მულტიმედია
ოჯახი, რომელიც სოფელს 30 წლის შემდეგ დაუბრუნდა
FaceBook

არაფერია მიტოვებულ სახლზე უფრო სევდიანი, ისევე, როგორც ვერაფერი შეედრება ფესვებთან დაბრუნების სიხარულს -  მშობლიურ კარმიდამოში მეუღლე და მამამთილი ახალგაზრდა რძალმა დააბრუნა.



ეკა ჯალალიშვილმა რაჭაში 30 წლის წინ მივიწყებული სოფლის გაცოცხლება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბედი თავადაც წარმოშობით რაჭველს დაუკავშირა.

"ჩემი გიჟური ხასიათის გამო, ხშირად მისურვებდნენ მშვიდ, რაჭველ ქმარს. ჰოდა შეძახილმა ხე "გაახმოო" და მართლაც რაჭველ მაჩაიძეს არ დავუკავშირე ცხოვრება? ვინც იგებდა ყველა ამბობდა რაჭის ბუნება ულამაზესიაო. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ჩემს ქმარს  თვალით არ ჰქონდა რაჭა ნანახი. გული როგორ მომითმენდა ეს ამბავი რომ არ გამომესწორებინა,“ - მივიწყებული სახლის, მეზობლების, ემოციებსა და ბავშვობის წლებთან შესახვედრად  ერთ დღესაც ეკამ ქმარი მამათილთან ერთად  მანქანაში ჩასვა და რაჭის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელს ესტუმრა. მშობლიურ ჭიბრევს, რომელიც ოჯახს დაკარგულად მიაჩნდა. 

ჭიბრევი მაღალ მთებში ჩაფლული ულამაზესი სოფელია. მთის ფერდობზე დაფენილი სახლებით, საოცარი ხედებით. ზღაპრული გარემოს მიუხედავად, სოფლად მხოლოდ შვიდი მოსახლე ცხოვრობს.  ძველი, რაჭული ხის ჭიშკრების უმრავლესობა, კარგა ხანია არავის გაუღია.  არც სოფლის ირგვლივ შემოსაზღვრულ მთებს მოუსმენია ხალხმრავალი, მხიარული ყიჟინა.


ვიდეო მოწოდებულია ეკა ჯალალიშვილის მიერ

სოფელში, საიდანაც წარმოშობით ეკა ჯალილაშვილის მამათილი, ომარ მაჩაიძეა - ეს გვარი იღებს სათავეს. ამიტომაც სოფელში მაჩაიძეების ორი უბანია: ჩრდილი და მზიური,როგორც მას  ადგილობრივები უწოდებენ. ჩრდილიანი და მზიანი უბანიც ერთნაირად ლამაზია, თუმცა ცარიელი. დაცლილი და მშობლიური მხარე მაჩაიძეებმა ოცდაათწლიანი მივიწყების შემდეგ ერთი თვის წინ, პანდემიის პერიოდში მოინახულეს.  პანდემიური ,,მოცლილობა" და ჯანსაღი ბუნებისკენ სწრაფვა  ერთგვარი ბიძგი იყო მათთვის სოფელში დასაბრუნებლად.



თითქმის დაცლილ ჭიბრევში დაბრუნებული მაჩაიძეს ცნობა იქ დარჩენილ მოხუცებსაც გაუჭირდათ. ამის მიუხედავად, რაჭული სტუმართმოყვარეობით მიიღეს. ნასახლარის მოძებნაშიც დაეხმარნენ. 

,,აქ სხვა ბედნიერებაა, ყველაზე ხელმისაწვდომი და ნამდვილი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ მთის ხალხი სხვანაირია. სხვანაირი გულიანი, ყურადღებიანი და პატიოსანი. თუ გინდა ადამიანობა ასწავლო შვილს აუცილებლად უნდა ჰ
ქონდეს კავშირი ასეთ ხალხთან და ბუნებასთან!“ -  მშობლიური სახლის საძებნად ჩასულ მაჩაიძეებს პირველად გულიკო ბებო შეხვდა. 92 წლის, საოცარი ენერგიის, ხალისისა და ჯანმრთელობის პატრონი, რომელმაც 30 წლის შემდეგაც გულში ჩაიკრა მეზობელი.


