ევროინტეგრაცია - გზა შინისაკენ "პარალელური საქართველოდან"
16:10 / 03.08.2024
არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ
დაადგას მის მიწაზე ფეხი.
"პარალელურ საქართველოს" ემიგრანტები ქმნიან, რომლებიც მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ.
მათი რიცხვი ყოველწლიურად იმატებს საქართველოში მოსახლეობის კლების
ხარჯზე და ამ პროცესს არა აქვს დასასრული.
საქსტატის ცნობით 2023 წელს ემიგრაციის მაჩვენებელი წინა წელთან
შედარებით 95.6%-ით გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებითვე, კონკრეტულად ქუთაისში, ბოლო 12 წელია,
ყოველწლიურად, მოსახლეობის კლება ფიქსირდება.
თუკი ბოლო წლებში თბილისისა და ბათუმის მოსახლეობა გაიზარდა, ქუთაისი
ამ ხნის განმავლობაში 23 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ამ ადამიანთა შორის იყო ლელა, მადლენი და ნესტანი. მათ ქუთაისი
სხვადასხვა წლებში დატოვეს, სხვადასხვა მიზეზით და ემიგრანტებად
იქცნენ…
ლელას ამბავი
"მიგრაცია ყოველთვის იყო დიდი ვნება. ახლის აღმოჩენის, ახლის გაცნობის
მიმართ და ასევე, იყო საკმაოდ რთული პროცესი. მიგრაციაა - დატოვო
ყველაფერი, რასაც შენი საცეცებით გრძნობ წლების მანძილზე და უცებ,
ფეხი შედგა დიდ, უცნობ სამყაროში" – ასე აღწერს მიგრაციას ლელა,
რომლისთვისაც, ახალი სამყაროს მიმართ პოზიტიური განწყობების
მიუხედავად, ახლის გაცნობის პროცესს მარტივად არ ჩაუვლია.
ლელა გვიყვება, რომ მას და მისი ოჯახის წევრებსაც ყველა იმ რთული
ფაზის გავლა მოუხდათ, რაც ნებისმიერი ემიგრანტის ხვედრია.
ლელა ნიუ-იორკში, ბრუკლინში ცხოვრობს - "დიდი ვაშლის" ემიგრანტებით
მჭიდროდ დასახლებულ მიწაზე. 6 წლიანი ემოგრაციის დროს, ხშირად სმენია,
რომ: "თუ ნიუ-იორკს გადაურჩი, მერე ყველაფერს გაუმკლავდები".
ლელა და მისი ოჯახი ნიუ-იორკს "გადაურჩა". საამისოდ ძალისხმევის
გამოჩენა დასჭირდათ, იმ მასშტაბის ძალისხმევის, რომელსაც შორიდან ვერ
წარმოიდგენდა.
"ბრუკლინი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მიწაა. ეს არის
ქალაქი, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანს
იღებს. ყოველ ავენიუზე სხვასხვა ენის, კულტურისა და რელიგიის
ადამიანები სახლობენ. მათ ბევრი რამ განასხვავებთ, მაგრამ აერთიანებთ
მნიშვნელოვანი - ჩამოსვლის მიზეზი. აქ ყველა ბედის საძიებლადაა
ჩამოსული. თითოეულ მათგანს უწევს გზის გავლა წარმოუდგენელ
კონკურენციაში, რომელსაც ყინულის კედელივით გახვედრებს ეს ქვეყანა -
უმკაცრეს სისტემას," - ამბობს ლელა.
უმკაცრესი სისტემა სასწრაფო რეაგირებას და იმ დიდ მარათონში ჩაბმას
ითხოვს, თავის გადარჩენა რომ ჰქვია. ლელა გვიყვება, რომ გადარჩენის ამ
რბოლაში ემიგრანტები ჩასვლისთანავე ებმებიან.
