მულტიმედია
„გვიმღერია, ისევ ვიმღერთ“...
FaceBook

საბჭოთა რეჟიმში,  აკრძალული ტექსტით ყველას დასანახად ემღერა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის  - ეს მხოლოდ ერთმა სამტრედიელმა კაცმა  შეძლო.


ხანდაზმულ ლოტბარს, წინაღობად არც საბჭოთა ხელისუფლების უნდობლობა მიუჩნევია და მომავალს, დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნად ჩაფიქრებულ ტექსტზე დაწერილი ,,გვიმღერია"  შეუნახა
.


სამი ათას წელზე მეტი გვიცხოვრია, როგორც ერსა, მრავალ შავ დღეს მოვსწრებივართ, მაგრამ ბევრსა ბედნიერსა"… ლექსის ეს სტრიქონები შეიძლებოდა საქართველოს ეროვნული ჰიმნის სტროფები  ყოფილიყო ისტორიას რომ სხვაგვარად ენებებინა.

ეს ლექსი აკაკი შანიძემ 1917 წლის დეკემბერში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ნახევარი წლით ადრე დაწერა  და  მას „ქართული ეროვნული ჰიმნი“  უწოდა.

1921 წლის რუსული  ოკუპაციის შემდეგ, ქვეყნის დამოუკიდებლობასთან ერთად, შანიძის ჰიმნიც თვალს მიეფარა. იმ დრომდე, სანამ იგი სახელოვანმა ლოტბარმა, ბენია მიქაძემ არ გაიხსენა.

ერთი სიმღერის ისტორია

სიმღერა მარტო ტექსტი და მუსიკა არაა. სიმღერა ცოცხალი ორგანიზმია თავისი ისტორიით. ბედით, რომელიც ზოგჯერ იმ ქვეყნის ბედს იმეორებს, სადაც შეიქმნა.

1921 წლიდან შეწყვეტილი სიმღერა, 1980-იან წლებში აღდგა. ერთ-ერთი ვერსიით, იგი პირველად ტყვეთა ბანაკში შესრულდა პირველ მსოფლიო ომში მონაწილე, გერმანელთა ტყვე  ქართველი ოფიცრების მიერ.  მათ შანიძის ამ ტექსტით 1918 წელს გამოცხადებულ საქართველოს დამოუკიდებლობას უმღერეს.

ეს ისტორია ბენია მიქაძემ შესაძლებელია, გასული საუკუნის 40 - იან წლებში, პატიმრობისას შეიტყო. რაც ნამდვილად ვიცით ისაა, რომ სიმღერა ბენიას გადასახლებაში, ვინმე კარლო ურუშაძისგან მოუსმენია და ისე მოხიბლულა, მისი აღდგენა გადაუწყვეტია. ამას დღეს ფოლკლორის სპეციალისტი მალხაზ ერქვანიძე გვიყვება,  რომლისთვისაც ეს ამბავი თავად ბენიას სიცოცხლეში  უთქვამს.

გვიმღერია", თითქმის 60 წლიანი პაუზის შემდეგ, მეორედ საბჭოთა მმართველობის ხანაში გაჟღერდა.  მაშინ, როდესაც თავისუფლების სიო მხოლოდ დისიდენტურ, მცირე სივრცეებში უბერავდა, ერთგვარი „გენეტიკური მახსოვრობი კარნახით, „საქართველოს დამოუკიდებლობას“  სამტრედიიდან, ღიად და დაუფარავად, უხუცესები უმღეროდნენ.

ამ პრეცენდენტით, ,,სანავარდოს" დამაარსებელმა ბენია მიქაძემ ბევრად ადრე „აღადგინა დამოუკიდებლობა",  ვიდრე  ეს  საქართველოში 15 წლის შემდეგ მოხდება.

ბენიას მცდელობით, აკრძალულმა სიმღერამ ლეგიტიმური არსებობის უფლება მოიპოვა და არაერთხელ სხვადასხვა კონცერტსა თუ  ფესტივალზე შესრულდა

სიმღერა ისე გახალხურდა მრავალჟამიერის" ერთ-ერთ ვერსიადაც მიიჩნევა", - ამბობს მუსიკოსი და ,,სანავარდოს" მეორე თაობის წევრი, ალექსანდრე ლეჟავა.

ერთი ანსამბლის ისტორია


ბენია მიქაძემ ანსამბლი 1980 წელს შექმნა და სამტრედიის სოფლის სახელი, „სანავარდო“ უწოდა.  ფოლკლორული ანსამბლის პირველ თაობას 11 წევრი ჰყავდა: ისაკ შუბლაძე, იოველ ხარძეიშვილი, რაფიელ ხურციძე, გიორგი დოლიძე,  კალისტრატე ტორონჯაძე, ნესტორ შენგელია,  ბენია მიქაძე, იონა სტურუა, ალექსანდრე ერქვანიძე, პავლე ხუჭუა, კოლია ტორონჯაძე.

ყველაზე ხანდაზმული იოველ ხურციძე,  ას წლამდე გახლდათ, თანაც სმენადაქვეითებული. ამის მიუხედავად, ის აბსოლუტური სიზუსტით ასრულებდა  სამივე ხმას.

ახალი თაობის ,,სანავარდოს"  წევრი, ალექსანდრე ლეჟავა იხსენებს, რომ თავის დროზე სწორედ ამ პრინციპით შეარჩია მომღერლები ბენიამ. ,,სანავარდოს" ყველა წევრი, ყველა ხმაში მომღერალი ასაკოვანი მუსიკოსი იყო.

მრავალხმიან სიმღერაში მნიშვნელოვანია უსმენდე შენი გუნდის წევრებს, შენმა ხმამ არ გადაფაროს სხვისი, აუცილებელია ანსამბლურობა. ზუსტად ასე, შეხმატკბილებულად და უანგაროდ ემსახურა სანავარდო ქართულ ფოლკლორს".

ბენიამ თავის მომღერლების გუნდთან ერთად მოიძია, აღადგინა და გაქრობას გადაარჩინა ათობით ხალხური სიმღერა,  როგორც იმერული, ასევე მეგრული და გურული ფოლკლორიდან: ,,იმერული," ,,მრავალჟამიერი", ,,სუფრული", ,,ფერხული", ,,მაყრული", ,,ვახტანგური", ,,ალილო" და მრავალი სხვა.

,,სანავარდოს" ყველაზე უმცროსი წევრი ნიკოლოზ (კოლია) აბულაძე 63 წლის იყო, როდესაც ანსამბლში მოხვდა. პროფესიით მატარებლის მემანქანე, დღესაც სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფაღაურში ცხოვრობს და ბევრ მოგონებას ინახავს.


95 წლის კოლია აბულაძემ ალექსანდრე ლეჟვასა და ბადრი კვანტალიანთან ერთად სახელდახელოდ შეასრულა „გვიმღერია". ამით პატივისცემა გამოხატა ბენია მიქაძის და „სანავარდოს" ყველა თაობის მომღერლის მიმართ.


ერთი ლოტბარის ისტორია

ბენია სიმღერების გადარჩენამდე, ადამიანების გადარჩენით იყო დაკავებული და ამას თავისებურად აკეთებდა. როგორც კოლია აბულაძე ყვება, ბენია ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა. ამ  გზით  საბჭოთა მთავრობის მიერ მეორე მსოფლიო ომში  გაწვევას ბევრი გადაარჩინა. ამის გამო, ბენია დააპატიმრეს და დახვრეტაც მიუსაჯეს.

იგი სიკვდილმისჯილთა კამერაში 110 დღე იჯდა და ყოველ დღე ელოდა განაჩენის აღსრულებას, მაგრამ მომავალი ლოტბარი სიკვდილს გადარჩა.

