ეს
პატარა ,,სოფელი", პაწაწინა ქვის სახლებითა და გვერდიგვერდ მცხოვრები
მეზობელი პერსონაჟებით, ქუთაისში, ერთი მასწავლებლის ეზოში მოწყობილი
მიკროსამყაროა.
მინიატურულ, ზღაპრულ ,,სოფელს" თავისი ბინადრები ჰყავს: სმურფები,
ჯუჯები, გარეული და შინაური ცხოველები. ზოგი სასახლეში ცხოვრობს,
ზოგიც ამ სასახლის მცველია.
,,სოფელში" კეთილი და ბოროტი პერსონაჟებიც ცხოვრობენ, თუმცა
ეს მხოლოდ მათი ეპიზოდური როლია, რადგან აქ ყოველთვის სიკეთე
იმარჯვებს და არსებობას ყველა ჰარმონიულ გარემოში
აგრძელებს.
54 წლის ლია
ჭიქაბერიძეს მინიატურული ,,სოფლის" შექმნისკენ სწორედ ზღაპრების
სიყვარულმა უბიძგა. მისი შექმნისთვის კი თავისუფალი დრო პანდემიურმა ჩაკეტილობამ
დაუტოვა.
,,ზღაპრები ბავშვობიდან მამამ შემაყვარა. ალექსანდრე გრინის
,,ალისფერი იალქნები" დღემდე მაშინდელ
შთაბეჭდილებებში მაბრუნებს. სულ ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა
ჩემი სოფელი შემექმნა, სადაც ადამიანები და ცხოვრლები მწვანე
ჯანსაღ, კეთილ და სამართლიან სამყაროში იცხოვრებდნენ".
ლიამ ზღაპრული ,,სოფლის" ახალი დასახლებისთვის, ჯერ ბაღში ძველი
თხილის ბუჩქები მოჭრა, ტერიტორია დაასუფთავა და მწვანე საფარი მოაწყო.
შემდეგ, ქობულეთიდან ჩამოტანილი კენჭებითა და ნიჟარებით, ციხე-კოშკები
ააგო, ქილებით ჭა გააკეთა, თხილის ტოტებით ძელ-სკამები. ზღაპრის
გმირები კი სხვადასხვა მაღაზიაში იყიდა. ასე თანდათან, ორი თვის
განმავლობაში აშენებდა ,,სოფელს", თუმცა ეს მისი საბოლოო
ჩანაფიქრის დასაწყისია.
ლიას სოფლის შენებაში, ზოგჯერ ოჯახის წევრები ეხმარებიან. ზოგი იდეებს
აწვდის, ზოგი ფიზიკურ საქმეს ინაწილებს. ასუფთავებენ ეზოს, უვლიან
ნარგავებს. ზღაპრულ გარემოში დიდი ადგილი უჭირავს ყვავილებს,
ხე-მცენარეებს, რადგან მათი აზრით, სილამაზე ბუნებიდან
მოდის.
"ჰარმონიული სამყარო მინდა შევქმნა, სადაც მრავალი ეროვნების ადამიანი
ერთად და ბედნიერად იცხოვრებს. ასაკმა ჩემში რომანტიზმი ვერ წაშალა.
უნდა შეგვეძლოს ოცნება და შემდეგ ამ ოცნების გაბედულად ასრულება. მე
ბავშვობის შემდეგ ახლა მოვახერხე ეს და ძალიან ბედნიერი
ვარ".
პედაგოგი მინიატურული
,,სოფლის" პერსონაჟების ისტორიას მალე დაასრულებს. სექტემბერში კი ამ
ზღაპარს თავის მოსწავლეებსაც გაუზიარებს. ამ გზით ყველაზე კარგად
ბავშვებს იმას აუხსნის, რომ ოცნებების ასახდენად თვითონ უნდა
იშრომონ.
მასალის გამოყენების პირობები