სკოლის მოსწავლეები „უკაცრიელ კუნძულზე“ სამაშველო გემის მოლოდინში
18:39 / 23.02.2021
მრავალდღიანი პანდემიური ჩაკეტილობის
შემდეგ საკლასო ოთახებში სწავლის განახლებამ მშობლები დილემის წინაშე
დააყენა: თუ ბავშვს სკოლაში გაუშვებს ინანებს, თუ არ გაუშვებს, მაინც
ინანებს.
ონლაინ სწავლით და პანდემიით გამოწვეული იზოლაციის პოლიტიკით ბავშვებს
უზიანდებათ ფსიქიკა, სკოლაში წასვლით კი რისკის ქვეშ დგება მათი
ფიზიკური ჯანმრთელობა.
რისკების ალბათობას სახელმწიფო აჩენს სკოლაში
უსაფრთხოების დაცვის დეტალური გეგმის არარსებობით, ხოლო ფსიქიკური
სტრესების მატებას - პანდემია, რომელიც არავინ იცის როდის
დასრულდება.
რატომ არ უშვებენ ბავშვებს სკოლაში
?
ქუთაისის 38 საჯარო და 10 კერძო სკოლის 28 035
მოსწავლიდან დისტანციურად სწავლა 1250-მა აირჩია. შესაბამისად,
საკლასო ოთახებში დაბრუნების მიუხედავად, მოსწავლეების ნაწილი ისევ
ჩაკეტილ კარში რჩება.
სახლში დარჩენილი ბავშვების მშობლები თავიანთ
გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ სახელმწიფო ზოგადი რეგულაციებით და
მხოლოდ იმ განცხადებით შემოიფარგლა, რომელიც განათლების სამინისტრომ
სწავლის დაწყებამდე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე
გამოაქვეყნა.
ეს განცხადება კი იმაზე მიუთითებდა, რომ ქვეყნის
მასშტაბით სწავლის დაწყებას განათლების სამინისტრო მაინც მოუმზადებელი
დახვდა. საგანმანათლებლო პროცესს არ შეაგება სამოქმედო გეგმა, სადაც
გათვალისწინებული იქნებოდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დეტალები,
რაც სკოლების ადმინისტრაციას გაუადვილებდა საქმეს და მშობლებსაც
მისცემდა ბავშვების დაცულობის მეტნაკლებად მყარ
გარანტიას.
,,რაც უკეთესი იქნებოდა ჩემი შვილების
ჯანმრთელობისთვის, ის მეთოდი ავირჩიე, შედარებით დაზღვეულები რომ
ყოფილიყვნენ", - ამბობს ელენე კვიმსაძე, რომელმაც
შვილებისთვის ონლაინსწავლება აირჩია.
უსაფრხოების გეგმის არარსებობას და სამინისტროს
მოუმზადებლობას მშობელთა ნაწილის პროტესტი და არასამთავრობო
ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" სასამართლო
სარჩელი მოჰყვა.
ამ აქტივობებმა ცოტათი შეაფხიზლა სახელმწიფო და
შეახსენა, რომ კრიზისების დროს სხვაგვარად უნდა
იმოქმედოს.
"მშობლების პროტესტს მინიმუმ ის
შეუძლია, რომ გადაწყვეტილების მიმღებები საერთოდ დაფიქრდნენ, თუ როგორ
უნდა გაიხსნას სკოლები და ბაღები, რა არის ამისთვის საჭირო. ვფიქრობ,
მშობლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ზეწოლით მოხდა, რომ ახლა
ყოველ დღე ვხედავთ განათლების მინისტრს ტელევიზიით, რომელიც
სხვადასხვა საკითხზე აკეთებს განმარტებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი
იმის მიმანიშნებელია, რომ სკოლები საერთოდ არ იყვნენ მზად გასახსნელად
სექტემბერში, როდესაც საპირისპიროს გვიმტკიცებდა
სამინისტრო", - ამბობს ანა წურწუმია, თბილისში გამართული
მშობელთა საპროტესტო აქციის ერთ-ერთი აქტივისტი.
ანა და სხვა მშობლები მიმართავდნენ განათლების
სამინისტროს, რომ წარმოედგინა თანმიმდევრული გეგმა, რომელიც
მაქსიმალურად მორგებული იქნებოდა ბავშვის ინტერესებსა და მათთვის
უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, მშობლები ითხოვდნენ მოქმედების გააზრებულ
სტრატეგიას, რომელიც ხელს შეუწყობდა ბავშვების სოციალიზაციას,
სოციალური უნარების განვითარებას, მენტალური ჯანმრთელობის
მდგომარეობის შენარჩუნებას. ასევე სამინისტროს მხრიდან
საზოგადოებასთან მეტ კომუნიკაციას და მათ ინფორმირებას.
სკოლების მოუმზადებლობის გამო, განათლების
სამინისტროდან პასუხს და მოქმედებას სამართლებრივი გზით ითხოვდა
ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის". ორგანიზაცია
სარჩელში მიუთითებდა, რომ სამი დღის ვადაში სასამართლოს შეესწავლა და
დაევალებინა განათლების სამინისტროსთვის უსაფრთხოების ეფექტური გეგმის
შემუშავება.
,,დღესდღეობით არ არსებობს იურიდიული
დოკუმენტი, რომელიც სკოლებში უსაფრთხოების დაცვას ეხება და განათლების
სამინისტროს მიერაა შემუშავებული", - ამბობს „პარტნიორობა
ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა
არგანაშვილი.
თუმცა, ორგანიზაციამ განათლების
სამინისტროსთვის COVID-19-ის
გეგმის შექმნის დავალებაზე სასამართლოდან უარი მიიღო.
სამაგიეროდ დავალებები მიეცათ
სკოლებს.
სამინისტრომ ხელები დაიბანა და სკოლებს
გადააბარა პანდემიის დროს გაჩენილი პასუხისმგებლობების მთელი ტვირთი.
სახელმწიფოს უცებ გაახსენდა, რომ სკოლების დეცენტრალიზაცია
აუცილებელია და ამის გაკეთება სწორედ კრიზისულ სიტუაციაში
მოინდომა.
"პანდემიის დროს უსაფრთხოებსი დაცვის
დიდ გამოწვევასთან დამოუკიდებლად გამკლავება სკოლებს მიანდეს, როდესაც
მანამდე ყველაფერში ერეოდნენ. დიდი ხანია ვითხოვთ, რომ მეტი უფლებები
მიეცეთ სკოლებს, მაგრამ ასეთ კრიზისულ სიტუაციებში ისეთი სტრუქტურები,
რომლებიც ჩვენზე მეტად არიან დეცენტრალიზებულები, ისინიც კი
ცენტრალიზებულ მხარდაჭერას ითხოვენ. სკოლების ასე მიტოვება, რბილად
რომ ვთქვათ, არასწორია. როდესაც ჩვეულებრივ დროს ყველაფერში ერევა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რაშიც მართლა უნდა ჩაერიოს,
იმ საკითხს იცილებს თავიდან. თითქოს დელეგირებას ახდენს და თავს
იმართლებს იმით, რომ ეს არის დეცენტრალიზაციის პოლიტიკის ნაწილი.
ვინმე თუ წამოეგება ამ რაღაცნაირ ანკესს, არა მგონია. ყველა ხვდება,
ხელისუფლების ვალდებულებაა პირველ რიგში ის, რომ სკოლებს ასეთ
კრიზისულ სიტუაციაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს", -
ამბობს განათლების ექსპერტი რევაზ აფხაზავა.
სკოლებმა ბუნდოვან რეკომენდაციებში თავად უნდა
იკვლიონ გზა და იპოვონ საშუალებები ვირუსის გავრცელების თავიდან
ასაცილებლად. ეს ფაქტი კი მძიმე ტვირთად აწევს სკოლის ადმინისტრაციასა
და პედაგოგებს.
სკოლებში, სადაც მაგალითად, 2000-ზე მეტი
მოსწავლე სწავლობს და საკლასო ოთახების ნაკლებობაა და ეს სკოლა ისედაც
ორ ან სამ ცვლაში ოპერირებს, უნდა მოიფიქრონ (ან ვერ მოიფიქრონ) როგორ
გადაანაწილონ ბავშვები. ვიწრო კლასებში სადაც 36 -ზე მეტი მოსწავლეა
მერხებს შორის როგორმე უნდა მოახერხონ და შესაბამისი დისტანცია
დაიცვან. დიდ სკოლებში, რომელთაც სულ ორი დამლაგებელი ემსახურება, ამ
ადამიანებმა ყოველი შესვენების მერე ყველაფრის დეზინფექცია უნდა
მოახდინონ, თუმცა როგორ უნდა მოახერხონ აქ გამოსავალი სკოლამ თავად
უნდა მოძებნოს და ა.შ.
"დაძაბულობას ვერ ვიშორებ. არ მაქვს
იმედი, რომ ეს რეგულაციაბი დაიცავს სკოლას და ბავშვებს.
გაურკვევლობაში ვარ", - ამბობს ერთ-ერთი პეგადოდი, რომელმაც
ვინაობის დასახელება არ ისურვა.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ქუთაისის მე-12
საჯარო სკოლის დირექტორს, ნათია სულავას. მისი თქმით ის, რომ მთავარი
პასუხისმგებლობა სკოლაზეა, ბუნებრივი პროცესია.
,,ჯანდაცვის სამინისტროს
რეკომენდაციების დაცვაში გასნაკუთრებული სირთულე არ არის. მართალია
შრომა მოემატათ მასწავლებლებს, მაგრამ ყველას გააზრებული აქვს
რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციების შესრულება. ბავშვებს
მართლაც ძალიან მონატრებიათ სკოლა, მზად არიან ყველა წესი დაიცვან.
დისტანციურ სწავლებას კლასებში სწავლება ურჩევნიათ. ხვდებიან, რომ
თუკი დისტანციას არ დავიცავთ, ხელებს არ დავიმუშავებთ, შეიძლება
ვირუსი გავრცელდეს და ისევ დავიხუროთ", - ამბობს
სულავა.
ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლაში 541 ბავშვიდან
დისტანციურ სწავლებაზე 36 გადავიდა. სკოლის დირექტორის ინფორმაციით,
მათი უმეტესობა ჯანმრთელობის პრობლემის გამო დარჩა ონლაინ
რეჟიმზე.
,,დასჯილები უკაცრიელ კუნძულზე" – ბავშვები
პანდემიის დროს
ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ. 2020-იანელთა
თაობა კი პანდემიური ბავშვობიდან მოდის. იმ გლობალური მოვლენიდან,
რამაც ბავშვებს ვირტუალურ, ანდა იმიტირებულ რეალობაში ცხოვრება
აიძულა.
,,როგორია ცხოვრება იზოლაციაში? როგორც
უკაცრიელ კუნძულზე. წარმოვიდგენ თავს უკაცრიელ კუნძულზე. ველოდები
გემს, რომელიც მომაკითხავს და აქედან გამიყვანს, მაგრამ ჯერ არ ჩანს.
ასე წარმომიდგენია პანდემია", - ამბობს 12 წლის
ნინო.
სკოლობანას, მოგზაურობანას, სტუმრობანას თამაში
მარტოობაში - ასეთია ნინის ყოველდღიურობა და მისი მეთორმეტე წელი,
შთაბეჭდილებების მიღების, ენერგიის მოზღვავების ხანა. ოთხ კედელში,
ვირტუალურ ეკრანთან.
"თავიდან ვთამაშობდი სკოლობანას, ზოგჯერ სკოლის
ტანსაცმელსაც ვიცვამდი, მერე ვითომ ტრანსპორტში ვჯდებოდი, ყველაფერი
ეს მენატრებოდა, ბოლოს ამაზეც დავკარგე ინტერესი და მთელ დღეებს
ლოგინში ვატარებდი, ონლაინგაკვეთილებზე. გარეთ იშვიათად
გავდიოდი".
ჩაკეტვა თუ დასჯის მეთოდია, მაშინ პლანეტის
ყველა ბავშვი და მოზარდი ერთი წლით "დასჯილი" აღმოჩნდა. "სასჯელი" კი
უკვალოდ არ ქრება და ღრმად ილექება ფსიქიკაში.
პანდემიურ "სასჯელს" ააცილა ორი შვილი ანა
შალიკიანმა. მან სახალისო წიგნების კითხვით, ყოველდღიური აქტივობით,
სხვადასხვა დღესასწაულების მოფიქრებით პანდემიის ხანა შედარებით
მარტივად გადასატანი გახადა ბავშვებისთვის.
ანამ პანდემიურ ჩაკეტილობას რომ გაეარიდებინა
შვილები, გარე სივრცეში წიგნის კითხვის რიტუალიც შემოიღო. 11 წლის
თემუკამ აქ წაიკითხა „ყვავილები ელჯერნონისთვის“ და წიგნით მოგვრილი
შთაბეჭდილება, ღია გარემოდან მიღებული ემოციებითაც
გაამდიდრა.
თემუკას წიგნის კითხვის პანდემიური
რიტუალი
თუმცა იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებმაც ვერ
მოახერხეს შვილებისთვის პანდემიური სტრესების აცილება, იზოლაციის
კვალთან ბრძოლა მოუწევთ.
,,იზოლაციით გამოწვეული სტრესი
ბავშვებისა და მოზარდებისთვის ბევრად უფრო რთული გადასატანია, ვიდრე
ზრდასრულებისთვის", - ამბობს ფსიქოლოგი ლილე
ყაზაიშვილი.
კოვიდ ინფექცია ბავშვებს შედარებით მარტივად
გადააქვთ, სამაგიეროდ რთულად ეგუებიან პანდემიით გამოწვეულ
აკრძალვებს.
"სრული უფლება და რაციონალური საფუძველი
გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ბავშვები და მოზარდები ძლიერ ზემოქმედებას
განიცდიან, ჩაკეტილობა განსაკუთრებით ნეგატიურ გავლენას მათზე
ახდენს", - ამბობს ფსიქოლოგი ქეთი ფილაური.
სპეციალისტები პრობლემის გავრცელების რამდენიმე
მიმართულებაზე საუბრობენ, რომლებიც უმეტესად ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ
ჯანმრთელობას ეხება.
,,7 წლამდე ასაკის ბავშვებს
ყოველდღიურად სჭირდებათ ფიზიკური და სენსორული აქტივობები,
მრავალფეროვანი შეგრძნების მიღება მათი კოგნიტური და ემოციური
განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. პანდემიის პირობებში სახლში
ჩაკეტილი ბავშვები აღმოჩნდნენ ფიზიკური აქტივობის გარეშე. დღის
რუტინის ასეთმა ცვლილებამ განაპირობა ძილის დარღვევა, მოიმატა
კვებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, გაიზარდა სიმსუქნის და თუნდაც
ოფთალმოლოგიური დაავადების ჩამოყალიბების რისკები. შეიძლება ითქვას,
პანდემია პირდაპირ და ირიბად აისახა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ
ყველა სფეროზე", - ამბობს ნეიროფსიქოლოგი ლილე
ყაზაიშვილი.
უკვე იკვეთება და სახეზეა ფსიქიკური პრობლემები
მოზარდებში.
,,შფოთვის მაღალი დონე, კლინიკური
დეპრესიის სიხშირე, პანიკური შემთხვევების მატება – ეს პრობლემები
მოზარდების 30%-ში ვლინდება," – აღნიშნავს
ყაზაიშვილი.
პანდემიით გამოწვეულ ჩაკეტილ სივრცეში მოზარდები
და ახალგაზრდები მძიმე განწყობებს ვერაფერს უპირისპირებენ.
შესაბამისად, თავს იჩენს ფსიქიკური პრობლემების მწვავე ფორმები.
მიდრეკილება დესტრუქციისა და თვითდაზიანებისკენ, სუიციდური აზრების
გამძაფრებისკენ და სხვა.
"მოზარდი, რომელიც მის სოციალურ
გარემოს, განათლებისა და რეკრეაციის სივრცეს არის მოკლებული კიდევ
უფრო მოწყვლადია, ასევე ხდება დესტრუქციული თვითდამაზიანებელი
ჩვევების ჩამოყალიბების კუთხით", - ამბობს ფსიქოლოგი ლილე
ყაზაიშვილი.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის
ცენტრის მონაცემებით, 2020 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე პერიოდში,
საავადმყოფოების გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში გაიზარდა იმ
ვიზიტების წილი, რომლებიც მოზარდების ფსიქიკური საჭიროებების
მოგვარებასთან იყო კავშირში. ცენტრის მონაცემებითვე, პანდემიის ფონზე,
ასევე მომატებულია 18-წლამდე ბავშვებში ალკოჰოლისა და ნარკოტიკული
ნივთიერების მოხმარება.
საქართველოში, პანდემიის პირობებში მოზარდებისა
და ბავშვების ფსიქიკურ მდგომარეობაზე კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა
ანალოგიურ გამოწვევებზე საუბრობენ ქართველი
ფსიქოლოგებიც.
ფსიქოლოგიური დახმარების "კლუბ სინერგიაში"
გაჩენილი ფსიქიკური პრობლემების გამო მიმართვიანობამ
იმატა.
,,შფოთვების, პანიკური შიშებისა და სუიციდური აზრების მატება - ამ
პრობლემებმა იჩინა თავი და მთელი ეს თვეები ნაკადი არ
შემცირებულა", - აღნიშნავს "კლუბ სინერგიას" ფსიქოლოგი მაია
ხუნდაძე.
სკოლების გახსნამ თითქოს ჩაკეტილი სივრცეც
გახსნა, მაგრამ ამ მოვლენას უკვე დაზიანებული ფსიქიკით შეხვდნენ
ბავშვები. მეტიც, მოზარდების უმრავლესობას ძველ ცხოვრებასთან
დაბრუნების სტრესი აქვს და ღია გარემოსთან შეგუება ხელახლა
სჭირდება.
,,სკოლის დაწყება არ მაშინებდა
სექტემბერში. მზად ვიყავი ემოციურად. მაგრამ ახლა მაშინებს.
მაგალითად, არ ვიცი დაფასთან რომ გავალ, როგორ მოვყვე გაკვეთილი,
როგორ შევასრულო დავალებები კლასში, როგორ ვიურთიერთო. ძალიან უცხო
გახდა ეს ყველაფერი", - ამბობს 14 წლის ანი.
ონლაინ სწავლებამ და ვირტუალურმა გარემომ რეალურ დროში ცხოვრების,
სწავლისა და მუშაობის უნარებიც შეასუსტა ბავშვებში. რისი აღდგენაც,
შესაძლოა, დროში გაჭიანურდეს და რიგ შემთხვევაში გაჭირდეს
კიდეც.
სპეციალისტების თქმით, ამის ერთ-ერთ მიზეზი
ისაა, რომ ბავშების ნაწილმა ონლაინსწავლების ფორმა არასერიოზულად
აღიქვა. ამან კი მათი ყურადღება მოადუნა.
"ბავშვები, რომლებიც შეიძლება ითქვას
მთელ დღეს ატარებენ ეკრანთან, დროთა განმავლობაში დგებიან ყურადღების
ფოკუსირების და ყურადღების შენარჩუნების მნიშვნელოვანი პრობლემის
წინაშე. ეკრანის მიღმა ვეღარ ასრულებენ რუტინულ დავალებებს, რაც
დასწავლის პროცესში მნიშვნელოვანია. ამასთანავე, ბევრი მათგანი
საერთოდ გადაეჩვია საკლასო რუტინას და პროცესს. სამწუხაროდ ონლაინ
გაკვეთილებს ყველა მშობელი, ბავშვი, სკოლა, ნაკლები სერიოზულობით
აღიქვამს და ეს უარყოფითად აისახება ბავშვების პასუხისმგებლობისა და
მოვალეობის გრძნობის განვითარებაზე", - ამბობს ფსიქოლოგი
ლილე ყაზაიშვილი .
როგორც გაუმკლავდნენ სკოლაში დაბრუნებით გამოწვეულ შიშებს ბავშვები და
როგორ აღიდგინონ შესუსტებული უნარები, ამაზე რეკომენდაციებს ავრცელებს
გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი იუნისეფი.