"ჩვენს ქვეყანაში დღიური სამუშაო საათები და დატვირთვა, ძალიან
განსხვავდება აქაური დღის სამუშაო რეჟიმიდან. გზა - ჩამოსვლის პირველი
ემოციებიდან შეგუებამდე გრძელია და ეტაპებს მოიცავს. როცა ჩემოდნებს
ხედავ, გინდა აიკრიბო გუდა-ნაბადი და უკანმოუხედავად გაიქცე შენს
ქვეყანაში. მაგრამ, უკვე არსებობს პასუხისმგებლობები, როგორც გვირაბი,
მასში უკვე შეხვედი და ეს უნდა გაიარო. ერთ ადგილზე გაჩერება აღარ
გამოდის, უკან დაბრუნებაც წარსულისკენ გახედვად ჩანს და ერთი გზა
რჩება - იარო წინ".
ლელაც მიჰყვა ამ "ახალ ცნებას", რომელიც ემიგრანტობასთან ერთად
იბადება და ბოლომდე შეუყვა გვირაბს - გვირაბის ბოლოს სინათლის
გამოჩენის მოლოდინით.
ნესტანის ამბავი
უმკაცრესმა პირობებმა აიძულა ნესტანი დაეტოვებინა ქვეყანა.
წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აბსოლუტურად ყველა რესურსი
ამოეწურა და ახალ წელს მხოლოდ უშაქრო ჩაით შეხვდა მისი პატარა ოჯახი.
მაშინ მიიღო უმძიმესი გადაწყვეტილება ¬- პატარა შვილის მამასთან
დატოვება და რთული გზით ემიგრაციაში წასვლა. მაშინ გამგზავრებასა და
იტალიაში ჩაღწევაში პროტესტანტული ეკლესია დაეხმარა.
ნესტანი რაღაც პერიოდი იტალიაში დარჩა, შემდეგ საბერძნეთში წავიდა,
ბოლოს - ესპანეთში და აქ დასრულდა მისი ევროტური. ნესტანი ყოველ ჯერზე
უკან - სამშობლოში ბრუნდებოდა იმ იმედით, რომ საქართველოში
გაუმჯობესებული პირობები დახვდებოდა, აქ შეძლებდა თავის რეალიზებას და
ოჯახის რჩენას.
"ემიგრანტები, როდესაც სამშობლოში ბრუნდებიან, არ ხვდებათ ის ქვეყანა,
რასაც ელოდებიან... ის წესები, ის დამოკიდებულებები, რაც საზღვარგარეთ
ყოფნის დროს გადმოიღეს - ევროპული წესები, როცა კანონი კანონია და
როდესაც ადამიანი ერთმანეთზე ზრუნავენ. იგივე გარემო მას არ ხვდება ამ
ქვეყანაში", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "თაობათა დიალოგის"
დირექტორი ნუგზარ კოხრეიძე, რომლის თქმით, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რაც
ისევ ემიგრაციისკენ უბიძგებს მრავალს.
ნესტანმა ამ მხრივ რამდენჯერმე განიცადა იმედგაცრუება. რის შემდეგაც
მას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში წვალებით გადასვლა და ახალ
ქვეყანაში სხვა კულტურასთან თავიდან ადაპტირება უხდებოდა.
ბოლო რეისი ამერიკაში იყო, სადაც მექსიკის გზით ჩააღწია. გაუმართლა,
ნაკლები წვალებით მოხვდა ბევრისთვის შეუღწეველ ქვეყანაში. ახლაც
აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს.
ნესტანი ამბობს, რომ "გაუმართლა" სხვა მხრივაც. გული სწყდებოდა, რომ
სკოლაში ვერც ერთი უცხო ენის სწავლა ვერ მოახერხა. თუმცა ვერასდროს
წარმოიდგენდა, რომ ცხოვრება ამ მხრივ თითქმის დაუჯერებელ სიუხვეს
გამოიმეტებდა მისთვის.
დღეს ნესტანმა ოთხი ენა იცის: იტალიური, ბერძნული, ესპანური, იქამდე,
კატალონიურიც და ახლა ინგლისურსაა შეჭიდებული.
