილი, პანდემიის პერიოდში, ქუთაისის სკოლაში, მეტწილად,
პატარა გუბიდან დადის. მოსწონს თავისუფლება და სილაღე, რასაც ბუნება
სჩუქნის, ამიტომ სოფლის გზაზე ყოველდღე სიარულს ეგუება. ბებია-ბაბუას
აქამდე მხოლოდ არდადეგებზე სტუმრობდა. კორონავირუსმა ყველაფერი
თავდაყირა დააყენა და მამამისს ოჯახის ქალაქიდან გარიდების
გადაწყვეტილება მიაღებინა. გია ციციშვილი ფიქრობს, რომ ეს მისი
ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი იყო.
,,მე თავიდან აღმოვაჩინე ჩემი სოფელი", - გიასთვის
ხონის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელი აქამდე უბრალოდ დასასვენებელი
ადგილი იყო, სადაც ასაკში შესული დედ-მამა გადასახლდა. საყოველთაო
კარანტინის დროს, მათ ცოლ–შვილთან ერთად ჩააკითხა და დარჩა.
პროფესიით ინჟინერი, მას შემდეგ ქუთაისში მხოლოდ დღის პირველ ნახევარს
ატარებს, თავისი სამსახურისა და შვილის სკოლის გამო. მერე ისევ ძველი
ქართული ორნამენტებით მოჩუქურთმებული ოდისკენ მიემართება.
"ჩემი სოფლის ქალაქთან სიახლოვე პრობლემებს არ მიქმნის აქედან
სამსახურში ვიარო. დილით მანქანით ერთად გავდივართ და საღამოსკენ
ასევე ერთად ვბრუნდებით. სოფელმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა ოჯახის
წევრები. ახლა უფრო მეტ დროს ვატარებთ ერთად".
საკუთარ თავს "ემოციების კოლექციონერს" უწოდებს. სოფელი გიასთვის ამის
უშრეტი წყარო აღმოჩნდა. შრომაც "კოლექციის" ნაწილია. შაბათ–კვირას
მთელი ოჯახი ხელში თოხს იჭერს და იმ ხესა თუ მცენარეებს უვლის, მთელი
შემდეგი წელი რომ აჭმევს.
„ვცდილობთ პროდუქტი შხამ-ქიმიკატების გარეშე მოვიყვანოთ. ჩვენ
თავად ვამზადებთ კომპოსტს და მას ვიყენებთ სასუქად. მშვიდად ვარ, როცა
ჩემი შვილი და ოჯახის წევრები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით
იკვებებიან".
საკარმიდამო ნაკვეთის ერთ ნაწილში სიმინდის მოსავალს ელიან, მეორეში -
კარტოფილს. იქვე, ახლოს მარწყვი ყვავის. ეზოში ხეხილიც ბლომადაა,
ბევრი ახალშენია. ორ წელიწადში მისი ნაყოფიც "ემოციების კოლექციას"
შეავსებს.
"მცირე თხილის ბაღიც გავაშენეთ. გაისად ახალი ნერგების ჩაყრა
მინდა. ტერიტორია ერთი ოჯახისთვის საკმარისი მაქვს და ვაპირებ
მაქსიმალურად ავითვისო. კარგი ნიადაგია აქ და იმედია, მოსავლითაც
გამახარებს. რადგანაც სოფლეში ვცხოვრობთ, აუცილებელია სოფლის
მეურნეობის პროდუქტებით საკუთარი ოჯახი თავადვე ვუზრუნველვყოთ. მე არ
მესმის გლეხის, რომელიც მწვანილს ბაზარში ყიდულობს."
გიას უფრო მასშტაბური გეგმაც აქვს. დეტალების გამჟღავნება არ სურს,
თუმცა ამბობს, რომ ის პატარა გუბში ეკო–გარემოს შექმნას უკავშირდება.
ამ ფონზე ქალაქი სულ უფრო მეტად კარგავს ხიბლს.
კიდევ ერთ სოფელში, კოკაში, ბავშვების ჟრიამულს ოთხი ხმა შეუერთა
დოღონაძეების ოჯახმა. 13 წლის სანდროს, 10 წლის ბარბარეს, 9 წლის
ნინოს და 4 წლის ნიკოლოზს მოსწონთ ბუნებაში ლაღად სირბილი, მდინარეზე
ჩასვლა, ცხოველებთან თამაში და მათი მოვლა. ბაბუასთან ერთად მიწის
დამუშვებაც უწევთ, თუმცა, "ასფალტზე გაზრდილები" არც ამაზე
წუწუნებენ.
