მულტიმედია
"მკურნალები" “საზღვრისპირა" სოფლიდან (ფოტო/ვიდეო)
FaceBook

ფერი - რუხი

ხორთუმის სიგრძე - 6,7 – 7,4 მმ


წონა - 0,12 გრამი

ოჯახის უფროსი - დედა

ოჯახის წევრების რაოდენობა - საშუალოდ 80 ათასი

თითოეულის გადაადგილება დღეში - 60-ჯერ

გადაადგილების მანძილი - 1-დან 11 კილომეტრამდე


ეს  არის მახასიათებლები, რომელიც მსოფლიოს ყველა ფუტკარს გააჩნია. ერთის გამოკლებით - ხორთუმის მითითებული მაჩვენებელი საკმაოდ გრძელია. სწორედ ეს სიგრძე გამოარჩევს ქართულ ფუტკარს სხვებისგან და უნიკალურს ხდის მას.  გამოარჩევს გამძლეობაც - ქართული ფუტკარი სიცოცხლისუნარიანია და თითქმის ყველა პირობას და გარემოს ეგუება.


ასეთ გამორჩეულ ქართული ფუტკრის ასამდე ოჯახს უვლიან ბერიძეების ოჯახში. ისინი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში ცხოვრობენ. დე ფაქტო საზღვრისპირა სოფელში, სადაც ომის კვალი ჯერ კიდევ ცხელია და სადაც პერეველებს რუსი მესაზღვრეების მზერის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ისინი 11 წელია ვერ კვეთენ მდინარეს, რომელიც პირობით საზღვარს წარმოადგენს.


ერთადერთი ვინც გამყოფ ხაზს  არღვევს და არ ისჯება ფუტკარია.


დე ფაქტო „საზღვრისდამრღვევი“ ფუტკრების დიდი ნაწილი ბერიძეების ოჯახს ეკუთვნის. ისინი  მეფუტკრეობას თითქმის ოცი წელია მისდევენ.


გოჩა ბერიძე ამ საქმით გასული საუკუნის მძიმე 1990-იან წლებში დაინტერესდა, როდესაც ერთ დღეს ტყეში წასულმა გოჩას მამამ ფუტკრის ოჯახი ე.წ.  ნაყარი იპოვა და სახლში მიიყვანა. ამან სურვილი გააჩინა კიდევ შეეძინათ ფუტკრის რამდენიმე ოჯახი და სერიოზულად შეესწავლათ მეფუტკრეობა. ინტერესი გააღრმავა იმანაც, რომ საბჭოეთის ნგრევის შემდეგ, უმაღლესი განათლების მაჩვენებელმა, ყველა დიპლომმა ფასი დაკარგა. გოჩა იძულებული გახდა  ახალი პროფესიის ძიება დაეწყო. მისი არჩევანი მეფუტკრეობას ერგო. ლიტერატურის გაცნობამ და გამოცდილებამ ბევრი რამ ასწავლა და საბოლოოდ მიხვდა, რომ მეფუტკრეობა მისი მთავარი საქმე და მოწოდება იყო.


თავიდან ამაში დარწმუნება გაუჭირდა გოჩას მეუღლეს - ეკა გოგატიშვილს. ოჯახური ცხოვრების პირველ წლებში ფუტკარს თავს მაქსიმალურად არიდებდა.

„თავიდან „ბზიკებს“ ვეძახდი და მეფუტკრეობის გაგონებაც არ მინდოდა. ერთხელაც სხვა თვალით შევხედე და თანდათან დიდი ინტერესი მოვიდა,“ - გვიყვება ეკა, რომელსაც ფუტკრებმა ახალი, მრავალფეროვანი სამყარო გაუხსნეს: ურთიერთობის სხვა სისტემით, უცნაური იერარქიით, თავისებური გენდერული გადანაწილებით, მატრიარქატით. საკუთარი „მორალით“ და წესებით.

აღმოაჩენინა ფუტკრების ოჯახები ინდივიდუალური და გამოკვეთილი ხასიათებით და ყველას გამაერთიანებელი მცნებით  - შრომის უზენაესობით და ამ შრომის უჩვეულო გადანაწილებით.


ფუტკარი სიცოცხლის მანძილზე მრავალნაირ პროფესიას „ითვისებს“.  ახალგაზრდა ფუტკარი მატლებს კვებავს და ზრდის, შემდგომში იგივე ფუტკარი სანთელს წარმოქმნის და მშენებლად იქცევა. მერე სანიტრობას ირგებს, შემდეგ სკის გამნიავებლი ხდება. ნექტრის ასაღებად ფრენას შედარებით გვიან იწყებს და სამ-ოთხ კვირას გრძელდება. ფუტკრის „სიბერის“ საქმიანობა კი სკის დაცვა და დარაჯის მოვალეობაა.


ნექტარს ფუტკრები ყვავილებისგან იღებენ. მოგროვილი ყვავილის მტვერს ისინი ფეხებზე იკრავენ და ასე ეზიდებიან სკაში.  ფუტკარს საქმე არ ელევა არც ერთ „ასაკში“. მათ ყველა „პროფესიაში“ კარგად უნდა ერკვეოდეს მეფუტკრეც.


„ყველა ოჯახს უნდა ინდივიდუალური ყურადღება, პატარა ბავშვებივით არიან, უნდა შეიყვარო, არ უნდა გეშინოდეს და არც მარტო ფულის მანქანად აღიქვა.  სიყვარული გასწავლის ყველაფერს, პირველი და მნიშვნელოვანი ეს არის. მეფუტკრეობა ამით უნდა დაიწყო“, - მიაჩნია ეკას.


ასე დაიწყო ეკამ და გოჩამაც. ამან საშუალება მისცათ,  კარგად გაეცნოთ მათი „ოჯახის წევრი“ ფუტკრები. მიმხვდარიყვნენ, როდის რა სჭირდებათ, რომელი ოჯახი რა ხასიათით გამოირჩევა, როდის არიან მშვიდები და როდის აგრესიულები.


“ფუტკარი მაშინაა აგრესიული,  როდესაც მცირე სამუშაო აქვს, ანუ ბევრი ნექტრის მოპოვება არ შეუძლია. სხვა შემთხვევაში იმდენად დაკავებულია საქმით და მთლიანად ორიენტირებული მეტ შეგროვებაზე, არავის საკბენად არ სცალია” ,- გვიხსნიან მეფუტკრეები და სკებისკენ მიგვიძღვებიან.




აგვისტოს მზით განათებული, მთის ყვავილებით მდიდარი გარემო ფუტკრებს საქმეს არასოდეს ულევს. მათ საინტერესო პირობებს  საქართველოში ბუნებაც სთავაზობთ.


„ბუნება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რამდენჯერმე ვამთაბაროთ ფუტკარი - მაისში, აგვისტოში, ვამთაბაროთ მინდვრის ყვავილებზე, ჩვენ ორ ლოკაციაზე ვმუშაობთ, რადგან ბუნება მდიდარია ყვავილებით და ფუტკრისთვის საჭირო მცენარეებით, მაისში ფუტკარი სოფელ ქორეთში ჩაგვყავს, რომელიც მაისის ყვავილებით მდიდარია“,  - ამბობს ეკა.


მეფუტკრეები თაფლს ყოველი სეზონის ბოლოს წურავენ, ანუ წელიწადში ორჯერ - მაისსა და აგვისტოში. ერთ სეზონზე დაახლოებით 1200 კილოს. ერთი კილო ნატურალური თაფლის  ღირებულება 25 ლარია.


ბერიძეების თაფლი ევროპის ბაზარზე ჯერ არ გასულა. სამაგიეროდ ევროპა, უფრო ზუსტად ევროპელები მივიდნენ მათთან და „საზღვრისდამრღვევი“ ფუტკრების თაფლით დაინტერესდნენ.


“ევროკავშირის სადამკვირებლო მისია იყო ჩამოსული  პერევში, როგორც საზღვრისპირა სოფელში. ისინი ჩვენი თაფლის მთავარი მომხმარებლები გახდნენ. თუმცა უცებ არც იმათ გამოუცხადებიათ ნდობა. თაფლი წაიღეს, ლაბორატორიულად შეამოწმეს და ხარისხის დადასტურების შემდეგ დაგვიმეგობრდნენ", - იხსენებს ეკა.


მეფუტკრეები ამბობენ, რომ საქართველოში თაფლის ლაბორატორიულად შემოწმების სრულყოფილი პირობები არ არსებობს.


საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ლაბორატორიების ტექნიკურად აღჭურვა და თანამედროვე მეთოდოლოგიების დამკვიდრება ეტაპობრივად ხდება. თუმცა, სანამ ლაბორატორია ყველა საერთაშორისო ნორმას დააკმაყოფილებს, მანამდე ლატვიის ერთ-ერთ საერთაშორისო ლაბორატორიასთან თანამშრომლობენ, სადაც ქართულ თაფლს იკვლევენ.


მეფუტკრეებს ეს ინფორმაცია  დანაკლისის შეგრძნებას არ უქრობთ. მათი თქმით, მეფუტკრეობის დარგი ვერ გაუთანაბრდა, მაგალითად, მეღვინეობას. მიუხედავად თაფლის წარმოების დიდი ტრადიციისა და ფუტკრის უნიკალური ქართული ჯიშების არსებობისა, სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის კუთხით მეფუტკრეობა პრიორიტეტულ დარგებში არ შეჰყავს.


ეკას ინიციატივით, ცოტა ხნის წინ, პერევში შეიქმნა მეფუტკრეების კოოპერატივი  ექვსი მეფუტკრის შემადგენლობით, რომელთა მიზანი სწორედ ამ დარგის განვითარებაა.

„ვცდილობთ მოვიძიოთ უფრო დიდი ბაზარი, ვიდრე საქართველოა, საქმის კურსში ვიყოთ და არაფერი გამოგვრჩეს, რასაც ამ დარგში სახელმწიფო გააკეთებს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ჩანს “, - ამბობენ მეფუტკრეები.


სამინისტროში მეფუტკრეობის არაპრიორიტეტულობაზე  მოსაზრებას არ ეთანხმებიან და საწარმოზე მიუთითებენ, რომელიც ქალაქ გორში შენდება.


როგორც სამინისტროში ირწმუნებიან, რომ საწარმო  თაფლის გადამამუშავებელი იქნება, სადაც საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან შეგროვებულ პროდუქტს დაამუშავებენ, მისცემენ სასაქონლე სახეს, რომ დააკმაყოფილოს ევროპული მოთხოვნები,  რის შემდეგაც თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე მოხდება.


„მშენებლობა წელს დასრულდება. შენობა მზად არის, ამჟამად ტექნიკურად აღჭურვა მიმდინარეობს“, - აღნიშნა სურსათის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ.


სამინისტროში საუბრობენ ტექნიკურ რეგლამენტზეც, რომელიც შემუშავდა და მოქმედია. იგი  განსაზღვრავს თაფლის პარამეტრებს, მის ბაზარზე განთავსებას, ეტიკეტის პირობებს და სხვა.


“ყველა ამ მექანიზმმა ხელი უნდა შეუწყოს ქართული თაფლის ევროპის ბაზარზე მოხვედრას,” - მიაჩნიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.


ამ ინფორმაციას მეფუტკრეები სკეპტიკურად ხვდებიან და აღნიშნავენ, რომ სამინისტრო ხუთი წელია შეპირების რეჟიმში იმყოფება და ამდენივე წელია საწარმოს აშენებს, თუმცა ჯერ შედეგს ვერ ხედავენ.


სანამ შეპირება რეალობად ქცეულა, მანამდე მეფუტკრეები თავად ცდილობენ გადარჩნენ, გადაარჩინონ დარგი და თავად ფუტკარი, რომელსაც დღეს  შეიძლება მსოფლიო მასშტაბით შეექმნას საფრთხე. მაგალითად, ბრაზილიაში ნახევარ მილიარდამდე ფუტკარი დაიღუპა. ფუტკრები მცენარეების გამრავლებაში უდიდეს როლს თამაშობენ. მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების 75 პროცენტი დამტვერვისთვის ფუტკრებზეა დამოკიდებული.


„საქართველოში ფუტკარს ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ამის რისკები არსებობს. მიზეზი ბევრია. თუნდაც დიდი რაოდენობით პესტიციდები, რაც დაავადებებს ამრავლებს. ისეთი დაავადებაც შეიძლება შემოვიდეს, წამალიც არ იყოს  იმ მომენტში. ბუნება ბინძურდება და ის შეიძლება გახდეს დაავადებების წყარო. ამიტომ, პროფილაქტიკის მიზნით ფუტკარს ვუკეთებთ ბუნებრივ პრეპარატებს, თუმცა ქიმიურ ნივთიერებებს ვერიდებით“, - ამბობს გოჩა ბერიძე.


ფუტკარს სჭირდება მკურნალობა, საიმისოდ, რომ თავად დაამზადოს მკურნალო პროდუქტი.


„თაფლი შეიცავს 70 ნაირსახეობის იმ ნივთირებას, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის არის აუცილებელი. დღეში თითო კოვზი საკმარისია. წყალში გახსნილიც კარგია, თუმცა 40 გრადუსს ზემოთ არა, თორემ კარგავს საჭირო თვისებებს“, - გვიხსნის ეკა.


იგი საკუთარ დაწურულ თაფლს გვიჩვენებს, ქართული ფუტკრის შრომის შედეგს, მინდვრის ყვავილების გემოთი და უამრავი მკურნალი თვისებით, რომელიც იმაზე მეტს იმსახურებს, ვიდრე სადღეისოდ ეძლევა.


სამაგიეროდ, აქვთ უპირატესობაც - ფუტკრები პერევში არ ცნობენ საზღვრებს. ახლა მთავარია, საზღვარი თაფლმაც გადალახოს.



ავტორები: ეკა კუხალაშვილი, თეკლე მორგოშია


ასევე დაგაინტერესებთ: "დამელოდე საქართველო!" - დუმილი და მრისხანება საოკუპაციო ხაზთან პერევში (ფოტო/ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.