ბენიას ისტორიაში შემოდის ლეგენდა - სტალინის ყოველისმჭვრეტელობასა და მითიური შემწყნარებლობის შესახებ. ლეგენდის თანახმადვე, სიკვდილმისჯილ ბენიას მხსნელად მიხეილ კალინინი და თვით იოსებ ბესარიონის ძე მოევლინენ. სასიკვდილოდ ვერ ,,გაიმეტეს“  ქართველი კაცი, დახვრეტა გადასახლებით და 15 წლიანი პატიმრობით შეუცვალეს.

კოლიას მონათხრობის მიხედვით, ბენიამ შორეულ კამჩატკაზეც დაამახსოვრა თავი იქაურ პატიმრებს. სამკურნალო მცენარეების წიგნი შეისწავლა და მთელ ბანაკს მკურნალობდა. ლოტბარმა იქაც ასობით ადამიანს უშველა, რითიც თვით საბჭოთა ზედამხედველებზეც მოუხდენია შთაბეჭდილება და პატიმრობა სამი წლით შეუმცირებიათ.

საბოლოო ჯამში, ბენიამ 12 წელი გაატარა გადასახლებაში, მშობლიურ სამტრედიაში კი მკურნალის სახელით დაბრუნდა.

ამის მიუხედავად, მას   ახალი საქმე და სხვა პროექტი სჭირდებოდა. ნასამართლევ, რეპუტაციაშელახულ, საბჭოთა უშიშროებისთვის არასანდო ადამიანს, ყველაფერი თავიდან  უნდა დაეწყო. ამიტომ  ბენიამაც უხუცესთა ანსამბლი დააფუძნა, კულტურული მისიით - შეენარჩუნებინა და გადაერჩინა გაქრობის პირას მყოფი ხალხური სიმღერები.

ანსამბლმა  მთელ საქართველოს, საბჭოთა კავშირის ქალაქები და სოცბანაკის ქვეყნები მოიარა.  სამაგიეროდ, გუნდის ლოტბარის „არასანდო" წარსულის გამო, ,,სანავარდო" არ გაუშვეს  კუბაში.

„სანავარდოს“ პირველი თაობის ანსამბლმა 1990 წლამდე იარსება. ბენიას შრომაც სამ დისკში ეტევა, თუმცა კულტურული მნიშვნელობა ბევრად სცდება ამ რაოდენობას.

წყალტუბოში ჩატარებულ ერთ-ერთ მუსიკალურ ფესტივალზე იაპონელი სპეციალისტები „სანავარდოს" ავთენტური სიძველის, თავისი კუთხური სიმღერების შემნარჩუნებელს უწოდებენ და ყველასგან გამოარჩევენ.

მნიშვნელოვანი მასალა დარჩა სანავარდოს" შემოქმედებიდან - სიმღერები ფაქტობრივად მხოლოდ მათ რეპერტუარში იყო შემორჩენილი. თავად ბენიამ უდიდესი ღვაწლი დასდო ქართულ ხალხურ შემოქმედებას, უამრავი სიმღერაა შემორჩენილი და გაცოცხლებული მათ მიერ, მოკლედ რომ ვთქვათ, ის არის ყველაზე ღირშესანიშნავი წარმომადგენელი ქართული ფოლკლორის და სიმღერის. ფასდაუდებელია ბენია მიქაძისა და „სანავარდოს“ მოღვაწეობა“, - ამბობს ფოლკლორისტი და ლოტბარი გიორგი უშიკიშვილი.

გვიმღერია, კვლავაც ვიმღერთ" - საქართველოს ჰიმნი ვერ გახდა, თუმცა იგი „სანავარდოს" „ჰიმნია“, რომელიც  ყველას ახსენებს მთელ ქართულ მემკვიდრეობას -  ისტორიას, კულტურას, დანაკარგის ტკივილს, მომავლის რწმენას და თავისუფლების სიყვარულს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.