ხვიჩა დოღონაძეს მამაპაპისეულ ოდაში გადასახლება შვილმა შესთავაზა,
რომელიც ხედავდა, როგორ გაუჭირდა მამას პანდემიური იზოლაცია. მანამდე
როკ-კონცერტებისა და სხვა ტიპის საღამოების ორგანიზატორი, როგორც
თავად ამბობს, სრულ სიცარიელეში აღმოჩნდა. მაშინ ვერც იფიქრებდა, რომ
დიდი ფსიქოლოგიური სტრესისი მკურნალი სოფელი აღმოჩნდებოდა. შვილთან და
შვილიშვილებთან ერთად, ახლა კოკას არა მხოლოდ საცხოვრებლად,
ბიზნესადაც განიხილავს.
,,პანდემიის დროს, როცა ყველაფერი დაცარიელდა, შვილიშვილებმა
და შვილებმა შემაგულიანეს დავბრუნებოდით სოფელს. აქ, თითქოს, მეორე
სუნთქვა გაგვეხსნა. ყველაფერი ხარობს და სიმშვიდეა".
ხვიჩამ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს საგრანტო
კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მოცვის პლანტაციის გასაშენებლად
გრანტი მოიპოვა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მთაგორიან რელიეფზე გაშლილ
სოფელში დოღონაძეები პირველები იქნებიან, ვინც მოცვს გაახარებს. მთის
წვერზე წამოჭიმული ეზო-კარიდან, ულამაზესი ხედი იშლება. თუმცა, ვიდრე
სოფელს შეავლებ თვალს, ეზოს ნაწილში უკვე გახარებულ ვაზსა და ხეხილის
ბაღს ხედავ.
დოღონაძეების ეზოში დაბრუნდნენ შინაური ფრინველები. პირუტყვისთვის
მოაწყეს ახალი ბოსელი, მათი ნაშიერისთვის ახალი ბაგა.
ახალბედა ფერმერი, სამუშაოების დაწყებამდე, გარკვეულ პრობლემებსაც
შეეჯახა. მისთვის ყველაზე რთული თემში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის
არარსებობაა. ხვიჩა იძულებულია ნაკვეთის დასახნავად ტრაქტორი ქუთაისში
დაიქირაოს.
"სოფლად მოსახლეობას ძალიან უჭირს. რთულია 21-ე საუკუნეში
თოხის და ბარის იმედად იყო. ფინანსური პრობლემები ადამიანებს ტექნიკის
დაქირავების შესაძლებლობას უკარგავს. ჩემ შემთხვეაში, გარკვეული
პასუხისმგებლობა უკვე დამეკისრა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ
შევასრულო. მოცვი მოთხოვნადი კენკროვანია და იმედი მაქვს, გარკვეულ
შემოსავალს მოიტანს. სამომავლოდ გაფართოების იმედიც გვაქვს და ასეთ
შემთხვევაში ადგილობრივების დასაქმებასაც შევძლებთ. ახლო მომავალში
ჩემი ქალიშვილიც აპირებს აქ გადმოსვლას მეუღლესთან და ბავშვებთან
ერთად. ქალაქი ახლოსაა და საჭიროების შემთხვევაში, ადვილად
ხელმისწავდომია. მართალია, ჯერ სრულ კომფორტს მოკლებულნი ვართ, მაგრამ
ვგეგმავთ სახლის გარემონტებასაც და შესაბამისი პირობების შექმნასაც.
ასე რომ, გეგმები არსებობს და ვიმედოვნებ, შვილებთან და
შვილიშვილებთან ერთად, ამ სოფლის პატრონობას", – ამბობს
ხვიჩა.
საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, 3668 სოფელია.
მოსახლეობის რაოდენობა უმეტესობაში განახევრებულია, ზოგი კი,
ფატობრივად, დაცლილია.
ხვიჩას მშობლიურ კოკაში დღეს 180 ადამიანი ცხოვრობს. გიას პტარა გუბში
165.
პანდემია გიას და ხვიჩას ქალაქიდან სოფლად გადაბარგებას თანდათან
მისაბაძს ხდის. დღეს მათი არაერთი მეგობარი ფიქრობს ქალაქის ხმაურის
სოფლის სიმშვიდეზე გაცვლას.
არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ
დაადგას მის მიწაზე ფეხი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები