მულტიმედია
ზიანი რეკონსტრუქციის ნაცვლად - წვიმით ჩამორეცხილი ფრესკები გელათში
FaceBook
გელათის მონასტრის მთავარ ტაძარში წყალი ჩადის.

ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, სადაც სახურავი მოჭიქული კრამიტით ახლახანს მოაპირკეთეს, იმდენადაა დაზიანებული, რომ ნაგებობაში ჩასულმა წვიმის წყალმა ფრესკებიც დააზიანა.

ნაწილ-ნაწილ ძირს ცვივა ღვთისმშობლის ფრესკის ფრაგმენტები, თეთრი ლაქებითაა დაფარული სხვა ფრესკები და სინესტისგან ხავსია მოკიდებული კედლებზეც.

ტაძრის ცენტრალური ნაწილი, სადაც წყლი ჩამოდის


მონასტერში გვიყვებიან, რომ პრობლემა სამუშაოების დასრულებიდან მალევე, ერთ თვეში გამოჩნდა. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, რომლის სახურავის ნაწილზე არსებული მოჭიქული კრამიტები ახლა დამტვრეულია, წყალი პირველივე გაწვიმების დროს ჩავიდა. ამის შემდეგ, ტაძრის დაზიანებული ნაწილი დროებით, ე.წ. ტენტით გადახურეს და ტაძარი ისევ ხარაჩოებში მოექცა.

"ტენტით" გადახურული ტაძარი


სამლოცველო ხარაჩოებში

ტაძრის ერთ-ერთი მოძღვარი ამბობს, რომ სახურავზე კრამიტი ბეტონის გაშრობამდე მოაწყვეს, ფრესკების დაზიანების მიზეზად კი ვენტილაციის ჩაკეტვას ასახელებს, რომელიც გადახურვის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა. ამის გამო, მისი თქმით, მონასტრის მსახურები ტაძრის განიავების მიზნით კარებს ღიად ტოვებდნენ, თუმცა, პრობლემას არც ამან უშველა.


,,სახურავზე ბეტონის დასხმის შემდეგ კრამიტი ისე მოეწყო, რომ ცემენტის გაშრობას არ დაელოდნენ, დახურული საჰაეროს გამო კი გამოშრობა ვერ მოხერხდა. ტაძარში ნესტიც ამიტომაა".

რატომ დაზიანდა ასეთ მცირე დროში ძვირადღირებული სახურავი, ზუსტი პასუხი ამაზე არ არსებობს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათის მონასტერში რეკონსტრუქციის ხარვეზებით შესრულების გამო, სრულ პასუხისმგებლობას შემსრულებელ კომპანიას და მუნიციპალური განვითარების ფონდს აკისრებს.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ განმარტებაში ნათქვამია, რომ კრამიტის ხარისხი, რომლითაც ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი გადაიხურა, არ ყოფილა შეთანხმებული სააგენტოსთან.

"2020 წლის თებერვალ-მარტში გამოვლენილი დაზიანებების გათვალისწინებით, დადგინდა რომ ახალი მწარმოებლის მიერ ახალი ტექნოლოგიით დამზადებული კრამიტი არ არის გათვალისწინებული კირ-დურაბზე მოწყობილი გადახურვებისათვის. ცნობილია, რომ კრამიტის დამზადებამდე, შემსრულებელმა კომპანიამ ჩაატარა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევა, რის საფუძველზეც დამკვეთთან (მგფ) შეთანხმდა კრამიტის კონკრეტული მწარმოებელი და დამზადების ტექნოლოგია. რეაბილიტაციის პროცესში კრამიტის მწარმოებლის ცვლილებასთან დაკავშირებით, მხოლოდ სიტყვიერად ეცნობა ეროვნულ სააგენტოს. ცვლილების მიზეზად კი დასახელდა პროექტის მოკლე ვადები და აღინიშნა, რომ მწარმოებლის შეცვლის მიუხედავად, უზრუნველყოფილი იქნებოდა მასალის მაღალი ხარისხი".

წერილში ნათქვამია, რომ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს", რომელიც ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გადახურვის სამუშაოებს 2016 წლიდან ახორციელებს, სამუშაოების დროს გამოვლენილ ხარვეზებზე გაფრთხილება უკვე მიეცა და მათი აღმოფხვრა დაევალა.

სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წარმოების კრამიტი, რომლითაც ტაძრის სახურავი შეიცვლება, უკვე გადის ექსპერტიზას.

ბოლო გაფრთხილება კომპანიამ მიმდინარე წლის პირველ ივლისს მიიღო. პირობების დარღვევის შემთხვევაში კომპანიას სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

რაც შეეხება დაზიანების მასშტაბებს, სააგენტოს ინფორმაციით, კედლის მხატვრობები დაზიანებულია ტაძრის როგორც დასავლეთ, ასევე, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

"გამოვლენილმა ხარვეზებმა ნათლად აჩვენა, რომ გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გადახურვების სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ დეფექტებით შესრულდა. ტაძრის დასავლეთ მკლავზე, სავარაუდოდმ გადახურვასა და კედლის შეპირაპირების ადგილას არსებულ კირის შევსებაზე გაჩენილი ბზარებიდან გამოწვეული წყლის ინფილტრაციის შედეგად დასველდა ტაძრის დასავლეთ მკლავის კამარის სამხრეთ ნაწილში არსებული კედლის მხატვრობა, რომლის გამოშრობის პროცესში წარმოიქმნა მარილის ნადები. დასველების შედეგად ნაწილობრივ ჩამოცვივდა XX საუკუნის რესტავრაციისას გაკეთებული ქიმები. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ ეკვდერზე, სადაც კონცენტრირებულია დაზიანებული კრამიტები, დაფიქსირდა წყლის შედარებით მცირე რაოდენობის ინფილტრაცია, რის შედეგადაც სეგმენტურად დასველდა ეკვდერში არსებული კედლის მხატვრობის ნაწილი, რომლის გამოშრობის პროცესში წარმოიქმნა თეთრი ნადები - სავარაუდოდ მარილი".

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მის მიერ გავრცელებულ განმარტებაში ხარვეზების აღმოფხვრაზეც წერს და აცხადებს, რომ პრობლემას საკუთარი სახსრებით შემსრულებელი კომპანია სრულად აღმოფხვრის.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ  და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.    

მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი  ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.