იმერეთის ამ სოფელში წვიმას არავინ ნატრობს. მეტიც, მისი ეშინიათ. დიდი ხანია აქ საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავებაზეც აღარავინ ზრუნავს.
მთავარი საფიქრალი თავის გადარჩენაა, სოფელში, რომელიც წლებთან ერთად
წყალში იძირება.
მათი ყოველი დილა შიშით თენდება - უხვი ნალექის მოსვლის შიშით, რომელმაც, შესაძლოა, რიონისპირა სახლები კვლავ დატბოროს.
***
წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში მცხოვრები სვანიძეები სახლის ასაშენებელ ფულს 10 წელი აგროვებდნენ. ბევრი იშრომეს. ერთის ნაცვლად ორი ააშენეს. მაგრამ, როგორც თავად ამბობენ, მათი ნაწვალები ნელ-ნელა წყალმა წაიღო.
სამი მეტრის სიმაღლის
ბოძებზე აღმართული სახლი ახლა მიწის პირთანაა გათანაბრებული.
„გული მიკვდება, რომ
ვუყურებ ჩემს ნაწვალებ სახლს წყალი მართმევს. ყველაფერი ჩემი
ხელით არის შეკოწიწებული, ბავშვები წვალებით გავზარდე. ვაი -
ვაგლახით გვაქვს ეს ეზო მოყვანილი, მაგრამ მიიხედ-მოიხდეთ, რას გავს
აქაურობა“, - გვიყვება თინათინ სვანიძე.
ჟონეთი რიონისპირა სოფელია,
სადაც ამჟამად 60-მდე ოჯახი ცხოვრობს. თუმცა, არავინ
იცის, ეს ციფრი როდემდე შენარჩუნდება. ყოველი წყალდიდობის
შემდეგ, სოფელს ადგილობრივები ნელ-ნელა ტოვებენ.
დღესდღეობით ჟონეთში რისკის ზონაში ოთხი ოჯახია მოქცეული, რომელთა სახლები მდინარე რიონთან ყველაზე ახლოს, 50 მეტის მოშორებით მდებარეობს.
მარინე ჯანელიძის ოჯახი ამ ოთხიდან ერთ-ერთია. გასულ წლებში ადიდებულმა მდინარემ საკარმიდამო ნაკვეთის დიდი ნაწილი წაართვა და სახლიც დანგრევის პირას მიიყვანა.
„წყალმა სახლს
კიბის საფეხურები გამოაცალა. პირველ სართულზე გაჩერებაც
მეშინია, რომ არ წამიღოს. როგორც კი წვიმა დაიწყებს, ქუჩაში
გავდივარ შიშისგან. 2600 კვ.მ იყო ჩემი მიწა, 1000 კვ.მ მდინარემ
მიიტაცა“, - ამბობს მარინე ჯანელიძე.
მარტოხელა დიასახლისი იძულებული გახდა, მისი შემოსავლის
მნიშვნელოვანი წყარო, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაეყიდა,
რადგან ცხოველთა სადგომი მოვარდნილმა წყალმა დაუნგრია და საქონლის
გასაჩერებელი ადგილიც აღარ დარჩა.
სოფელის მოსახლეობას ყველაზე
მწარედ 2008 წელი ახსოვს, როცა გაზაფხულ-ზაფხულზე მდინარე რიონი
სამჯერ ადიდდა და საცხოვრებელი ეზოები წყლით დაიფარა. წყალდიდობამ
მაშინ უსახლკაროდ 19 ოჯახი დატოვა. მთავრობის მიერ გაცემული
კომპენსაციით ისინი სხვაგან გაასახლეს.
„10 ათასი დოლარი მისცეს ოჯახებს. ამ ფულით მაშინ რაღაცას იზამდი და
ახლა რას გააკეთებ ამით? - ვერაფერს,”- ამბობს მარინე
ჯანელიძე.
დატბორვის რისკის ქვეშ მყოფი ოჯახების თქმით, სახლების გამაგრებას ან გარემონტებას აზრი არ აქვს, რადგან მდინარე ნებისმიერ დროს შეიძლება ადიდდეს, ყველაფერი გაანადგუროს და გაწეული ხარჯიც ფუჭი აღმოჩნდეს.
ამავე მიზეზით ახალ სასწავლო წელს ზარი აღარ დაირეკება ჟონეთის საჯარო სკოლაში, რომელიც საცხოვრებელ სახლებთან ერთდ წლებია იტბორებოდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სკოლის შენობა, სადაც ათი მოსწავლე სწავლობს, რეკონსტურქციას აღარ ექვემდებარება.
"გადაწყდა, ვუერთდებით ზემო ჟონეთის სკოლას, რადგან დატბორვის გამო სკოლის შენობის იატაკი დაზიანებულია, ისე რომ აღარ ექვემდებარება შეკეთებას,” - ამბობს ჟონეთის სკოლის დირექტორი ელგუჯა იობიძე.
ჟონეთის სკოლა, სადაც სასწავლო პროცესი აღარ
განახლდება
სამაგიეროდ გარუკვეველი რჩება
რისკის ზონაში მცხოვრებთა ბედი, რომლებმაც თავის დროზე განსახლებაზე
უარი თქვეს, რადგან მამაპაპისეული სახლ-კარის დატოვება არ
უნდოდათ.
მათ შიშს, ადგილობრივ ხელისუფლებაში არ იზიარებენ. წყალტუბოს მერიაში განმარტავენ, რომ 2018 წელს მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა და დატბორვის საფრთხე აღარ არსებობს.
“2018 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ. გზების დეპარტამენტის დაფინანსებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოები შესრულდა. პროექტის ღირებულებამ - 985 000 ლარი შეადგინა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, გამომდინარე იქედან, რომ მოგვარდა წლების მანძილზე გადაუჭრელი - ჟონეთის მოსახლეობისა და სოფლის საჯაროს სკოლის დატბორვის პრობლემა.
მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულების შემდეგ სოფელ ჟონეთში სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საფრთხე აღარ არსებობს, შესაბამისად, აღნიშნული სოფლის მოსახლეობას ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულების მოთხოვნით მუნიციპალიტეტის მერიისთვის არ მოუმართავს,” - აღნიშნავენ წყალტუბოს მერიაში.
ხელისუფლების ოპტიმიზმის მიუხედავად, ადგილობრივები თვლიან, რომ შესრულებული სამუშაოები მდინარე რიონს ვერ შეაკავებს.
“მას შემდეგ, რაც სამუშაოები ჩაატარეს, მდინარე არ ადიდებულა, მაგრამ როცა ადიდდება და წყლდიდობა იქნება, შესაძლოა, იგივე განმეორდეს, მდინარეს რა შეაკავებს, წინ რა აღუდგება? ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ უნდა მიგვემართა მერიისთვის,”- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ტარიელ ბობოხიძე, რომელიც ახლა გამოსავალს გასახლებაში ხედავს.
იგივე რეკომენდაციები აქვთ სპეციალისტებს. გარემოს დაცვის ექსპერტი და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ წევრი თეიმურაზ კეპულაძე მიიჩნევს, რომ განსახლების გარდა, შესაძლებელია, ასევე, განხორციელდეს დასილული სანაპიროს გაწმენდის სამუშაოები, თუმცა, ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თანაც, დარწმუნებით ვერავინ იტყვის, ასეთი ჩარევა მდგომარეობას სასიკეთოდ შეცვლის თუ არა.
“მხოლოდ სანაპიროს გაწმენდა არ ხდება, უნდა გაიწმინდოს მთლიანად მდინარის კალაპოტი, ასევე, უნდა გადიდდეს სიღრმე, რაც უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აი, მაგალითად, კალაპოტის გაწმენდის ხარჯით, შესაძლოა, ერთი ქალაქიც კი აშენდეს,” - ამბობს თემურ კეპულაძე და აღნიშნავს, რომ ერთადერთი გამოსავალი ოჯახების უსაფრთხო ადგილებში განსახლებაა, სადაც მათ სამომავლოდ პრობლემა აღარ ექნებათ.
„არიან ეკომიგრანტები, რომლებიც სწორედ ამგვარი მიზეზების გამო სხვაგან გადასახლდნენ. ის სხვა თემაა, რამდენად სწორად ხდება სახელმწიფოს მიერ მათი კომპენსირება, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი ესაა“, - აღნიშნავს გარემოს დამცველი.
ადგილობრივი მოსახლეობაც ამბობს, რომ მათი განსახლება სწორად დათვლილი კომპენსაციით უნდა მოხდეს. თუმცა, მანამდე შესაბამისი მოთხოვნით მერიას უნდა მიმართონ.
“მომართვის შემთხვევაში, თავიდან მოხდება რისკების შეფასება და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, მათი განსახლების საჭიროების თაობაზე,” - განმარტავენ მერიაში.
მანამდე ადგილობრივი მცხოვრებლების ყოველი დილა კვლავ შიშით გათენდება - უხვი ნალექის მოსვლისა და წყალდიდობის შიშით, რომელმაც, შესაძლოა, რისკის ქვეშ მყოფი სახლები კვლავ წყლის ქვეშ მოაქციოს.
მასალის გამოყენების პირობები