“მე არ მჯერა სანტა
კლაუსის. ის რომ არსებობდეს სხვანაირი ცხოვრება
მექნებოდა“.
12 წლის მათეს (სახელები აქ და
სხვაგან შეცვლილია) და მის 5 თანასკოლელს სანტამ არც ერთ ახალ
წელს არ დაუდასტურა საკუთარი არსებობა - არც საჩუქრებით და არც
ბავშვისთვის შესაფერისი ცხოვრებით. პატარა ასაკში გამოსცადეს
სიღარიბე, ქუჩის სისასტიკე, ოჯახიდან შორს ყოფნა. მოუწიათ ბრძოლა
არსებობისთვის, ბრძოლა მჩაგვრელებთან და თვითონაც გახდნენ
ასეთები.
სკოლის საკლასო
ოთახი
სკოლა სხვა სკოლებისგან ერთი
შეხედვით არაფრით განსხვავდება. იძლევა სრულ საშუალო განათლებას,
ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით, გააჩნია ფიზიკის, ქიმიის,
ბიოლოგიის კეთილმოწყობილი კაბინეტები, ბევრ სხვა სკოლაში
არსებულზე უკეთესი სპორტული და სასადილო დარბაზები. ეზო
დიდია და ამწვანებული. ბავშვების თავისუფალი გადაადგილება
კი სკოლის ჭიშკართან მთავრდება. განათლების
სამინისტროსა და მშობლების გადაწყვეტილებით, მოსწავლეები,
სკოლის ტერიტორიას, გარკვეულ დრომდე, ვერ დატოვებენ.
მშობლებს და მეურვეებს -
აღმზრდელები და ძიძები უცვლით, სახლებს - სკოლაში განთავსებული
საძინებლები, და-ძმებს - ერთმანეთი.
სამტრედიის მე-15 საჯარო
სკოლა-პანსიონი ნახევრად დახურულია და ე.წ. რთული ქცევის
ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. ის ერთადერთია ქვეყანაში, სადაც თავს
იყრიან „ასოციალური“ არასრულწლოვნები მთელი საქართველოდან.
სასწავლებელში ბავშვები, სულ ცოტა, ექვსი თვით რჩებიან. თუმცა
გააჩნია, როგორ გამოიყენებენ სწავლის პერიოდს და როგორ მოერგებიან
ახალ სინამდვილეს. დრო შეიძლება წლამდე, ან საშუალო სკოლის
დასრულებამდე გაიწელოს, გააჩნია, სკოლის მიერ შეთავაზებულ
წესებს რამდენად მოერგებიან.
ნიკა ექვსი თვეა
სკოლა-პანსიონში სწავლობს. სამტრედიაში სხვა ქალაქიდან ჩაიყვანეს.
ქუჩის ჯუნგლებგამოვლილია. ყოველდღიურად გადარჩენისთვის ბრძოლა
უწევდა. ქუჩის კანონები მისგან სხვა უნარებს მოითხოვდა. იმ
გარემოს მოერგო, ცოცხალი გადარჩა და ნაპირამდეც მიაღწია.
„გამოღწეულს“ სხვა ქცევები მოსთხოვეს. ქუჩის წესების საზოგადოებაში გადატანა ანტისოციალურ ქცევად ჩაუთვალეს. სხვანაირი ქცევა კი ნიკამ არ იცის, ან იცოდა და დაავიწყდა. ამიტომ სახელმწიფომ და საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ნიკამ „გადარჩენის“ სხვა გზები უნდა ისწავლოს.
სამტრედიის მე -15 საჯარო
სკოლა
არასრულწლოვნის სამტრედიის მე-15 საჯარო სკოლაში გადამისამართების
გადაწყვეტილებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროსთან არსებული ექსპერტთა ჯგუფი იღებს. ისინი
ადგენენ, რამდენადაა მოზარდის ქცევა ანტისოციალური, ანუ,
არასრულწლოვნის ფსიქოსოციალური განვითარებისთვის, სხვა ადამიანების
უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობასა და მართლწესრიგისთვის საფრთხის
შემცველი. აკვირდებიან, ეს ქცევა ექვსი თვის განმავლობაში
სისტემატურად ვლინდება თუ არა.
არასრულწლოვანს სკოლა-პანსიონში
ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და მშობლის/მეურვის თანხმობის შედეგად
გზავნიან. მანამდე უკვე გამოყენებული უნდა იყოს დღის ცენტრისა თუ
სოციალური მუშაკის შესაძლებლობები. თუკი კომისია მიიჩნევს, რომ
არასრულწლოვნის რესოციალიზაციისათვის ეს საკმარისი არ არის, მოზარდს
სამტრედიაში უშვებენ. პროცესი "ზოგადი განათლების შესახებ"
საქართველოს კანონით რეგულირდება.
ბავშვის სპეცსკოლაში გაგზავნაზე
საბოლოო გადაწყვეტილებას მშობელი/მეურვე იღებს. როცა პრობლემას თავად
ვერ უმკლავდება, ის ბავშვზე ზრუნვას ინსტიტუციას სთხოვს.
.სკოლაში მოზარდები ათი წლის
ასაკიდან, ნებისმიერი სოციალური ფენიდან ხვდებიან. ამჟამად იქ 10-დან
17 წლის ჩათვლით, ექვსი ბავშვი სწავლობს. ისინი სოციალურად დაუცველი
ოჯახებიდან არიან. უმეტესობა ობოლია. სწორედ ობლობამ და სიღარიბემ
მიუჩინა ადგილი ქუჩაში. იქ გახდნენ ურჩები, აგრესიულები,
უგულველყვეს დადგენილი წესები. მათი რთული ქცევა სკოლამ უნდა
შეცვალოს და სხვა ცხოვრებისთვის მოამზადოს.
არასრულწლოვნები სასწავლებელში
სხვადასხვა დროს მოხვდნენ. დარჩენაც სხვადასხვა ვადით მოუწევთ.
სოციალიზაცია და აკადემიური ჩამორჩენის დაძლევა განსაზღვრულ პერიოდში
უნდა მოახერხონ. ამ პროცესში მათ 50-მდე ადამიანი ეხმარება -
პედაგოგები, აღმზრდელები, ძიძები.
სკოლის თანამშრომლებს გადამზადებისას აუხსნეს, რომ მოთმინებისა და გაგების უნარის გამომუშავება ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მათთან ბავშვები სხვა სამყაროდან ხვდებიან.
სკოლის აღსაზრდელების მიერ მოხატული კედელი
„ბავშვები მოდიან წერა-კითხვის უცოდინარი. არ შეუძლიათ თავის მოვლა.
არ გააჩნიათ ელემენტარული უნარები, იმიტომ რომ მათთვის ეს არავის
უსწავლებია. ამიტომ, ყველაფრის თავიდან ათვისება უწევთ. ერთი შეხედვით
მარტივი ჩვევის ათვისებას, შესაძლებელია, მთელი წელი დასჭირდეს. ყველა
სწავლობს ასაკის შესაფერის კლასში. თითოეულ ბავშვზე ვართ ცალ- ცალკე
ორიენტირებული მათი შესაძლებლობების მიხედვით, ვადგენთ ინდივიდუალურ
სასწავლო პროგრამებს“, - ამბობს სასწავლო ნაწილის გამგე ზეინაბ
ლობჟანიძე.
სამტრედიის სკოლა-პანსიონი ბოლო ინსტანციაა, თავისუფლების ბოლო კუნძული. ამის იქით ციხის ჩაკეტილი სივრცეა - გისოსებით და მავთულხლართებით.
სკოლის შენობას ახლა ჩვეულებრივი ღობე
აქვს
თავის დროზე, სამტრედიის სკოლა-პანსიონსაც ირგვლივ
მავთულხლართი ერტყა და კარცერები ჰქონდა. ჩაკეტვა, დასჯა,
დაშინება ბავშვის „გამოსწორების“ აღიარებული და მიღებული
საბჭოთა მეთოდი იყო. სკოლის დირექტორი გიორგი მეიშვილი ყვება, რომ
სასწავლებელს ე.წ. გამოსასწორებელი კოლონიის სახე 1966-დან 1986
წლამდე ჰქონდა.
„დირექტორად დამნიშნეს 1986 წელს
და პირველი, რაც გავაკეთე, მავთულხლართები მოვხსენი და კარცერები
გავაუქმე. მალე უცხოელები გვეწვივნენ და დადებითი შეფასება
მივიღე მათგან ამ გადაწყვეტილების გამო. მაგრამ მერე მაშინდელი
სამინისტროს წარმომადგენლები მოვიდნენ და სერიოზული საყვედური
გამომიცხადეს კარცერების გაუქმებისთვის“.
დირექტორს საბჭოთა კავშირის ნგრევამ მოუსწრო, რამაც კარცერები და მავთულხლართები გადაიყოლა. სკოლაში ლიბერალური მიდგომების დანერგვა დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ ღირსება „რთული ქცევის“ ბავშვსაც აქვს. სახელმწიფომ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღმზრდელ-პედაგოგებს ამ ღირსების შემჩნევა და აღიარება დაავალეს.
სკოლაში დანერგილი მიდგომები
ნაკლებ ეფექტურად მიიჩნია სახალხო დამცველმა. 2017 წელს ჩატარებული
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „სკოლაში არსებული
სისტემა არ არის მორგებული ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებზე და არ
არის ორიენტირებული მათ რესოციალიზაციაზე“. სახალხო დამცველმა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, სსიპ სამტრედიის N15 საჯარო
სკოლის არსებული მოდელის შეცვლის რეკომენდაციით მიმართა.
პასუხად სკოლაში ბოლო ორი წელია
სხვადასხვა აქტივობა დაამკვიდრეს. სკოლის დირექტორის თქმით, ახლა
შესაძლებელია ხალხური საკრავების შესწავლა, ცეკვის, კულინარიის
გაკვეთილების მიღება. მუშაობს დრამის წრე, რომელშიც მე-15
სკოლის აღსაზრდელებთან ერთად, სამტრედიის სხვა სკოლის ბავშვებიც
მონაწილეობენ.
„ეს აქტივობა ბავშვების გაცნობას
და საზოგადოებაში ინტეგრაციას უწყობს ხელს“, - მიაჩნია გიორგი
მეიშვილს.
შეიცვალა ბავშვის მიმართ მიდგომაც და ის ინდივიდუალური გახდა.
“ბავშვი როგორც კი მოდის ჩვენთან
სკოლაში, მისი სწავლების და განვითარებისთვის ინდივიდუალურ გეგმას
ვადგენთ. სემესტრის ბოლოს მულტიგუნდი, რომელშიც შედის როგორც
სოცაგენტი, ისე ფსიქოლოგი, განიხილავენ ბავშვის საქმეს, რა შეიძლება
მივცეთ ბავშვს, ან თუ შედეგი დადგა, დაუბრუნდეს თუ არა იგი
ოჯახს“.
სახელმწიფო სპეცსკოლის მიმართ
დამოკიდებულებას ცვლის, მაგრამ ხელგაშლილობით არ გამოირჩევა.
მაგალითად, ერთი ბავშვის კვებაზე დღეში მხოლოდ რვა ლარია
განსაზღვრული,რაც არასაკმარისია.
აღმზრდელ-პედაგოგები ამბობენ,
რომ პრობლემათა გრძელ ჩამონათვალში, რის გამოც იქ ბავშვი ხვდება,
თავად არასრულწლოვნის დანაშაული, უმეტეს შემთხვევაში, ყველაზე
ნაკლებია. ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს მიერ ამ ბავშვებისთვის
შეთავაზებულმა პირობებმა, გარემომ, დამოკიდებულებამ მათ არჩევანი არ
დაუტოვა - ისინი ატიპიურები“ უნდა ყოფილიყვნენ.
„ბავშვის პრობლემა შეიძლება იყოს
პრობლემათა ნუსხაში ყველაზე ბოლოს. იქ სულ სხვა,
სოციალურ-ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და ოჯახში არსებული პრობლემებია
მთავარი. უმეტესად გარემოდან გამომდინარე ტრავმები აქვთ“, - ამბობს
სასწავლო ნაწილის გამგე.
ამ ტრავმებს სკოლაში
არტთერაპიით, ფსიქოლოგთან აქტიური ვიზიტებით მკურნალობენ.
„გამოსწორების“ სხვა, განსაკუთრებული მეთოდი არ გამოიყენება.
17 წლის ლაშა, რომელიც სამი წელია ამ სკოლაშია, ხალხური საკრავების შესწავლის გაკვეთილებს არ აცდენს. მუსიკაში, თითქოს, შვებას პოულობს.
ლაშას სხვა გატაცებაც აქვს - მანქანები. სკოლის დახმარებით სახელოსნოში დადის და ავტომობილის შეკეთებას სწავლობს. თუკი ისურვებს, სპეციალობას პროფესიულ დონეზეც დაეუფლება. სამტრედიის მე-15 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს გარკვეული პრივილეგია ეძლევათ, პროფესიულ სასწავლებლებში მხოლოდ გასაუბრებით იღებენ. მერე ჩნდება დასაქმების პერსპექტივაც.
ბიჭების სურვილები მათი ოთახების კედლებზე იკითხება. ნახატები სამყაროსთან მოზარდების დამოკიდებულებას ამხელს.
გაბრიელი ტკივილს სხვანაირად
უმკლავდება. შეიძლება იმიტომ, რომ ,როგორც თავად ამბობს,11 წლისას არ
აქვს ბავშვის აზროვნება. გაბრიელი საკუთარი სულიერი
ჭრილობების შეხორცებას სხვების შველით ცდილობს.
„მაშველი მინდა გამოვიდე. მინდა ყველას ვუშველო. არავინ მინდა იტიროს იმის გამო, რომ ვინმე მოკვდა. როდესაც ვიგებ ვინმემ იყაჩაღა, ფული წაართვა, მოხუცს და გაჭირვებულს, ამაზე მეტირება კიდეც. როგორ შეიძლება მიხვიდე და ჯიბიდან ფული ამოაცალო?! ისე მე ვისზე ვამბობ, მეც ცუდს ვაკეთებდი, მაგრამ სიბრალულის განცდა მაინც მაქვს. ყველა მიყვარს. მერე რა, რომ იმან ცუდი გაგიკეთა? შენც იგივე უნდა გაუკეთო? აცადე. იქნებ სხვანაირად მოიქცეს. უახლოესი ძმაკაცი მყავდა, ერთხელაც სხვა მეგობარმა გვერდზე გაიყვანა და ტელეფონის გამო, ყელი გამოჭრა. ყველაზე მძიმე მოგონებად ეს დამრჩა მახსოვრობაში. არ მინდა ვინმემ ეს გამოსცადოს“.
სკოლაში იმასაც მიხვდნენ, რომ
ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობის დამსახურებაა. ესაა ურთიერთობის რთული
ფაზა. ბავშვები არერთხელ მოატყუეს დაჩაგრეს, გააწბილეს თანაც სწორედ
მათ, ვისაც უნდა დაეცვა. მათი მხრიდან უნდობლობა მორიგი
იმედგაცრუებისგან თავდაცვის იარაღია. ურთიერთობა რომ აეწყოს,
ეჭვები უნდა დაიძლიოს.
„ისინი რომ გვენდონ, ჩვენც უნდა
ვაჩვენოთ, რომ ვენდობით და გვჯერა მათი. ამ ბავშვების დახასითებებს
ვკითხულობთ, წალეკა ქალაქიო, მოდის ბავშვი და ერთ კვირაში ვატყობთ,
რომ არ არის ისეთი. ბევრი სიკეთე და სითბო მოდის მათგან.
სასწავლო პროცესშიც ჩართულია. ასე რომ არავინაა წყალწაღებული და
უიმედო. ყველას ეშველება ნდობით და სითბოთი“, - ამბობს გიორგი
მეიშვილი.
„სოციალიზაცია უჭირთ, ადვილად
ვერ შედიან უცხო ბავშვებთან და ზრდასრულებთან კონტაქტში. როდესაც
მოდიან, უჭირთ ნდობა. თუმცა შემდეგ, როდესაც ხედავენ სითბოს, იცვლება
მათი დამოკიდებულებაც. ნელ- ნელა იხსნებიან. ნებისმიერ თემაზე
შეუძლიათ საუბარი, უკვე თავად უჩნდებათ კომუნიკაციის, ავისა და კარგის
გარჩევის და საკუთარ თავში გარკვევის სურვილი”, - გვიყვება სკოლის
ფსიქოლოგი ანა უნგიაძე.
ბავშვების მთავარი სასაუბრო თემა
ოჯახის მონატრებაა. ეძებენ პასუხს კითხვაზე - რატომ?! ზოგჯერ ვერ
პოულობენ, ზოგჯერ კი პასუხი იმდენად მტკივნეულია, ურჩევნიათ კითხვად
დატოვონ.
„ცხრა თვის ვიყავი დედიკომ რომ
ბავშვთა სახლში მიმაბარა, მერე პერიოდულად მნახულობდა... ახლა ყველაზე
მეტად დედის ნახვა მინდა“. 11 წლის გაბრიელი ყველას სათქმელს ამბობს.
ეს ნატვრა ბევრ მათგანს, შესაძლოა, წელიწადში მხოლოდ ერთხელ
აუხდეს. ოჯახის წევრები ხშირად ვერც სანახავად ჩადიან და ვერც
არდადეგების პერიოდში მიჰყავთ ბავშვები, თუნდაც ერთი კვირით. ოჯახის
მხრიდან ვერმიღების და უარყოფის სიმძიმე ზოგჯერ აგრესიაში
გამოიხატება.
„ჩვენ ვართ ყველაზე ახლოს და
ჩვენზე გადმოდის ეს აგრესია. ვხვდებით ამის მიზეზებს და
ვცდილობთ გაგებით მოვეკიდოთ“, - ამბობს სააღმზრდელო
პროგრამების კოორდინატორი ლალი დოლიძე.
15 წლის ლევანი ოჯახის მონატრებით გამოწვეული ტკივილების წამალს წიგნებსა და კარგად სწავლაში პოულობს.
ბავშვების საყვარელი გმირები ტომ
სოიერი, ჰეკლბერი ფინი და ჰარი პოტერია, - წიგნის
პერსონაჟები ანტისოციალური და არც თუ სანიმუშო ქცევით.
უყვართ იმიტომ, რომ ეს თითქოს მათი ისტორიებიცაა, მათი ბიოგრაფიები ბედნიერი დასასრულით, რომელიც წიგნებში ამოიკითხეს. მათაც შეუძლიათ იყვნენ ის ბიჭები, რომლებიც გადარჩნენ და გაიმარჯვეს.
ავტორები : ეკა კუხალაშვილი; თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები