მულტიმედია
მიტოვებული "ყაზარმა" და ადამიანები (ფოტო/ვიდეო)
FaceBook

ქუთაისის ცენტრში ერთი ძველი  და მიტოვებული შენობაა. ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინ იგი სამხედრო ყაზარმას წარმოადგენდა.


შენობა მიუხედავია, მაგრამ მნახველს მაინც იზიდავს შთამბეჭდავი ფასადით.

თუმცა, ვიზიტორს რომ მიიტყუებს, ახლოდან სხვა სურათს ახვედრებს. ლამაზი არქიტექტურის ნაშთები და  შენობის ისტორია ადგილს უთმობს "ბოტანიკასა“ და „ზოოლოგიას“. მის სიღრმეში, კედლებსა და სახურავის ნარჩენებზე ათასი სახეობის სარეველა ბალახის ხილვა შეიძლება, ასევე, სხვადასხვა რეპტილიასა და მღრღნელსაც გადააწყდებით. შეიძლება ისეთს, დიდი ხნის წინ გადაშენებული რომ გეგონათ.




გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე მდებარე შენობას თითქმის  25 წელია არ შეხებია მშენებლისა და რესტავრატორის ხელი. აქ ათწლეულებია ბუნება და ქვის ნანგრევები ჰარმონიულად თანაარსებობენ, თუმცა ბოლო პერიოდში ამ ჰარმონიაში ისეთი ნივთები იჭრება, რაც  წესით აქ არ უნდა იყოს.


უფრო მეტიც, ისინი საფრთხეს წარმოადგენენ.


შენობის შიგნითაც და ეზოშიც გამოყენებული შპრიცების მთელი არსენალია.


ქუჩის მცხოვრებლების თქმით, ნანგრევები და შენობის შიდა ეზო წამალდამოკიდებული ადამიანების თავშეყრის, ასევე  პროსტიტუციის ადგილია.




„მოსაღამოვდება თუ არა ყველა მხრიდან მოდიან მანქანები. არაერთხელ მისაუბრია ამ ადამიანებთან, რომ არაა ეს სწორი ცხოვრების წესი. 20 წლის ბიჭი ხარ, ჯერ არ დაგიწყია ცხოვრება და უკვე ასრულებ? წამალს უნდა შესწირო შენი ცხოვრება?! “, - ამბობს დეკანოზი გიორგი გაბუნია, რომელიც შენობის მახლობლად ცხოვრობს და ყაზარმის ეზოში არსებული ეკლესიის რესტავრაციას ხელმძღვანელობს. ტაძარი, ასევე, ორ საუკუნეზე მეტისაა და ყაზარმასთან ერთად აშენდა.


დეკანოზი  ამბობს, რომ ამ ეზოს მუდმივ სტუმრებს წამლის სანაცვლოდ საქმეს თავაზობს - ეკლესიის რესტავრაციაში მონაწილეობას. მაგრამ, მისი თქმით, ამის სურვილს არავინ იჩენს.



ყოფილი ყაზარმის შენობა და ეზო ქუთაისის მერიის ბალანსზეა. ტერიტორია 13 ათასი კვადრატული მეტრია. იგი საინვესტიციო კატალოგშია შეყვანილი. მერიაში ამბობენ, რომ წლებია ცდილობენ გაყიდვას, თუმცა ინვესტორი ჯერ არ გამოჩენილა.



შენობისთვის ფუნქციის მოძებნასა და ინვესტორს ეკალ-ბარდებმა დაასწრეს. იგი წლების განმავლობაში ფარავდა ტერიტორიას. მას შემდეგ, რაც ეზოს გაუსაძლის ანტისანიტარიულ მდგომარეობაზე ერთ-ერთი მოქალაქის მიერ გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში მოხვდა, მერიამ ტერიტორია დაასუფთავა.

ამბობენ, რომ  ტერიტორიის შეწამვლასაც აპირებენ.


შენობა 1860 წელს აშენდა.  იგი ყოველთვის სამხედრო უწყებებს ეკუთვნოდა. მე-19 საუკუნეში აქ იდგა ბესარაბიის, ტირასპოლის პოლკები, ასევე, ქართული ბატალიონიც. ძირითადად კავალერია. სამხედროების ცხენებს ყაზარმის პირველი სართული ეთმობოდა.

შენობა  საბჭოთა კავშირთან ერთად დაინგრა. საქართველოდან რუსული ჯარის გასვლის შემდეგ. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში კი, დიდთოვლობამ ზიანი მიაყენა და საბოლოოდ ჩამოანგრია. ამის შემდეგ  არც აღდგენილა.





„ისტორიული შენობაა, როგორ შეიძლება ასეთ დღეში იყოს, თან ქალაქის ცენტრია. ტურისტები დადიან, ხედავენ, მოსწონთ, მაგრამ მოდიან და ხვდებათ ეს საშინელი ანტისანიტარია“, - მიაჩნია ადგილობრივ მცხოვრებს ბადრი კუბლაშვილს.


ქუთაისში, მერიის ბალანსზე, ცხრა ამორტიზებული შენობაა. თუმცა, გაცილებით მეტია იმ ობიექტების რაოდენობა, რომლებიც კერძო მესაკუთრეების მიერაა მიტოვებული. მოქალაქეები მიუთითებენ, რომ ყველა ეს შენობა მის გარშემო დასახლებული ხალხისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ინფექციების გავრცელების თუ სხვა პრობლემების კუთხით.


„ბავშვები იზრდებიან, როგორ შეიძლება ასეთი უყურადღებობა? ისტორიული შენობების ასეთი მიუხედაობა. თანაც, აქ საღამოობით თავს იყრის ხალხი, რომელიც ცუდ მაგალითს აძლევს ახალ თაობას. ყველგან შპრიცები ყრია, შპრიცი რომ აიღოს ბავშვმა და გამოიყენოს, ხომ იქნება უბედურება?! ინფექციების გავრცელების წყაროა ეს და მსგავსი ადგილები“, - ამბობს ქუთაისელი ნანული გოშხეთელიანი.


ინფექციების გავრცელების მიზეზებს და წყაროებს სხვაგან ხედავენ ნარკომანიის პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი რწმენით, პრობლემის სათავე რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაშია და არა მიტოვებულ შენობებში. შენობები არ „ავრცელებენ“ ინფექციებს და არ ქმნიან ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებულ საფრთხეებს.

რეალური საფრთხე სახელმწიფო პოლიტიკაშია, რომელიც მკურნალობის ნაცვლად დევნის და სჯის ნივთიერებაზე დამოკიდებულ პირებს.


55 წლის გელა (სახელი შეცვლილია) მეთადონის ჩანაცვლებით პროგრამაშია ჩართული. მას სხვა არჩევანი არა აქვს, რადგან სახელმწიფოს არ გააჩნია სამკურნალო პროგრამები. არსებობს მხოლოდ ჩანაცვლების ორი პროგრამა - მეთადონის და ბუპრენორფინის.


„ეს მინიმალური შეთავაზებაა, რასაც სახელმწიფო ჩვენთვის იმეტებს“, - ამბობს გელა.



საქართველოში ინტრავენული ნარკომანების რიცხვი, ბოლო კვლევით 60 ათასია და ეს არ არის ზუსტი ციფრი, რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია.

გელა და სხვა  ნარკოდამოკიდებული პირები მუდმივი დამალვის რეჟიმში არიან, აშავებენ თუ არ აშავებენ.

„ნარკოდამოკიდებული პირი ყოველთვის „დამნაშავეა“. ის მხოლოდ სასჯელს იმსახურებს. მას არა აქვს შანსი, მას არა აქვს მომავალი. მხოლოდ ამ განცდას გვიტოვებს ჩვენი სახელმწიფო და გარკვეული კუთხით საზოგადოებაც. მუდმივად ასეთ დამთრგუნველ გარემოში გვიწევს ყოფნა“, - ამბობს გელა.


თავად ის ფაქტიც, რომ შპრიცები ქუჩაში ყრია და ნარკოდამოკიდებულები არ ცდილობენ მათი სწორი წესით განადგურებას, ესეც დევნის მიზეზით ხდება, აღნიშნავს ორგანიზაცია „რუბიკონის“ ხელმძღვანელი ზაზა ქარჩხაძე.


„პოლიციამ გამოყენებულ შპრიცში, თუკი რომელიმე პირს უპოვა, ნარკოტიკული ნივთიერების უმცირესი ნაწილაკიც  რომ აღმოაჩინოს, დიდ სასჯელზე უშვებს ამ ადამიანს. იქამდე, სოცმუშაკი რომ წავიდეს და გამოყენებული შპრიცები აიღოს, მათი განადგურების მიზნით, სოცმუშაკსაც დიდი პრობლემა შეექმნება. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანი შპრიცის გამოყენებისთანავე მას თავიდან იცილებს და იქ აგდებს სადაც მოუხერხდება. გამოყენებული შპრიცის ტარება რისკია“, - განმარტავს ზაზა ქარჩხაძე.


რისკია დეტოქსიკაციის პროგრამაც. იგი პაციენტის დემორალიზების საფრთხეებს აჩენს.  დეტოქსიკაცია პაციენტს ე.წ. ლომკის დაძლევაში უნდა დაეხმაროს. ორ კვირაში ეს შედეგი დგება, მაგრამ პროგრამა ამით სრულდება. მას არა აქვს გაგრძელება,  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სახით.


„მოიხსნა „ლომკა“, დაბრუნდა სახლში და რამდენიმე დღეში  დადგა იგივე პრობლემის წინაშე, რადგან მკურნალობა ბოლომდე არ მიდის და შუა გზაზე წყდება. ადამიანს არც ფსიქოლოგიური დახმარება აქვს, არც - სამუშაო, ამიტომ  ასიდან 98 ადამიანი უბრუნდება ძველ ცხოვრებას. მას არჩევანი არა აქვს“, - ამბობს ფსიქოლოგი დავით ფორჩხიძე.


მკურნალობა ძვირი ჯდება, თუმცა იმაზე ძვირი მაინც არა, რაც ნარკოდამოკიდებულის დევნას, დაჭერას, გასამართლებასა და შემდეგ ციხეში მის შენახვას უნდა, მიაჩნიათ ნარკომანიის პრობლემაზე მომუშავე სპეციალისტებს.


„მარტივი არითმეტიკითაც ჩანს, რომ დევნა უფრო ძვირია, ვიდრე მკურნალობა, ორჯერ-სამჯერ უფრო ძვირი. ამ თანხის მესამედიც ეყოფოდა მკურნალობას. მაგრამ სახელმწიფო  არ ცვლის დამოკიდებულებას. ურჩევნია დევნოს და შიშში ყავდეს ეს 60 ათასი ადამიანი, მერე ამით მართოს, დაიმორჩილოს, ვიდრე დაეხმაროს“, - ამბობენ სპეციალისტები.


მათ მოსაზრებას იზიარებს ორგანიზაცია Human Rights Watch-ი. საქართველოს ნარკოპოლიტიკას მძიმე და გაუმართლებელი ზიანი მოაქვს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 2018 წლის ანგარიშში.


„ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონმდებლობა ევროპის მასშტაბით“,- აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში 2018 წლის სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენისას.


ხელისუფლება  ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების თაობაზე არ საუბრობს და არ იჩენს ნებას სისტემური რეფორმების განხორციელებაზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კანონპროექტი, რომელიც მომზადებულია ეროვნული პლატფორმის მიერ და ინიცირებულია პარლამენტში.


სპეციალისტები თვლიან, რომ საქართევლოში ნარკოპოლიტიკა 2019 წელსაც  რჩება რეპრესიული. მათივე აზრით, სანამ ეს მიდგომა გაგრძელდება, მით მეტი იქნება შპრიცების რაოდენობა მიტოვებულ შენობებში, რომელთაც ნაკლებად უვლიან.


მოუვლელი შენობები სათქმელს ვერ ამბობენ. სამაგიეროდ, მოსახლეობა გამოთქვამს პროტესტს, რომ საქართველოში ძნელად ზრუნავენ ადამიანებზე, რომლებიც მიტოვებული ობიექტების ახლომახლო ცხოვრობენ და იმ ხალხზეც, რომლებიც ამ შენობებს საღამოობით სტუმრობენ.


პროტესტს თან ახლავს მოლოდინი - პრობლემურ ნაგებობებსა და პრობლემების მქონე ადამიანებზე ზრუნვა პრიორიტეტული საკითხი უნდა გახდეს. რადგან გულგრილობა შენობებთან ერთად ანგრევს  ადამიანებს და ადგილს უთმობს „ბიოს“.


ავტორები: ეკა კუხალაშვილი, ხვიჩა ვაშაყმაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.