ვიდეო მოწოდებულია ეკა ჯალალიშვილის მიერ


მაჩაიძეებმა კარგა ხნის ძებნის შემდეგ მშობლიური კერა იპოვეს, მართალია სახლი განადგურებული დახვდათ, მაგრამ მაინც ბედნიერები არიან, ნასახლარზე კი ახალი კერის აშენებას გეგმავენ.

მაჩაიძეების სიხარულს სოფელში შემორჩენილი მეზობლებიც იზიარებენ და დაბრუნებულებს დახმარებასაც ჰპირდებიან.

,,გავიხარე, ფესვებს რომ მიაკითხეთ, ჭიბრევში ლეგენდაც აქვთ, რომლის მიხედვითაც  თუ აქაური წყაროს წყალს დალევ სოფლის მოურჩენელი სიყვარულით სამუდამოდ "იწამლები." მაჩაიძეების წყაროს წყალმა ჭიბრევის შეყვარება იცის, მერე უმისოდ ძნელად ძლებენ“ - ამბობს ჭიბრევის ერთ-ერთი მკვიდრი.

ახალმოსახლეობის პერსპექტივის მიუხედავად, ბევრი მიტოვებული სახლი რჩება ჭიბრევში, რომლებთაგან ზოგი ძველებურად ლამაზია, ნამდვილი რაჭული ხის გადახურული ჭიშკრით, თუმცა სევდიანი და მიტოვებული. 


ცარიელი სოფლები საქართველოში


სოფლების დაცარიელების საკითხი საქართველოში აქტუალური პრობლემაა. მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის შესანარჩუნებლად მთავრობამ "მთის კანონიც" მიიღო. ამის მიუხედავად სოფლებიდან მოქალაქეების ქალაქში გადაბარგება არ წყდება

შესაბამისად, დაცარიელებულია საქართველოს დაახლოებით 250 სოფელი. 2014 წლის საყოველთაო აღწერის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიგრაციის ტენდენცია განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებშია. მათ შორის რაჭა-ლეჩხუმის მაღალმთიანეთის 14 სოფელში მოსახლეობის რაოდენობა 10-მდე შემცირდა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კი ცხრა სოფელი დაიცალა.

ამ ფონზე, სახელმწიფო იმედოვნებს, რომ შეღავათების შემოღებით შესაძლებელი გახდება ქვეყნის იზოლირებული სოფლებიდან მოსახლეობის გადინების შეჩერება.

კანონი, რომელიც 2016 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში, მთაში მცხოვრებ მოსახლეობას დამატებითი სოციალური, ეკონომიკური და კომერციული შეღავათებით უზრუნველყოფს. შეღავათები, რომელთა განხორციელებაც ეტაპობრივად მოხდება, მოიცავს ფინანსურ დახმარებას შვილიანი ოჯახებისთვის, სახელფასო დანამატებს მასწავლებლების, ექიმებისა და ექთნებისთვის

მთავრობა ნაწილობრივ დაფარავს ელექტროენერგიის და გათბობის ხარჯებს ზამთრის თვეების განმავლობაში. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები თითოეული ოჯახი პირველი და მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში სახელმწიფოსგან ყოველ თვე, ერთი წლის განმავლობაში ას ლარს მიიღებს. ყოველი მომდევნო შვილის გაჩენისას ფულადი დახმარება ორას ლარამდე გაიზრდება და ოჯახი მას ორი წლის განმავლობაში მიიღებს.

მთაში მცხოვრები პენსიონერები სხვა, დამატებით სოციალურ შეღავათებთან ერთად, 20%-ით უფრო მაღალ პენსიას მიიღებენ. მოსახლეობა ისარგებლებს შეღავათით საშემოსავლო და ქონების გადასახადზე. კომპანიებს მიენიჭებათ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი და ისინი ათი წლის განმავლობაში გათავისუფლებული იქნებიან საშემოსავლო გადასახადისაგან.

ექსპერტები თვლიან, რომ ეს კანონი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს შიდა მიგრაციაზე. თუმცა, მათივე აზრით, კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო, მათ შორის სამუშაო ადგილების შექმნის და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

მთიანი რეგიონებიდან მიგრაცია 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკის შედეგად დაიწყო. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონებიდან მოსახლეობა რუსთავში ჩამოსახლდა და ქარხანაში დაიწყო მუშაობა. დასავლეთ საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის მკვიდრები ქუთაისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად და მანქანათმშენებელ ქარხანაში მოეწყვნენ სამუშაოდ. ცნობისთვის საქართველოში დაახლოებით 4700 სოფელია.

 

ცარიელი სოფლების ,,მშენებელი"


მივიწყებული, თუ დაკარგული სახლების აღმოჩენასა და დაცარიელებულ სოფლების გაცოცხლებაში მოქალაქეებს პირადი ინიციატივით ლეჩხუმელი ლექსო ჩარკვიანი ეხმარება. ლექსომ სოციალური კამპანია ,,დაკარგული სამოთხე" სოციალურ ქსელში ერთი წლის წინ წამოიწყო და საქართველოს სხვადასხვა სოფელში 66 ოჯახი დაასახლა.

41 წლის ლექსო, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს  სოფლებში ჯერ მიტოვებულ სახლებს პოულობს, შემდეგ გამოკეტილი ოდის პატრონს, მერე სოფელში დაბრუნების თუ არა, აგარაკის ქონის მსურველს ფეისბუქში ეძებს. უპატრონოდ დარჩენილ სახლებს, ფოტოებს უღებს, სოციალურ ქსელში ტვირთავს და მათ ვისაც სოფელში სახლის ყიდვას გადაწყვეტს უსასყიდლოდ ეხმარება. 


15 წლის წინ, ლექსომ თავადაც დატოვა მშობლლიური სოფელი აღვი და ქუთაისში გადასახლდა. მაშინ ლეჩხუმში კერის მოდარაჯედ ბებია-ბაბუა დარჩა. წლების მერე სოფლის სახლი გამოიკეტა. მართალია პერიოდულად ადიოდა, თუმცა ერთ დღესაც, როცა მის თვალწინ მეზობლის მიტოვებული ოდა-სახლი წაიქცა, მიხვდა სოფლად არსებულ სიმდიდრეს გადარჩენა სჭირდებოდა. 

"არ მავიწყდება ამ სახლის დანგრევის ამბავი. განსაკუთრებით, თავზარდაცემული მოხუცი გლეხი, „სამოთხე გვეკარგებაო“, რომ ყვიროდა", - ყვება ლექსო, რომელიც დღემდე როგორც შეუძლია, ისე ცდილობს სამოთხე არ დაიკარგოს.



 

ჭიბრევი მაღალ მთებში ჩაფლული ულამაზესი სოფელია. მთის ფერდობზე დაფენილი სახლებით და საოცარი ხედებით.

ვიდეო

სოფელში, საიდანაც მაჩაიძეების გვარი იღებს სათავეს მაჩაიძეების ორი უბანია. ჩრდილი და მზიური. ორივენი ერთმანეთს გაღმა მაჩაიძეებს უწოდებენ.

ფოტო

თითქმის დაცლილ სოფელში დაბრუნებული მკვიდის ცნობა იქ შერჩენილ მოხუცებულ მეზობლებსაც გაუჭირდათ. ამის მიუხედავად თბილად მიიღეს.

,,აქ სხვა ბედნიერებაა, ყველაზე ხელმისაწვდომი და ნამდვილი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ მთის ხალხი სხვანაირია. სხვანაირი გულიანი, ყურადღებიანი და პატიოსანი. თუ გინდა ადამიანობა ასწავლო შვილს აუცილებლად უნდა ქონდეს კავშირი ასეთ ხალხთან და ბუნებასთან!“ - ოჯახი პირველად გულიკო ბებოს შეხვდა.

92 წლის საოცარი ენერგიის, ხალისისა და ჯანმრთელობის პატრონს, რომელმაც 30 წლის შემდეგ მეზობელი გულში ჩაიკრა.

ვიდეო

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.