რაჭა–იმერეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებობს უნიკალური მღვიმე, რომლის შესახებაც წლებია იციან უცხოელმა სპეციალისტებმა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში კი არაფერი სმენიათ.
ამ ფოტოზე "მურადის მღვიმის"
დარბაზს ხედავთ. მომნუსხველი, საოცარად სიმეტრიული ბურთის ფორმის
სტალაქტიდებით.
მღვიმესთან მისასვლელი გზა გასაიდუმლოებულია. მისი აღმომჩენებისთვის ეს ერთადერთი შესაძლებლობაა ბუნებრივი სიმდიდრის
დასაცავად, რადგან სახელმწიფო საჭირო ზომების მიღებას არ ჩქარობს.
საუბარია, მინიმუმ მღვიმის დაცულ ტერიტორიად გამოცხადებასა და
რეინჯერის მიმაგრებაზე.
,,მრავალი წელია სახელმწიფოს ვთხოვთ დაიცვან მღვიმე.
უპატრონობის გამო, რამდენჯერმე უკვე დააზიანეს უცნობმა პირებმა
ნაღვენთი ფორმები. ასე თუ გაგრძელდა, ზღაპრული, ბუნებრივი ძეგლი
საბოლოოდ დაკარგავს ღირებულებას და განადგურდება", – არჩილ
გეგენავა ერთ–ერთი იმ მოგზაურთაგანია, რომელმაც ,"მურადის მღვიმის"
უცნობ დარბაზს მიაკვლია.
აღმოჩენის ისტორია
მოგზაურთა კლუბ "თეთნულდის" წევრები 2014 წლის ზამთრის ერთ სუსხიან
დღეს, რაჭაში მორიგ ექსპედიციაში მიდიოდნენ, როცა გზად სოჩხეთელ
მწყემსს, მურად ცნობილაძეს შეხვდნენ.
მწყემსმა ბიჭებს შესვენების დროს მის მიერ აღმოჩენილი და მისივე
სახელობის ,,მურადის მღვიმის" დათვალიერება ურჩია.
,,როცა გვითხრა ამ მღვიმედან ცივი ჰაერი უბერავსო,
დაუფიქრებლად გავემართეთ დასათვალიერებლად", – მოგზაურებმა
მიწის ქვემოთ, 200 მეტრამდე სიღრმეში ბევრი იარეს და მღვიმის ერთ
კუთხეში, ერთი ჩრდილი დაინახეს, ფანრები მოიმარჯვეს და ჯერ
ადამიანისთვის ფეხდაუდგმელი, უცნობი გასასვლელიც იპოვეს.
,,სხვა არანაირი აღჭურვილობა არ გვქონდა. უნდა გაგვერისკა.
გასავლელში პირველად მთამსვლელი, გიორგი ენუქიძე გადაძვრა",
– კედლის აქეთ დარჩენილი ბიჭებისთვის საუკუნედ გაიწელა ლოდინის ის 20
წუთი, მღელვარებით სავსე იყო დუმილიც, რასაც მღვიმეში
ყოფნის დროს უსაფრთხოება მოითხოვს.
,,არ შეიძლება იყვირო, ამიტომ გიორგის ვერც ვეძახდით. არც ის
ვიცოდით იქით რა ხდებოდა. ნელ-ნელა ავნერვიულდით, შემდეგ სხვებიც
გადავიდნენ, მაგრამ უკან არცერთი ბრუნდებოდა, ბოლოს, ყველა სათითაოდ
გადავძვერით კედლის იქით", – ექსპედიციის ერთ-ერთ
წევრს, არჩილ გეგენავას, დანარჩენი ,,თეთნულდელების" მსგავსად,
მღვიმის უცნობი დარბაზის აღმოჩენით მიღებული ემოცია დღემდე
მოყვება.
,,ეს არის სხვა სამყარო, ბუნების ხელით, ზუსტად და
სიმეტრიულად ნაძერწი მშვენიერება. მონუსხულები ვიყავით, ვერ
ვლაპარაკობდით. იმ დღეს ყველამ ნამდვილი შოკი
მივიღეთ“.
გამოყენებულია გიორგი დვალიშვილის
ვიდეო:
მღვიმის უნიკალური დარბაზის აღიარებისა და დაცვისათვის, კლუბმა
„თეთნულდმა“ საკუთარი რესურსებით 28-მდე ექსპედიცია მოაწყო:
სამეცნიერო, სამთავრობო, თუ მედიის წარმომადგენლებისთვის. მღვიმის
პოპულარიზაციისთვის რეჟისორ გიორგი დვალიშვილის დახმარებით უანგაროდ
შექმნეს დოკუმენტური ფილმი. მოგზაურებმა ბუნებრივი ძეგლისთვის
სტატუსის მისანიჭებლად ასევე მიმართეს საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.
მღვიმის აღმოჩენიდან
ოთხი წლის განმავლობაში, მოგზაურებმა ვერცერთი უფლებამოსილი
ორგანიზაციიდან პასუხი ვერ მიიღეს. ყურადღების მიქცევის მცდელობა
აშკარად არ ამართლებდა. ასევე მოჩვენებითი აღმოჩნდა, წინასააარჩევნოდ
გაჟღერებული დაპირებებიც, როცა მღვიმე მთავრობის ადგილობრივმა
წარმომადგენლებმაც მოინახულეს. მათ შორის, ერთ-ერთი ფიგურანტი მაშინდელი მხარის
გუბერნატორი, არჩილ ჯაფარიძე იყო.
წარსული გამოცდილება დღესაც მეორდება,
რადგან ინტერესს ,,მურადის მღვიმის" დაცვისთვის ინტერესს არც
ამჟამინდელი მთავრობის წევრები იჩენენ.
ხელისუფლების უყურადღებობის პარალელურად, ,,მურადას მღვიმის"
გადასარჩენად, უცხოელი სპეციალისტები აქტიურობენ. ამის დასტური
ჩეხეთიდან ჩამოსული მეცნიერთა ჯგუფია, რომელმაც მღვიმეში
მიკროკლიმატის შესასწავლი აპარატურა უსასყიდლოდ დაამონტა.
,,რადგან მღვიმე გამოშრობის საფრთხის წინაშეა, ეს აპარატი გვაძლევს
დაკვირვების საშუალებას და ყოველ ერთ საათშია შესაძლებელი ტენიანობის,
ტემპერატურის შემოწმება", - მეცნიერი და მოგზაური ირაკლი
ჯულაყიძე ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს, საწყის ეტაპზე მღვიმე და მის მიმდებარედ
არსებული ტყე დაცულ ტერიტორიად გამოაცხადონ, რათა ბუნებრივი
ძეგლი დაზიანებას
გადარჩეს.
ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, გადაწყვეტილებებს ვერც
ადგილობრივ დონეზე იღებენ. ამბროლაურის მერიაში, აცხადებენ, რომ
საკითხის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ისინი მღვიმის ბედს თავად ვერ
გადაწყვეტენ.
„ჩვენი ინფორმაციით, მღვიმე დაზიანებული არ არის. ის მოსახლეობისგან
მიუდგომელია, თუმცა რადგან ამბობენ, რომ ზიანდება, კიდევ ერთხელ
ვნახავთ და მივიღებთ ზომებს“, - გვპირდება ამბროლაურის
მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ დალაქიშვილი.
ქუთაისის ტურიზმის ცენტრში აცხადებენ, რომ მღვიმე ტერიტორიულად
იმერეთის რუკაზე არ ფიქსირდება. ამიტომ, არც მასზე ზრუნვის
პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ მღვიმეს
ბუნებრივი ძეგლის სტატუსი რომ მიენიჭოს, ამისათვის ჯერ საინიციატივო
ჯგუფის წევრებმა უნდა მიმართონ. სამინისტროს პრესსამსხურის წარმომადგენლის, ბექა
ბარამიძის თქმით, კვლევის სამსახურში ასეთი მიმართვა არ
იძებნება და არც ,,მურადის მღვიმის" ბუნებრივი ძეგლის შესახებ ფლობენ
ინფორმაციას.
„თუმცა
მომართვაც აპრიორში არ ნიშანავს იმას, რომ მღვიმეს ბუნების ძეგლის
სტატუსს მიანიჭებენ. კრიტერიუმი შეიძლება იყოს მისი ისტორიული,
მემორიალური, არქეოლოგიური ღირებულება“.
ამ პასუხებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, უცნობია ,,მურადის მღვიმე"
დაიკავებს, თუ არა კუთვნილ ადგილს იმერეთის, ან რაჭის (რაჭა -
იმერეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარრეობის გამო) დაცულ
მღვიმეებს შორის.
შესაბამისად, ვიდრე მთავრობის წარმომადგენლები ბუნებრივი ძეგლით
დაინტერესდებიან და მის დაცვაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ,
უნიკალური მღვიმე არსებობას ისევ სტატუსის გარეშე, განადგურების
საფრთხის ქვეშ განაგრძობს.
შედარებით დამაიმედებლად ჟღერს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ის
განმარტება, რომლის თანახმადაც, უკვე დამტკიცებულია 10 წლიანი
სტრატეგიული სამოქმედო გეგმა, რომელიც დაცული ტერიტორიების ქსელის
გაფართოებას ითვალისწინებს.
,,სააგენტო მუშაობს
ამ მიმართულებით, რომ მიმდინარე წლისთვის განსაზღვრული დაცული
ტერიტორიების დაარსების პარალელურად, მოხდეს პოტენციური ბუნების
ძეგლების შესწავლა. ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად
"მურადის მღვიმეს", სტატუსის მინიჭების საკითხი მისი შესწავლის შემდეგ
განისაზღვრება“, - ამბობს სააგენტოს მარკეტინგის სამსახურის
ხელმძღვანელი ნიკო თევდორაშვილი.
დაკარგული ტურისტული
პოტენციალი
მაშინ, როდესაც მსოფლიოში მწვანე და
ექსტრემალუტრი ტურიზმი სულ უფრო მიმზიდველი ხდება, საქართველოში ამ
მხრივ ინტერესი არ ჩანს. არადა, "მურადის მღვიმეს" უნიკალურობის
გარდა, მიმდებარე ტერიტორიაზე სწორედ ექსტრემალური ტურიზმის
განვითარების პოტენციალი გააჩნია.
,,თუ ამ მღვიმესა და ტერიტორიას მოუვლიან, შესაძლოა რაჭისა და
იმერეთის (მღვიმის მდებარობიდან გამომდინარე) რეგიონს კიდევ ერთი
საინტერესო ტურისტული ობიექტი შეემატოს. რაც მინიმუმ სახელმწიფოს
შემოსავალს გაუზრდის, ქვეყანას კი ბუნებრივ ძეგლს შეუნარჩუნებს.
მაგალითად, მღვიმესთან ულამაზესი მდელოა, სადაც კემპინგი შეიძლება
მოეწყოს, იქვეა კანიონი, საიდანაც თოკით დაშვებაა შესაძლებელი, შაორის
ტბა, სადაც სათევზაო ტურიზმი შეიძლება განვითარდეს. ვიღაც ცხენს
გააქირავებს, ვიღაც პროდუქტს გაყიდის, ვიღაც ტურისტს ღამეს
გაათევინებს", - კლუბ ,,თეთნულდის" მოგზაურები იმასაც
აღნიშნავენ, რომ მღვიმეების მიმართ საქართველოში ტურისტების ინტერესი
არ იკლებს.
მოგზაურების არგუმენტებს მღვიმეებით
დაინტერესების თაობაზე, სტატისტიკაც ამყარებს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იმერეთში, სათაფლიასა და პრომეთეს
მღვიმეებს ყოველწლიურად, 270 000 ვიზიტორი სტუმრობს.
2018 წელს, ეკოტურისტული სერვისებიდან საქართველოში მიღებულმა შემოსავლებმა სულ 8
436 125 ლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ
მაჩვენებელთან შედარებით (4 504 473 ლარი)
87%-იან ზრდას ნიშნავს.
ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები 2018 წლის
განმავლობაში 98%-ით
გაიზარდა პრომეთეს მღვიმეში, რადგან
2017 წელს შემოსავალმა 1 887 064 ლარი, ხოლო
2018 წელს - 3 737 605 ლარი შეადგინა.
ტურიზმის სფეროში მღვიმეების მიმართ აქტიურ ინტერესზე ყვება
საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე, ლაშა
ბერეკაშვილიც. ის ამბობს, რომ ეკონომიკური სარგებლის გარდა,
მთავრობისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ბუნებრივი ძეგლების
დაცვის საკითხი.
,,სწორედ ადგილობრივმა მოხალისემ გადაარჩინა ,,პრომეთეს
მღვიმე" თავის დროზე დაზიანებას და იგივე ხდება ,,მურადის მღვიმესთან"
დაკავშირებითაც. სახელმწიფო უნდა ცდილობდეს ახალი მარშრუტები,
ადგილები გაჩნდეს ქვეყნის ტურისტულ რუკაზე, რათა განმეორებით ტურიზმს
შევუწყოთ ხელი. ,,მურადის მღვიმე" შეიძლება იყოს ამის
მაგალითი, და სამწუხაროა,რომ ეს ასე არ
ხდება".
დღეს ვითარება ასეთია: კედლის იქით აღმოჩენილი სიმდიდრე
აღიარებას და გადარჩენას ითხოვს, ხოლო სახელმწიფო კი კვლავ
,,კედლის მიღმა" რჩება...
მასალის გამოყენების პირობები