- ორგანიზაცია მოუწოდებს მშობლებს ესაუბრონ შვილებს იმაზე, თუ
რა აღელვებთ სკოლაში მიბრუნების პროცესში. და რომ ეს ღელვა და
ნერვიულობა ბუნებრივი განცდებია.
- ორგანიზაცია ურჩევს მშობლებს ელაპარაკონ ბავშვებს იმ ცვლილებებზე,
რაც სკოლაში დახვდათ. იმ შეზღუდვებსა და უსაფრთხოების ზომებზე, რასთან
ერთადაც მოუწევთ სასკოლო ცხოვრების გატარება.
- მნიშვნელოვანია, ბავშვთან საუბრები წარიმართოს მშვიდად და
პრაქტიკულად.
- Მშობელი ხშირად უნდა დაინტერესდეს როგორ გრძნობს თავს ბავშვი სკოლის
ახალ გარემოში.
- ბავშვის ემოციები მუდმივად შეიცვლება და მშობელმა უნდა დაანახოს
ბავშვს, რომ ეს არ არის
პრობლემა.
პანდემიური სტრესის და მისი ტოქსიკური გავლენის
შემცირებისთავსი ფორმულა აქვს ფსიქოლოგ ლილე
ყაზაიშვილსაც.
სამაგიეროდ, ამ კრიზისულ ხანაში დუმს
ხელისუფლება. კარანტინით და თვეობით ჩაკეტილობით გამოწვეული
ფსიქოლოგიური კრიზისების მართვაზე არანაირი რჩევა ან გეგმა არ ჩანს
სამინისტროს გვერდზე. ყველა სკოლას არ ემსახურება ფსიქოლოგი და
პანდემიით გაჩენილ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლა ბავშვებს
თავად მოუწევთ.
,,ზოგადად ვიტყოდი, რომ სახელმწიფო არ
ზრუნავს ფსიქიკურ პრობლემებზე. მისთვის ეს პრიორიტეტი არ არის.
ფსიქიატრიული სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ მწვავე შემთხვევებზეა
ორიენტირებული. მცირე კომპონენტია გავრცელებულ აშლილობებზე. ხოლო
პრევენციაზე არაა არანაირი კომპონენტი", - ამბობს ფსიქოლოგი
ქეთი ფილაური.
საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი რაიმე ან
ვინმე ვერ იქცა პრიორიტეტად, პირველ რიგში ბავშვები. მოზარდები არ
წარმოადგენენ მთავარ საზრუნავს არც გლობალური კრიზისების დროს,. ვის
გამოც დეტალურ გეგმებს შექმნიდნენ მათთვის ზიანის მაქსიმალურად
ასაცილებლად.
ერთადერთი, რაც სახელმწიფომ მოზარდებისთვის
გაიმეტა, ცხელი ხაზია - 111. თუმცა რამდენად იცნობენ და რეკავენ ამ
ნომერზე ბავშვები, მათ შორის ფსიქოლოგიური დახმარების მისაღებად,
,,ქუთაისიპოსტმა" ამ საკითხებზე “ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროდან
ვერ მიიღო.
,,პანდემია არის კრიზისი, რომელიც ბავშვებს და
მოზარდებს ახლა მათი განვითარების და ჩამოყალიბების ყველაზე
მნიშვნელოვან წლებში შეხვდათ. კრიზისის დროს გამოკვეთილი პრობლემების
ეფექტური გადაწყვეტა შემდგომი ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის
გარანტიაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, წამოჭრილი სირთულე შეიძლება
დარჩეს პრობლემად ან კიდევ უფრო მეტად გამწვავდეს დროთა
განმავლოაბში", - საზოგადოებას აფრთხილებს ლილე
ყაზაიშვილი.
ფსიქოლოგიურად მოუმზდებელი მოზარდები კვლავ
მარტოები რჩებიან. თუმცა, უკვე ღია სივრცეში. ისინი თითქოს მართლაც
უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდნენ, სადაც სამაშველო გემი არავინ იცის
როდის მივა.
არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ
დაადგას მის მიწაზე ფეხი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები