მულტიმედია
სახლიდან შორს - წარსულის აჩრდილებით (ფოტო/ვიდეო)
FaceBook

სხვაგვარ სიბერეზე ფიქრობდა..


სხვანაირი გამოუვიდა.. სახლიდან შორს, ხანდაზმულთა პანსიონატში.


საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის შემდეგ მიიღო.


მარტოობამ მოანდომებინა.


მარტოობა და სიბერე ვერ არის საიმედო ამხანაგიო, ამბობს სევდიანი ღიმილით 90 წლის ნელი ბაკურაძე, რომელიც  ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში მეათე წელია ცხოვრობს.


მასთან ერთად  პანსიონატში მარტოობას გამოქცეული ათეულობით ადამიანია. ყველა თავისი ფიქრით და ისტორიით.

ნელის ფიქრები ხშირად ბავშვობაში ბრუდნება, რომელიც სიბერის მსგავსად, სხვანაირი გამოუვიდა.


მუშაობა 10 წლის ასაკში დაიწყო ქუთაისის აბრეშუმკომბინატში. მეორე მსოფლიო ომის წლები იყო და უმამოდ დარჩენილ ოჯახს მასობრივი შიმშილის ხანაში თავი როგორმე უნდა გადაერჩინა. საწარმოში ერთადერთი ბავშვი იყო. სურდა დაემტკიცებინა, რომ უფროსებზე ნაკლებად არაფერი გამოუვიდოდა, დაამტკიცა კიდეც, ოთხი წლის შემდეგ დააწინაურეს, მასზე უფროსები მიაბარეს მოსწავლეებად, მერე საგზურიც გამოუწერეს, როგორც მოწინავე მუშაკს, თუმცა არასრულწოვნების გამო პიონერთა ბანაკში მოუწია შვებულების გატარება…


ამ ისტორიებს ახლა ღიმილით იგონებს. 90 წლის გადასახედიდან ბავშვობა, თუნდაც ძალიან მძიმე, სხვანაირად მოსჩანს.


მძიმე ბავშვობამ განსაზღვრა მისი მთავარი საყრდენი -  დაუღალავი შრომისუნარიანობა.


ის აღმოჩნდა მისი საიმედო მოკავშირე  სიბერეშიც.


შრომით და მუდმივი ფუსფუსით  ინარჩუნებს ახალგაზრდულ ენერგიას, რომელმაც არ დაანება ომს, შიმშილს, სიცივეს.


არ დაანება საბჭოთა რეჟიმს.


ღირსეულად აცხოვრა ქალაქად და სოფლად, ომსა თუ მშვიდობაში.


ენერგია და ახალგაზრდული სახე შეუნარჩუნა 90 წლის ასაკშიც, სახლიდან შორს, მოხუცთა თავშესაფარში - ასე თვლის თვითონ და ძნელია არ დაეთანხმო.


ასაკი ომზე უფრო რთული გასამკლავებელი აღმოჩნდა. მაგრამ მაინც მოახერხა. ახალი საქმე გამოუჩინა თავს. წერა დაიწყო. დაუბეჭდეს კრებულიც. მალე მსმენელებიც და მისი პოეზიის დამფასებლებიც გამოჩნდნენ, სულ ცოტა 90 ადამიანი, ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები, რომლებიც  იქ სხვადასხვა დრომ და ისტორიამ მიიყვანა.

 

ქუთაისის მოხუცთა პანსიონატი 95 ბენეფიციარზეა გათვლილი. ამჟამად იქ 90 ხანდაზმული იმყოფება. დაწესებულება სამ სართულს იკავებს. ხანდაზმულებს ოთხსაათიან რეჟიმში 60 თანამშრომელი ემსახურება - მომვლელები, მზარეულები, ექთნები.


პანსიონატში, ბენეფიციარებისთვის გამოყოფილ  ოთახებში ერთი, ორი ან მაქსიმუმ სამი ადამიანი ცხოვრობს. ისინი მათი გემოვნებით არის მოწყობილი.  განვლილი ცხოვრების ფრაგმენტებით კედლებზე.


ყველა ნივთი რაღაც ისტორიას ყვება, რაც ოთახებს ადამიანების პირადი ისტორიების და დიდი სევდის ადგილად აქცევს.


სევდას არ ნებდება და მხნე განწყობას ინარჩუნებს სერგო თევდორაძე. აქ მესამე წელია ცხოვრობს. პანსიონატამდე  დიდი გზა გაიარა, იცხოვრა ორ სახელმწიფო ფორმაციაში, დიდი კატაკლიზმების ხანაში, ბევრი ნახა, იმოგზაურა, გაიცნო, ეტკინა, გაუხარდა და გასახსენებელიც მრავლად დაიგროვა.

აქ ფიქრისთვის ბევრი დროა. მოგონებების გაზიარებისთვის კი ბევრი ადამიანი.


დაწესებულება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და სამინისტრო განსაზღვრავს, როგორ და რა წესით მოხვდნენ აქ თავშესაფრის მაძიებელი ხანდაზმულები.


უმეტესობა სოციალურად დაუცველია, მარტოხელა ან  ქვრივი, თუმცა სოციალური სტატუსი პანსიონატში მოხვედრისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას არ იძენს. მნიშვნელოვანი რიგითობაა. ვინ როდის დაწერა განცხადება და მიენიჭა რიგის ნომერი. სოციალური სტატუსი, პანსიონში მოხვედრის შემდეგ, დაფინანსებაზე მოქმედებს.


„ხანდაზმულთა პანსიონატის მოსარგებლეს დაფინანსება უწევს (დღეში 16 ლარი)  სარეიტინგო ქულის შესაბამისად. ამის მიხედვით ან სრულად ფინანსდება ან თანადაფინანსებით. სრულად ფინანსდებიან ოჯახები, რომლებიც არიან საარსებო შემწეობის მიმღებები. 100 ათასამდე   ქულა ვისაც აქვთ, იმათ დღეში უწევთ სამი ლარის გადახდა, დანარჩენ 13 ლარს სახელმწიფო უფინანსებს. 100-120 ათას ქულამდე რეიტინგის მქონე კი დღეში იხდის 5 ლარს“, - განმარტავს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსი ნინო ჭიღლაძე.


მისივე ინფორმაციით, ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში მოსახვედრად სადღეისოდ  რიგში 35-მდე ადამიანია. ხოლო მიმდინარე თვეში სამი ხანდაზმულის განცხადება განიხილება.


პანსიონში მოხვედრის მსურველთა უმეტესობა ქალია.


ქალები რაოდენობით ყოველთვის ორჯერ აღემატებიან კაცებს.


78 წლის ნინო ბუჭულაძეც ერთ-ერთია ამ ქალებიდან. ისიც მეათე წელია პანსიონატში იმყოფება. მისი აქ მოსვლის მიზეზი გამოუვალი მდგომარეობა არ გამხდარა. ჩათვალა, რომ პანსიონატში უკეთესი იქნებოდა, ვიდრე სახლში, სრულ მარტოობაში.


ახლო ნათესავებიდან არავინ შემორჩა. შვილის გარდაცვალებამ თითქოს ყველაფერი დაასრულა - წაართვა მხედველობა, დააშორა პროფესიას, მაგრამ სიცოცხლე მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

თანდათან ყველაფერი დაბრუნდა.




ხატვას არ მიბრუნებია, მაგრამ დაიწყო ქარგვა.

ქარგვა აძლევს აზრს გათენებას და აკავებს  წარსულში გადაჩეხვიდან.






ნაქარგებს, უმეტესად ხატებს, ეკლესიას წირავს,ან მეგობრებს  და პანსიონატის სხვა ბინადრებს ჩუქნის. მათაც სჭირდებათ ცხოვრების გალამაზება და გაცოცხლება.

რადგან პანსიონატის მკვიდრთა უმეტესობა ხომ  ასეთია - ვინც ათასჯერ მოკვდა, მერე გაცოცხლდა და თავიდან დაიწყო ყველაფერი.


პანსიონატში, ბენეფიციართა შორის, ორჯერ იყო დაქორწინების შემთხვევა. ახლადშეუღლებულმა წყვილმა  ოფიციალურად გააფორმა ურთიერთობა და იუსტიციის სახლში მოაწერა ხელი, თუმცა ერთი წლის შემდეგ ამავე სახლში გააწერეს.


ოჯახის შექმნა არც ერთ ასაკში ყოფილა ადვილი.


თუმცა ოჯახის გარეთ ყოფნა კიდევ უფრო ძნელიაო, ამბობენ ხანდაზმულთა პანსიონატის მობინადრენი.


პანსიონატში ისეთი ბენეფიციარებიც იყვნენ, რომლებიც ოჯახის და სახლის გარეშე დარჩნენ. მათზე სხვა წესი ამოქმედდა  და უპირატესი უფლება მიენიჭათ ურიგოდ მიეღოთ თავშესაფარი.


„უპირატესი უფლება გამოიხატება იმ შემთხვევაში, როდესაც პირი  გადაუდებლად საჭიროებს თავშესაფარში შეყვანას. ქუჩაში აღმოჩნდა ადამიანი და არსად წასასვლელი არა აქვს. მასზე ცალკე მზადდება სპეციალური ფორმა, სადაც მითითებულია,  რატომ უნდა ისარგებლოს უპირატესი უფლებით“, - აღნიშნავს ნინო ჭიღლაძე.


***

ხანდაზმულები  თავიანთი სართულების დერეფნებში იკრიბებიან, ყვებიან ისტორიებს რომლებიც ათასჯერ მოუყოლიათ. ყოველი დღე რუტინულია, მომავალი - ბუნდოვანი, ამიტომ წარსული ხდება ყველაზე სასურველი ხანა. წარსული იჭერს  მთავარ ადგილს აწმყოში.



თუმცა გამოერევა საინტერესო დღეებიც.


თავშესაფარი სტუმრების და მნახველების სიმცირეს არ უჩივის: ჟურნალისტები, ქველმოქმედები, შიგადაშიგ ხელისუფლების წარმომადგენლებიც მოინახულებენ ხოლმე მოხუცებს - ძირითადად დღესასწაულებზე ან არჩევნების პერიოდში.


ხანდაზმულები სხვა სტუმრებს ისაკლისებენ:


“მენატრებიან ჩემი დისშვილები, მაგრამ არ მოდიან“.


„მხოლოდ ტელეფონით ველაპარაკები ახლობლებს, ნახვით არ მნახულობენ“.


ხანდაზმულებს შეუძლიათ თავადაც ესტუმრონ ახლობლებს, საამისოდ  წელიწადის 20 დღე აქვთ ლიმიტირებული სახელმწიფოდან, მაგრამ ნაკლებად სარგებლობენ. ბევრს მისასვლელი არავისთან აქვს. მათი ახლობლები  ან ფიზიკურად აღარ არსებობენ ან ხანდაზმულების ნახვა აღარ უხარიათ.


მთავარ ოჯახად პანსიონატი რჩება, რომელიც ამ ტიპის ერთადერთი, დიდი ინსტიტუციაა იმერეთში.



ქუთაისის მოხუცთა პანსიონატის დირექტორი მალხაზ ბადირეიშვილი საუბრობს სათემო ორგანიზაციებზე ე.წ. კერძო თავშესაფრებზეც, რომლებიც რამდენიმეა საქართველოში.

„სათემო ორგანიზაციები  არსებობს პანსიონატების პარალელურად, ბენეფიციარები ნაკლები ჰყავთ 6-7, თუმცა იქ მხოლოდ ასაკოვან ხალხს არ იღებენ, შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებიც მიიღონ ასაკის მიუხედავად,“ - ამბობს მალხაზ ბადირეიშვილი.


სათემო ორგანიზაციები დასავლეთ საქართველოში ჯერჯერობით არ ფუნქციონირებს.


ხანდაზმულებს მხოლოდ ამ პანსიონატის იმედი შეიძლება ჰქონდეთ.


ადგილის, რომელიც ერთ თაობას და მათთან ერთად ერთ დიდ ტრაგიკულ ეპოქას აერთიანებს, წარსულის აჩრდილებით და ბუნდოვანი მომავლით.


ავტორები: ეკა კუხალაშვილი, თეკლე მორგოშია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.