სოფელ ჩხარის ცენტრში უსახური შენობა დგას, ჩამტვრეული ფანჯრებითა და დაჟანგული რკინის კარით.
ისტორიკოსი, მასწავლებელი, არქეოლოგი სამოცდახუთი წელია
ისტორიულ ნივთებს აგროვებს. კოლექცია უკვე ექვსიათასამდე ექსპონატს
ითვლის. მათგან ყველაზე ძველი ოცდაათიათასი წლისაა. ეს
მოგონილი ამბავი არ არის, სახელმწიფო მუზეუმის ექსპერტების მიერ
გამოკვლეული და დათარიღებულია.
30 ათასი წლით დათარიღებული კაჟის იარაღი. აღმოჩენილია
ძევრში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), საგვარჯილოს გამოქვაბულში. ნივთი
ალექსანდრეს ბუცხრიკიძეს არქეოლოგმა გოგი ოქიტაშვილმა აჩუქა.
უნიკალური ნივთები ალექსანდრე ბუცხრიკიძესთან შემთხვევით არ
მოხვედრილა. არც სოფელში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაარსების
იდეა ყოფილა სპონტანური.
,,ჩხარი ნათლად რვა წლიდან მახსოვს. ადამიანებით სავსე კულტურული
ცენტრი: მდიდარი მოსახლეობით, სახალხო სეირნობებით, ხელოსნებით,
ქუჩაში მომღერალი დები იშხნელებით. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, რადგან
ადმინისტრაციული ცენტრი ჩხარიდან თერჯოლაში გადაიტანეს და ეს
დიდებული მხარე დაცარიელებულ სოფლად იქცა“.
ჩხარის სასულე ორკესტრი - მე 19
საუკუნე
ქალაქი ჩხარი სოფლად XIX საუკუნეში იქცა, ხოლო, როცა ადმინისტრაციული ცენტრი გადაიტანეს, ალექსანდრე ქუთაისის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა. მშობლიურ მხარეში ყოველ შაბათს ჩადიოდა, მაგრამ იქაურობა ყოველ ჯერზე უფრო გასაცოდავებული და ცარიელი ხვდებოდა.
,,ხალხი სახლებს ცლიდა, რადგან ყველა აცნობიერებდა, კუთხე კვდომას რომ მრავალ წელს განაგრძობდა. ამაზე ძალიან ვწუხდი. გამუდმებით გამოსავალს ვეძებდი. პასუხი არ მქონდა, მაგრამ სოფელს რომ არ მივატოვებდი, ეს ვიცოდი“.
ამ არჩევანით ახალგაზრდა ისტორიკოსი, უნივერსიტეტის
დასრულებისთანავე, სოფელში დაბრუნდა და სკოლაში მასწავლებლად
მუშაობა დაიწყო. მალე, ერთმა უცნაურმა დღემ ყველაფერი თავისთავად
გადაწყვიტა.
მერი სკოლაში ზუსტად იმ კოლხური ცულით ხელში მოვიდა,
რომელიც წინა დღით გაკვეთილზე სურათზე ნახა“.
ცული ობოლი მერის პაპას საყანე მიწის დამუშავების დროს
უპოვია. ისტორიული ნივთი ალექსანდრეს გაკვეთილამდე,
ოჯახში ისე ინახებოდა, მისი მნიშვნელობა არავინ იცოდა.
მერის კოლხური ცული უნებურად იქცა პირველ ექსპონატად იმ
სამუზეომო ოთახში, რომელიც ალექსანდრემ, თავის მოსწავლეებთან
ერთად, სკოლაში მოაწყო. სოფლის უცნობი ისტორიის გამოძიების
მიზნით, დიდმა და პატარა მკვლევარებმა ექსკურსიები დაგეგმეს.
ფაქტია, ,,ისტორიის შემგროვებელთა“ ღონისძიებები ამართლებდა,
რადგან თითოეული გასვლა ახალი აღმოჩენის საწინდარი ხდებოდა.
,,ასე დაიწყო ჩხარში სიძველეების აღმოჩენის პერიოდი. ამან არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც გაახალისა. საქმეში მთელი სოფელი ჩაერთო. თუ ვინმე ძველ ნივთს მიაკვლევდა ჩემთან თავად მოჰქონდა“.
ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული თემის აქტიურობა თანდათან დაეტყო სკოლის მუზეუმს - ოთახი ნივთებით, მოსწავლეები კი სიამაყით აივსნენ.
„მე მეშვიდე კლასიდან ჩავერთე ამაში და მახსოვს, როგორ ვეძებდით
არტეფაქტებს. ასე იყვნენ დანარჩენებიც. თავი ნამდვილი
მკვლევარები გვეგონა. ყველას განსაკუთრებულად გვიყვარდა
ალექსანდრეს გაკვეთილი. ეს ხომ საოცარი, პატარა მოგზაურობა იყო
აღმოჩენების სამყაროში“, - იხსენებს ალექსანდრე ბუცხრიკიძის
ყოფილი მოსწავლე თემურ შოთაძე.
სამახსოვრო, ბედნიერ დღეებს, ზოგჯერ რთული პერიოდი ცვლიდა. ერთ-ერთი
ასეთი 1991 წლის მიწისძვრის შედეგებია, როდესაც სკოლის მუზეუმში
განთავსებული ექსპონატების ნაწილი დაზიანდა. იმავე წელს,
ალექსანდრეს ნივთების დაცვა ე.წ. ქურდების თავდასხმისგანაც
მოუხდა.
„ეგონათ ექსპონატები აუცილებლად ოქროს უნდა ყოფილიყო, ამიტომ თავზე დამადგნენ და დამჭრეს. ქვა და რკინა სიმდიდრედ არ ჩათვალეს, საბედნიეროდ არაფერი წაუღიათ.“
ბუნებისგან და ადამიანებისგან მიყენებულმა ზარალმა მუზეუმისთვის უფრო
დაცული სივრცის საჭიროება გამოკვეთა. მუზეუმის მეპატრონემ დახმარება
მაშინდელ ადგილობრივ მთავრობას სთხოვა. მრავალი მიმართვის მიუხედავად,
პასუხს აგვიანდებოდა. ბოლოს, სოფლის გადარჩენის მიზნით შეგროვებული
ექსპონატებისთვის გამგეობამ ამორტიზებული შენობა მოიძია -
ყოფილი ,,რაიკომი.“ საბჭოთა შენობა მალევე დაინგრა და მუზეუმმა
ამჯერად კულტურის ყოფილ სახლში გადაინაცვლა. შენობაში, სადაც ამ
დრომდე ფუნქციონირებს. ეს ის ობიექტია შესვლა რომ შეგეშინდება და
ვერასდროს იფიქრებ, აქ რომ საგანძური ინახება.
დერეფნის ბოლოში ორი ოთახი ალექსანდრემ საკუთარი ხარჯით შეაკეთა.
ექსპონატებისთვის სტენდებიც თავად გააკეთებინა. ყველაფერი თავისი
ხელით აღრიცხა, დანომრა. უამრავი საბუთი და საექსპერტო დასკვნა ერთ
ხის ძველისძველ კარადაში დაარქივა.
დანგრეული შენობიდან დანგრეულ შენობაში გადაბარგებით პრობლემები არ
ამოწურულა. მუზეუმისთვის შეუსაბამო პირობების გამო, ბევრი ექსპონატი
ყუთში ინახება. არ არსებობდა ფინანსები და თანამშრომლები,
ამიტომ მმართველის ფუნქციასთან ერთად, ალექსანდრემ გიდობაც იტვირთა და
დარაჯიც გახდა.
მუზეუმის მძიმე მდგომარეობა შედარებით 2016 წელს, ეროვნულ მუზეუმთან
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გაუმჯობესდა.
,,მართალია მცირე ბიუჯეტი (1900 ლარი) დღემდე მხოლოდ ხელფასებზე იხარჯება, თუმცა უკვე სამნი ვართ: ფონდების მცველი, რეგისტრატორი და მმართველი - სულ ეს ვართ. ახლაც არ გვყავს გიდი, ყარაული. არც შემფასებელი და რესტავრატორი, მაგრამ ამაში ეროვნული მუზეუმის ექსპერტები გვეხმარებიან.“
2019 წელს, ჩხარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა ვიზიტორთა ათამდე ჯგუფს უმასპინძლა, ძირითადად საქართველოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს, რამდენიმე ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს.
„ყველაზე განსაკუთრებული სტუმარი მაინც ოთარ ლორთქიფანიძე იყო. ის აღფრთოვანდა მუზეუმით, მისი შექმნის ისტორიით. თუმცა ამ პირობებზე, რომელშიც ვიმყოფებით, ძალიან დაწყდა გული. ჩვენს მთავარ პრობლემად ამორტიზებული შენობა რჩება. ეს ორი ოთახი არ გვყოფნის. ექსპონატების უმრავლესობა ყუთშია საცოდავად დამალული“, - საკმარისი საგამოფენო სივრცე და ღირსეული პირობები აუხდენელ ოცნებად რჩება ფონდის მცველ ნელი კვინიკაძისთვის.
სირთულეების მიუხედავად, ჩხარის ეთნოგრაფიული მუზეუმი ის ადგილია, სადაც სიხარულით იკრიბებიან ახალგაზრები.
მუზეუმის ამორტიზებულ შენობაში სასწავლო-საგანმანათლებლო
სივრცე ,,ნორჩ მხარედმცოდნეთა კლუბი“ მუშაობს. იქ 25 ბავშვი
ისტორიის სიყვარულმა და ინტერესმა გააწევრიანა.
,,აქ ბევრ რამეს ვსწავლობთ. ერთად ვიკვლევთ, ვკრებთ და ვამუშავებთ ინფორმაციას. ბევრ რამეს ვგებულობთ ალექსანდრესგან, ის ჩვენი დიდი მეგობარია, ძალიან გვიყვარს“, - ანა კლუბის ერთ-ერთი წევრია, რომელიც ჩხარის ეთნოგრაფიული მუზეუმის შესახებ თანასოფლელებს უყვება და სთავაზობს, ისტორიის მოყვარულთა კლუბს შეუერთდნენ. ბავშვები ფიქრობენ, თუ ბევრნი იქნებიან, სამომავლოდ მუზეუმსაც მეტი პერსპექტივა ექნება.
კლუბის უპირატესობებზე საუბრობენ პედაგოგებიც.
,,კლუბის წევრებს უსასყიდლოდ უტარდება ისტორიაში დამატებითი გაკვეთილები. ისინი ხელნაწერ სამეცნიერო ჟურნალსაც აკეთებენ პერიოდულად. ეწყობა პრაქტიკული მეცადინეობები. აქ ხშირად, კლუბის არაწევრი მოსწავლეებიც მოდიან, ადგილობრივი და სხვა სკოლებიდანაც“, - ამბობს ჩხარის N1 სკოლის ისტორიის პედაგოგი ნელი გიორგაძე.
ჩხარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შერეული საკუთრების არასამეწარმეო სამეცნიერო-კვლევითი და სააგანმანათლებლო დაწესებულებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ექსპონატები კერძოა, თუმცა თითოეული მათგანი ოფიციალურად არის რეგისტრირებული და მას სახელმწიფო იყენებს.
,,მაგალითად, რასაც შემდეგში ოფიციალური ექსპედიციით მოვიპოვებთ,
სახელმწიფო საკუთრება იქნება. რაც აქამდე საკუთარი შრომითა და
ფინანსებით მოვიპოვე, პირადი, კერძო კოლექციაა“.
უკვე არსებობს პროექტი, რომელიც განსახილველად ეკონომიკის სამინისტროშია გადაგზავნილი და რომლის ღირებულებაც სამი მილიონი ლარია. ის თუ რა გეგმები გააჩნია სამინისტროს პროექტთთან დაკავშირებით, "ქუთაისიპოსტი" ინფორმაციის მიღებისთანავე გაგაცნობთ.
ჩხარის ეთნოგრაფიული მუზეუმის პროექტის ავტორი არქიტექტორი დავით აბულაძეა
მუზეუმის აშენება, ალექსანდრეს მსგავსად, ჩხარელი გლეხების
ოცნებაცაა. ისინი ფიქრობენ, რომ პროექტი სოფელს
ახალ სიცოცხლეს შესძენს და მშობლიურ მხარეს, ემიგრირებულ
გლეხებთან ერთად, პერსპექტივას დაუბრუნებს.
,,ლამაზი სოფელი გვაქვს, ისტორია გვაქვს, არც იმერული
სუფრა-მასპინძლობა გვეშლება და თუ მუზეუმიც აშენდება, ეს
ხომ ტურისტებს მოგვიყვანს. წასული გლეხებიც ჩამოვლენ. ყველა
ჩამოვა, მიხედავს ეზო-გარემოს. გაკეთდება ჰოსტელები,
კაფეები. ალბათ, ისე იქნება, როგორც სიღნაღშია. მერე ეშველება
გლეხსაც, სოფელსაც, ქვეყანასაც. ბევრი ალექსანდრე ჭირდება ამ
ქვეყანას, ბევრი“, - ამბობს ადგილობრივი შოთა ირემაძე. და
ალექსანდრესთან ერთად, ამჯერად ახლანდელი მთავრობის პასუხს
ელოდება.
ჩხარი მწვანე, ლამაზი სოფელია, იმერული, დაცარიელებული სახლებით.
არქეოლოგიური მონაცემებით, აქ ადამიანი ქვის ხანიდან სახლობს. ოქონის
გორაზე აღმოჩენილია II საუკუნის სამარხები, ვერცხლის, რკინის,
ბრინჯაოს ნივთებითა და რომაული მონეტებით სავსე. აქაურობას ახსოვს
აჯანყებაც, გადაწვაც და დანგრეული ეკლესიის მასალით აშენებული აბანოც.
დღესაც ბევრი რამ მეტყველებს სოფლის მდიდარ, ქალაქურ წარსულზე. ზუსტად
ესაა, რასაც ალექსანდრე ბუცხრიკიძე მთელი ცხოვრება უფრთხილდება.
ზუსტად ესაა, რასაც ახლაც დიდი იმედით შეჰყურებს და წუთითაც არ
უშვებს, რომ შეიძლება კვლავ არ დაეხმარონ, არ აუშენონ მუზეუმი, არ
გადაარჩენინონ ყუთებში ჩალაგებული საგანძური. ამიტომაც შეარქვეს მას
გლეხებმა სიყვარულით ,,მცირე ექვთიმე“.
ავტორები: ანა ჯანაშია, ხვიჩა ვაშაყმაძე
მასალის გამოყენების პირობები