ამბობს, რომ ახალ კულტურასა და ტრადიციებთან შეგუება არასდროს
გასჭირვებია. ნესტანი ამას მისი ღია და მიმღები ხასიათით ხსნის. ყველა
ქვეყნიდან რაღაც მათი კულტურული მახასიათებელი მოჰქონდა:
სამზარეულოდან დაწყებული ანდაზებით დასრულებული.
"თუ ჰყავს სახედარს სამი პატრონი, მგელი გახდება მისი ბატონი" ჩემს
ესპანელ მოხუცს უყვარდა ამის გამეორება და კიდევ ბევრი მსგავსი
სიბრძნის თქმა. ყველა ტრადიციული ოჯახი იყო, თავიანთი საოჯახო
წესრიგით და რელიგიური დღესასწაულებით. ცოტა ჩაკეტილობა სჭირთ. მე რომ
ჩავედი, მთელი სამეზობლო გავიცანი. ეს ურთიერთობა მეხმარებოდა,
სტრესებიდან მათავისუფლებდა", -ყვება ნესტანი.
ევროპისგან განსხვავებით მისთვის ამერიკა სხვა სამყარო აღმოჩნდა,
თავისი ტემპით, ცხოვრების წესით და დიდი შესაძლებლობებით.
"ამერიკა ყველაფრის საშუალებას გაძლევს.
აქ არავინ დაგიწუნებს ასაკის, რელიგიის, ეთნიკური წარმოშვების გამო.
ერთადერთი პირობაა - შრომა არ გეზარებოდეს. აქ ყველაფერი მასშტაბურია,
თუმცა ეს მასშტაბები არ გთრგუნავს. ეს სიმდიდრე არასრულფასოვნების
კომპლექსს არ გიჩენს. გეჩვენება, რომ ამას შენც მიაღწევ დიდი
მონდომების შემთხვევაში. ეს განცდა ევროპაში ნაკლებად იყო", -
გვიზიარებს ნესტანი მის ამერიკულ შთაბეჭდილებებს, რომელიც სრულაიდ
ახალ გამოცდილებად ექცა "სტაჟიან" ემიგრანტს. მადლენის ამბავი
მადლები ემიგრაციის სტრესს გადაურჩა. როგორც თავად ამბობს,
ემიგრანტობა შეძლო და მიიღო, როგორც ცხოვრების ახალი ფურცელი.
"მქონდა ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც ათწლეულები ცხოვრობდნენ
საკუთარი ოჯახებიდან შორს, რაც წარმოუდგენლად დიდი ტკივილია. ჩემს
შემთხვევაში ემიგრანტობა არ ყოფილა სტრესი. მონატრება მქონდა, მაგრამ
არ მყავდა პირადი ოჯახი. თან თავიდანვე კარგ გარემოში მოვხვდი,
მეხმარებოდნენ ენის ბარიერის გადალახვაში", - ამბობს მადლენი.
რამდენიმე თვეში, მანამდე მისთვის სრულიად უცნობ, ბერძნულ ენაზე
ალაპარაკდა, რამაც გაუადვილა ახალ გარემოსთან შეგუება, რომელსაც მალე
გაუშინაურდა.
მადლენს, ლელასა და ნესტანის მსგავდას, საქართველოსთან კავშირი
არასოდეს დაუკარგავს. ისინი საქართველოს ცხოვრებით ცხოვრობენ,
დასავლური წესრიგის, სისტემისა და ღირებულებების გარემოცვაში და
სამშობლოს ამ ღირებულებების და სისტემების გადასახედიდან
აღიქვამენ.
შესაბამისად, ისინი დასავლურ სივრცესთან, კულტურასთან ადაფტირების
სიკეთეებზეც საუბრობენ, იმ მონაპოვრებზე, რაც მათ დასავლეთმა
მისცა.
ემიგრაციის "მონაპოვრები"
"მასობრივი მიგრაციის უარყოფითი გავლენები რა თქმა უნდა დიდია, მაგრამ
მას ასევე აქვს გრძელვადიანი, დადებითი ზემოქმედება ჩვენი ქვეყნის
უახლოეს მომავალზე:
1. მაღალი კომპეტენციების მქონე კადრები სხვადასხვა სფეროებში.
2. რიგითი კანონმორჩილი მოქალაქეები, დიდი შრომის და საქმის წარმოების
გამოცდილებით. რომლებმაც საქართველოში საშუალო კლასის გაძლიერებას
უნდა მისცეს დასაბამი. ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის მთავარი დონორი,
მთავარი სისხლძარღვი - ქართული მიგრაციაა", - ამბობს ლელა.
ამ დონორთაგან ერთ-ერთი ნესტანიცაა. იგი ლამის ოცი წლის განმავლობაში
აძლიერებდა ოჯახს, ამასთან ერთად ქართულ ეკონომიკასაც, მისი
გზავნილებით, რომელსაც მუხლჩაუხრელი შრომით მოიპოვებდა. შრომით,
რომლის მნიშვნელობა დასავლურ სივრცეში სხვაგვარად გაიგო, მას შემდეგ
რაც ამ შრომის შედეგები ნახა.
"ემიგრაციამ მომცა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება,სხვადასხვა
კულტურასთან ზიარების შესაძლებლობა და ამ კულტურიდან ჩემთვის
მნიშვნელოვანი და საუკეთესოს აღება და დანერგვა, რაც პირველ რიგში,
შრომაში და მეორე რიგში, საკუთარი უფლებების დაცვაში გამოიხატება.
უცხო გარემო თავიდან გთრგუნავს. მართალია, ემიგრანტობის სიმძიმე სულ
რჩება, მაგრამ, იმასაც ხვდები, რომ აქედან ბევრი რამის მიღება
შეგიძლია. ის, რაც ამ ქვეყნებს გამოცდილებამ და საუკუნეებმა
დაუგროვა", - ამბობს ნესტანი.
მადლენი იხსენებს იმ დანაკლისს, რასაც საქართველოში გრძნობდა და რაც
ევროპაში სრულად შეივსო.
"საქართველოში იშვიათად მიგრძვნია თავი ისე თავისუფლად და
თავდაჯერებულად, როგორც ევროპაში, სადაც უმეტესწილად დაფასებულია
ადამიანის შრომა, არ ენანებათ შექება და მადლობის თქმა, რასაც
საქართველოში იშვიათად მოისმენ და იგრძნობ", - მიაჩნია მადლენს.
ამ ღირებულებებით აშენა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მათი
სახელმწიფოები და მართვის სისტემები. შედეგები სტატისტიკაში აისახა:
ევროკავშირში მცხოვრები ადამიანები კაცობრიობის 7% -ს შეადგენს, თუმცა
მთლიანი შიდაპროდუქტი - 24%-ია, ანუ წარმოუდგენლად ბევრი, ასე მცირე
რაოდენობის ხალხიდან.
რა ქმნის ამ დოვლათს, რა აქცევს დასავლურ სახელმწიფოებს წარმატებულს?
- კითხვის საპასუხოდ ყოფილი ემიგრანტი დეა ბრიტანეთში ცხოვრების
საკუთარ გამოცდილებაზე ჰყვება.
მართალია ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, მაგრამ
მსგავსი სისტემით და ღირებულებებით იგივე სიკეთეებს მოიმკის, რასაც
ევროკავშირის ქვეყნები.
დეამ ბრიტანეთში ექვსი თვე გაატარა. ბევრი განსხვავება იპოვა, მაგრამ
აღმოაჩინა ბევრი საერთოც საქართველოსთან და ქუთაისთან.
ემიგრაცია და საქართველოს ხელისუფლება
"როდესაც ემიგრანტები საქართველოში დაბრუნდებიან, ისინი თავიანთ
წესებს, რომელიც ევროპაში აითვისეს, შემოიტანენ. შეუძლებელია ისინი ამ
წესებს, რაც დატოვეს ან დახვდებათ იმას დაემორჩილონ. იმ ევროპულმა
წესებმა აქცია ეს ხალხი დამოუკიდებელ ადამიანებად. ფინანსურად ძლიერ
ქალებად. ამიტომ ყველანაირად ეცდებიან ამ წესმა აქაც მოიკიდოს ფეხი",
- ამბობს ფილოსოფოსი ტარიელ დათიაშვილი.
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა -
აღნიშნულია მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ვებ-გვერდზე
განთავსებულ ინფორმაციაში, სადაც მითითებულია, რომ 2015 წლიდან
სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება შესაბამისი პროგრამები და
პროექტები.
"საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების"
პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის
შემდეგი სერვისების მიწოდება: სამედიცინო მომსახურება, სოციალური
პროექტების დაფინანსება, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და
საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა," - აღნიშნულია ინფორმაციაში.
"ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ
პროგრამებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისია
2003 წლიდან ახორციელებს. პროგრამები განკუთვნილია საქართველოს
მოქალაქეებისთვის, რომლებიც უნებართვოდ იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ ან
უარი ეთქვათ ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნაზე.
ნებაყოფლობითი დაბრუნება და რეინტეგრაცია მოიცავს დაბრუნებული პირების
დახვედრას აეროპორტში, კონსულტირებას, სხვადასხვა სახელმწიფო
პროგრამაში გადამისამართებას და აგრეთვე, სარეინტეგრაციო დახმარებას,
რაც, თავის მხრივ, გულისხმობს მათ უზრუნველყოფას დროებითი თავშესაფრით
(საჭიროების შემთხვევაში), მედიკამენტების შეძენას, გადამზადებასა და
დასაქმებაში ხელშეწყობას და მხარდაჭერას შემოსავლის მომტანი
საქმიანობის წამოწყებაში.
პროგრამის დაწყებიდან 2019 წლამდე პერიოდში AVღღ პროგრამების
დახმარებით საქართველოში დაბრუნდა 10.573 ადამიანი 32 ქვეყნიდან
(ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები); მათგან სარეინტეგრაციო დახმარება
გაეწია 5100 ადამიანს, ხოლო დანარჩენებმა მიიღეს მხოლოდ დაბრუნებასთან
დაკავშირებული დახმარება ადგილსამყოფელ ქვეყანაში (საბუთების
მოწესრიგება, ავიაბილეთი, გამოცილება აეროპორტში)"- აღნიშნულია
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებულ
ინფორმაციაში.
თუმცა, ემიგრანტები რომ დაბრუნდნენ და მათი დიდი პოტენციალი მოახმარონ
ქვეყანას, სახელმწიფომ უნდა შეცვალოს მოსახლეობის "განდევნაზე"
დაფუძნებული პოლიტიკა და "მიმღებად" იქცეს განვითარებაზე ფოკუსირებული
პოლიტიკით, ეს კი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის დასავლურ კურსთან და
ევროინტეგრაციასთან - ასე მიაჩნია პოლიტიკოს, დავით ზურაბიშვილს.
"ქვეყნის მოსახლეობის ლამის მეოთხედი რომ ემიგრაციაშია და აბსოლუტური
უმრავლესობა იქ იმყოფება მატერიალური გაჭირვების გამო, ცხადია არ არის
კარგი ამბავი, მაგრამ ეს ერთგვარად ასახავს სოციალურ-მდგომარეობას
ქვეყნის შიგნით და ასევე, ნეგატიურად ახასიათებს ხელისუფლების
პოლიტიკასაც. ნორმალური ხელისუფლების პირობებში, ხალხი ქვეყნიდან
მასიურად არ გარბის ცხადია, მილიონი ემიგრანტი სერიოზული პრობლემაა
საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის. ვითარების გამოსწორებას კი
სჭირდება სწორი სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკა, ქვეყნის განვითარება,
სოციალ-ეკონომიკური თანასწორობა. საშუალო ფენის ზრდა.
ამ მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროინტეგრაციის პროცესს და
საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში", - ამბობს პოლიტიკოსი.
ხელისუფლების მხრიდან დასავლეთის ქვეყნებთან ფრთხილი პოლიტიკის
წარმოების აუცილებლობაზე საუბრობს ლელაც.
"მთავრობა/არსებული ხელისუფლება საკუთარ ხალხთან რომ არ მოვიდეს
წინააღმდეგობაში, ფრთხილ და მშვიდობიან ურთიერთობას უნდა ირჩევდეს
განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან, სადაც მათი მოქალაქეების დიდი
დიასპორები იმყოფება," - მიაჩნია ლელას, რომლის თქმით, გარდა იმისა,
რომ დღეს ხელისუფლება ფრთხილ პოლიტიკას არ არჩევს იმ ქვეყნებთან,
სადაც მილიონამდე მისი მოქალაქე ცხოვრობს, იგი არც საკუთარი
მოქალაქეების ბედით ინტერესდება.
"არავინ არის მომკითხავი, სანამდე შეიძლება გაგრძელდეს ასე. საკუთარი
მოქალაქეების ბედით, ცხოვრების ხარისხით თუ არ ინტერესდება
ხელისუფლება, მაშინ რა არის მათი მოვალეობა და ვალდებულება?!
არა გვაქვს წარმოდგენა, რომ როდესმე იდეალური მთავრობა გვყავდა ამ
მოკლე ისტორიის მანძილზე. არც მომავალში გვაქვს მოლოდინი სასწაულების,
მაგრამ ჩვენი თითოეული ხმა და მხარდაჭერა ეკუთვნის იმ პოლიტიკურ
პარტიას/ გაერთიანებას, რომელიც წარმოადგენს და გაგვაცნობს ქვეყნის
ეკონომიკური ჩიხიდან გამოსვლის ნაფიქრალსა და ნააზრევს. ასე ვთქვათ
პროგრამას. ეს ყველაზე საგულისხმო ასპექტია მომავალი არჩევნებისთვის,"
- ამბობს ლელა.
ემიგრანტები და ანტიდასავლური
პროპაგანდა
მაგრამ არჩევნებამდე სხვა პროცესებია, "უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება და ანტიდასავლური პროპაგანდა,
რომლითაც გაჯერებულია მთელი სახელისუფლო სივრცე, განსაკუთრებული
სიმძაფრით აღიქმება ემიგრაციიდან.
"გარყვნილ ევროპასა და ამერიკაზე ლაპარაკიც არ მინდა, ისეთი აბსურდია.
რამდენ ქვეყანაში ვიყავი და რამდენ ხალხს შევხვდი. განსხვავებული
სექსუალური იდენტობის თავზე მოხვევა არსად მინახავს.
მილიონამდე ქართველია დასავლეთში და რა აჩერებთ მაშინ
ევროპა-ამერიკაში, ასეთ გარყვნილებას თუკი ვინმე თავს ახვევს?! რუსული
პროპაგანდაა და ამაზე არ უნდა წამოეგოს საღად მოაზროვნე ადამიანი,
მითუმეტეს, რომ ოჯახი არ დარჩენილა, ემიგრანტი არ ჰყავდეთ. ამიტომ,
პროპაგანდისტული ტელევიზიების ნაცვლად სჯობია ინფორმაცია საკუთარი
ემიგრანტი ახლობლებიდან მიიღონ", - მიაჩნია ნესტანს.
ანტიდასავლურ პროპაგანდაში რუსულ კვალს ხედავს და მის მავნებლობაზე
მიუთითებს მადლენიც.
"რუსეთი ამ პროპაგანდას საუკუნეა რაც ავრცელებს. საუბედუროდ, ამ
კარგად დაგებულ მახეში ბევრი ებმება. ბევრიც კარგად ხვდება ამ
პოლიტიკის მიზანს, მაგრამ საკუთარი ხელის მოსათბობად ამ ყველაფერს
ემხრობა. სინამდვილეში, ქართველობას, ჩვენს იდენტობას, არავინ
გვართმევს. ამერიკაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ევროპაში ცხოვრების
პერიოდში ვხედავდი როგორ სცემენ პატივს საკუთარ დედ-მამას, არიან
რელიგიურები და მყარად იცავენ ადათ-წესებს... ყოველთვის გეკითხებიან,
რომელ რელიგიას ეკუთვნი, ეს იმისთვის რომ გაითვალისწინონ შენი
იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველამ
კარგად ვიცით ვინც დაგვინგრია ეკლესია-მონასტრები და წაიღო ჩვენი
მიწების 20%," - ამბობს მადლენი.
ნესტანი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ფაქტებისა, ისტორიული
გამოცდილებისა, ინფრომაციაზე წვდომისა, რეალობისა, რომელიც ყველას
თვალწინ ხდება, ადმიანები მაინც ემორჩილებიან პროპაგანდას, მათ შორის
ემიგრანტების ნაწილიც.
"არ მესმის პროპაგანდისტული ინფორმაციის როგორ უნდა გჯეროდეს, როდესაც
წლებია უცხოეთში ცხოვრობ და შენი თვალით ხედავ, რომ სამთავრობო მედია
ტყუილს ამბობს?!"- კითხვას სვამს ნესტანი.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შეეცადა ფილოსოფოსი ტარიელ დათიაშვილი:
"ლოგიკაში არის, მაგალითად, აზრის გარკვეული საგნისა და მოვლენისადმი
სახელის დარქმევის რამდენიმე საფეხური. რაიმე რომ გაარკვიო რა ხდება
შენს თავს, პირველი საფეხურია შედარება. მეორე საფეხური არის ანალიზი.
ანალიზი ნიშნავს დაშალო, მესამე არის სინთეზი, მერე არის აბსტრაქცია
და ბოლოს, ჩვენ ვარქმევთ მოვლენას ან საგანს სახელს. საქართველოში
სხვანაირად ვიქცევით: ჯერ ვარქმევთ სახელს და ამ სახელის მიხედვით
ლოგიკური მდინარება არის აბსოლუტურად დარღვეული. ჩვენ მიდრეკილები
ვართ ემოციურ აღქმებზე, ჩვენ ვენდობით პირველ შთაბეჭდილებას,
ესთეტიკოსი ხალხი ვართ. მეც მათ შორის, მაგრამ ცოტა სხვანაირად. ჩვენ
ჯერ ვარქმევთ საგანს სახელს, პირველივე ემოციიდან, მერე ვმოქმედებთ
იმის შესაბამისად რა სახელსაც დავარქმევთ. ყველა ადამიანი ცდილობს
იყოს სწორ მხარეს, მაგრამ იმის გარკვევა, რა არის სწორი, ძალიან
რთულია, ამას სჭირდება განათლება. გაუნათლებელი ადამიანისთვის
შეუძლებელია ამის გარკვევა, ის ყოველთვის ექცევა პროპაგანდის ქვეშ.
თვალი, რომელიც შენ უნდა გაახილო და პროცესი დაიწყო, ეს მხოლოდ
თავისუფალ ადამიანს შეუძლია და ეს თავისუფლება ჩვენთვის მიუღწეველია
გაუნათლებლობის გამო. ჩვენ გვირჩევნია ვიცხოვროთ მაინც კარნახით.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველზე დიდი მეამბოხე არავინაა, ჩვენ მაინც
ასე ვიქცევით. საბჭოეთმა დაგვაჩინა ეს საშინელი კვალი - ჩვენ
გადავეჩვიეთ პიროვნული გადაწყვეტილების მიღებას", - ამბობს ტარიელ
დათიაშვილი.
პიროვნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა დაინახეს ევროპაში
ნესტანმა და მადლენმა. პიროვნული თავისუფლების, რომელიც მათი
ნაწილიცაა და ამიტომ გახდა მათთვის დასავლეთი, მთელი სირთულეების
მიუხედავად, "მშობლიური" მხარე. დასავლეთმა არ წაართვა, პირიქით
გაახსენა ის რაც ქართველის იდენტობის ნაწილია და რაც საბჭოეთმა
დაავიწყა - თავისუფლება და პიროვნული გადაწყვეტილების უფლება.
დასავლეთი და ევროინტეგრაცია გაბრუნებს იქ, სადაც შენი ადგილია შინ -
საქართველოში, შინ - ევროპაში "პარალელური საქართველოდან".
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები