როცა კორონავირუსმა ყველა სახლში
გამოკეტა, მოწყენილობის უჩვეულო პერიოდიც დადგა. ორთვიან სტაგნაციას
ზოგმა სტრესით, ზოგმა საკუთარი თავის ახლებურად აღმოჩენით
უპასუხა.
მაიკო ლოფთქიფანიძე ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც პანდემიის დროს გამოთავისუფლებული დრო შემოქმედებითი უნარების აღმოჩენას მოახმარა.
ყველაფერი შემთხვევით დაიწყო,
ერთ ჩვეულებრივ მოწყენილ დღეს, გახალისებისთვის ოთახების ინტერიერის
შეცვლა რომ გადაწყვიტა. რადგან პანდემიურ პირობებში ყველა
მაღაზია დაკეტილი ეგულებოდა, ამიტომ ნივთების შექმნა თავად დაიწყო და
კიდეც გამოუვიდა.
"დეკორატიული ნივთები ყოველთვის
მომწონდა, განსაკუთრებით ხელნაკეთები. იმისთვის რომ მათი შექმნა
თვითონაც მეცადა, არასდროს მრჩებოდა დრო. თვითიზოლაციისას დრო თავზე
საყრელად მქონდა, ამიტომ ერთი პატარა კალათის ქსოვა დავიწყე, სახლს
ახალი ნივთი შევმატე და გავახალისე. შემდეგ სხვებსაც რომ მოეწონა,
მეორეც მივამატე," - გართობის მიზნით დაწყებულმა
საქმემ, ნივთების მატებასთან ერთად სხვა სახეც მიიღო. მეტიც,
სულ რაღაც რამდენიმე დღეში ჯერ ბიზნესიდეად, შემდეგ ონლაინ - ბიზნესად
იქცა.
მაიკო ლორთქიფანიძე ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელია. ამავდროულად,
სამი შვილის დედა. თვითიზოლაციის დროს დაწყებულ ბიზნესში საქმის
თანაბრად განაწილებისთვის მეგობარიც დაიხმარა და ფეისბუქში
ონლაინ სახელოსნო
,,ჯუთ-არტი" ერთი თვის წინ შექმნა. თვითნასწავლი ხელოსნის ხელში
ჩვეულებრივი თოკებით
შექმნილი ნივთები: საყვავილეები, მაგიდები და მორთულ-მოკაზმული
ჭურჭელი მომხმარებლის მოწონებებს უკვე უხვად იმსახურებს.
,,ძალიან მონდომებულები ვართ. გამოხმაურებაც პოზიტიურია. სწრაფად რომ
ავეწყვეთ ამ საქმეს, ესეც პანდემიის დამსახურებაა, დრო გვქონდა და ეს
დრო ეფექტურად დავხარჯეთ. ასევე პანდემიურ რუტინასაც ადვილად
დავაღწიეთ თავი, შეიძლება ითქვას შემოქმედებითად," -
მაიკო ლორთიფანიძის
ბიზნესპარტნიორი, ეკატერინე არაბიძე, ძირითადად ჯუთით შექმნილი
ნივთების რეკლამირებასა და გაყიდვების ორგანიზებაზე
მუშაობს.
მაიკო მთავარი ხელოსანია. ის
გვიხსნის, რომ ჯუთი სპეციალური თოკია, ჯუთ არტი კი თოკებით ქსოვის
ხელოვნება, რომელიც ძალიან პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში.
ქუთაისში კი თავადაა პირველი, ვინც
ამ საქმეს ხელი მოჰკიდა.
"თვითონ ვისწავლე ყველაფერი. ზოგჯერ ონლაინ ვიდეო - გაკვეთილებიც
მეხმარება დახელოვნებაში, თუმცა აქ მთავარი მაინც ხედვაა. გაფორმების,
დიზაინის და ფორმის დანახვა. ამას გარდა, ნივთები ფაქიზად უნდა მორთო.
ისე, რომ გამძლეც იყოს და ესტეთიურიც."
ახალბედა ბიზნესმენები იმასაც ამბობენ, რომ ჯუთით დამზადებული ნივთები
არა მხოლოდ ლამაზი, არამედ უსაფრთხოა, რადგან ეს უკანანსკნელი მხოლოდ
ეკოლოგიურად სუფთა მასალით მზადდება.
,,თითოეული ნივთის დამზადება დროს, შრომას, ნებისყოფას მოითხოვს.
ზოგჯერ მთელი ღამეც დამიხარჯავს ამ საქმისთვის, თუმცა ეს პროცესი არ
მღლის. პირიქით, საოცარია იმის ყურება, როცა თოკი ნელ-ნელა ლამაზ
ნივთად გარდაიქმნება. ამაში მთელს ჩემს პოზიტიურ ენერგეტიკას
ვდებ."
ერთ თვეში მაიკო ლორთქიფანიძემ 50 -მდე ხელნაკეთი ნივთი
დაამზადა. დეკორატიულ ნივთებზე მომხმარებლის მოთხოვნის მატების
პარალეურად, ხელოსანიც უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტის
შექმნას გეგმავს.
,,ფარდაგები, მაგიდის საფარები, ხალიჩები, სკივრები, ლანგრები, ბევრი
სიახლე გვექნება. უკვე შეკვეთებიც გვაქვს და საქმეც სერიოზულ სახეს
იძენს, რაც ძალიან გვახარებს."
ეკოლოგიურად სუფთა, ლამაზი და
გამძლე ჯუთის ნივთების მინიმალური ფასი ხუთი ლარიდან
იწყება.
პანდემიურ პირობებში შემთხვევით წამოწყებულ, შემდეგ წარმატებით
განხორციელებულ ბიზნესს, მაიკო და ეკა გამარჯვებად თვლიან. ისინი
ამბობენ, რომ თუ ახალ რეალობაში საკუთარ შესაძლებლობებს ახლებურად
დაინახავ, სხვებიც ბევრად უფრო მარტივად გაუმკლავდებიან პოსტპანდემიურ
პერიოდს.
მასალის გამოყენების პირობები