ამერიკა შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. და მეც, ყოველ საშობაოდ მახსენდება ჯერ კიდევ 325 წელს წმ. მეფე კონსტანტინეს ნიკეიდან გაგზავნილი ეპისტოლეს ფრაზა: „დაე, თქვენმა კეთილგონიერებამ განსაზღვროს, თუ რაოდენ არასაქებარია და საძრახისი, რათა ერთსა და იმავე დღეებში საქრესტიანოში ერთნი მარხულობდნენ და სხვანი კი იხსნილებდნენ”.
ჩვენ, ქართველებმა, არც ვიცით როდიდან და როგორ აღინიშნებოდა შობა წინა საუკუნეების საქართველოში. ჩვენს თაობას ქრისტესშობის დღესასწაული მხოლოდ ილია ჭავჭავაძემ შემოუნახა თავის პატარა მოთხრობაში „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“.
ამ მოთხრობაში, მე იმან კი არ მომხიბლა, თუ როგორი ძლიერები და კეთილშობილები ვყოფილვართ მაშინ, არამედ სწორედ რომ ილიას ოჯახის საშობაო სამზადისმა, რომლითაც იწყება ეს მოთხრობა.
ილიას ის მოთხრობა თუ 1880 წლით თარიღდება, სრული სიჩუმეა მსოფლიო ლიტერატურაში 1820 წლამდე. მანამდე, საერთოდ, არ არსებობდა საშობაო ლიტერატურა და პირიქით, შობის ხსენება ლიტერატურაში. პირველად უილიამ ბირდთან გვხდება რომ პურიტანელები ეკლესიაში მიდიოდნენ საშობაოდ. ეს იყო და ეს.
როგორი გასაკვირია, რომ შობა, როგორც დღესასწაული, ზეიმი, მსოფლიო ლიტერატურაში პირველად ჩნდება მხოლოდ 1820 წლიდან, სამი ავტორის შემოქმედებაში, და ეს ავტორები, სამივე არიან ამერიკელები და ნიუ-იორკელები. მსოფლიოს მეცნიერები ამიტომაც ერთხმად თანხმდებიან, რომ შობის აღნიშვნის აკვანი და დასაბამი ნიუ-იორკია, მაშინდელი სახელით - ნიუ ამსტერდამი.
ეს სამი ნაწარმოები, გახლდათ კლემენტ კლარკ მურის “სტუმრობა წმინდა ნიკოლოზისა”, ჯეიმს ფენიმორ კუპერის “პიონერები” და ვაშინგტონ ირვინგის „ესკიზების წიგნი“.
მე ახლა ვსაუბრობ, მთელი 23 წლით ადრე გამოცემულ წიგნებზე, ვიდრე ჩარლს დიკენსის “საშობაო სიმღერა” გამოიცემოდა ლონდონში, 1843 წელს.
უახლოესს საუკუნეში, შობის ტრადიციის შეუცვლელი ელემენტი გახდა საშობაო ფილმის ჩვენება ტელევიზიებით. საქართველოში თუ წლების განმავლობაში რიაზანოვის “ბედის ირონია” გადიოდა ეკრანებზე, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჰოლივუდური „მარტო სახლში“ კისრულობდა ამ ფუნქციას.
ის კი არადა, 2010 წელს, პოლონურმა ტელევიზიამ თავის საშობაო საეთერო ბადეში არ მოახვედრა ეს ფილმი, რამაც მაყურებელთა 90 ათასიანი პროტესტი გამოიწვია და მის შემდეგ ყოველწლიურად აქვთ სატელევიზიო ბადეში.
ამერიკული სინემატოგრაფია თუ მდიდარია საშობაო ჟანრის ფილმებით, ამას ვერ ვიტყვით საქართველოზე.
სულ თითზე ჩამოსათვლელად მახსენდება ქართული ფილმები, საახალწლო თუ საშობაო თემატიკაზე შექმნილი - შეიძლება არც კი. „კუჩხი ბედინერი“, „წერილი ნაძვებს“, „ნეილონის ნაძვისხე“, „კოჯრის ტყის სიზმრები”, „ვერის უბნის მელოდიები“, - მიუხედავად იმისა, რომ შობა ჩვენი საყვარელი დღესასწაულია, ქართული მწერლობაც მეჩხერია ამ მხრივ.
არადა, ამერიკაში შობა ნომერ პირველი, დიდი დღესასწაულია, რომლის აღნიშვნა ერთი თვით ადრე იწყება. პირველი დეკემბრიდან უკვე, მუდმივად, მთელი დღის განმავლობაში გესმის მუსიკა ყურში - მანქანაში რადიოდან, მაღაზიებში და რესტორნებში, სკოლებში, ბაღებში, სამთავრობო ოფისებში, მოკლედ სადაც არ უნდა შეხვიდე, ყველგან საზეიმო განწყობას გიქმნიან. რაც მთავარია, ღიმილი უმრავლდებათ სახეებზე ამ დღეებში, ფერადი ხდება გარემო.
სახლი არ რჩება მოურთავი, - ეს
ცალკე სასაუბრო თემაა, იმხელა კულტურაა, თუ როგორ ერწყმის
საახალწლო-საშობაო-ხანუკას მორთულობები ერთმანეთს, და ერთიანობაში
როგორ ხდიან ყველაფერს ზღაპრულს.
მაგრამ, ყველაზე მეტად ეს შობადღე მაინც ზამთრის უთბილესი სასწაულია - ადამიანები ცდილობენ დრო გაატარონ საყვარელ ადამიანებთან - ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან და მეგობრებთან. ამერიკაში ხომ ყველა თავიანთი ნათესავებისგან მოშორებით ცხოვრობენ, გაბნეულნი შორეულ შტატებში. თუმცა, ისინი წელიწადის ამ დროს მაინც ახერხებენ მშობლებთან დაბრუნებას, შვილიშვილების ბებია-ბაბუასთან შეხვედრებს, ბავშვობის ქალაქში ჩასვლას.
არაფერი სჯობს გონებით შეიჭყიტო, თუ რა დევს კოხტად, დეკორატიულ ქაღალდებში შეფუთულ ყუთებში თუ კალათებში, და საოცარია საკუთარი თვალით იხილო ამ დღის ყველაზე დიდი პიკი - ბავშვების ქაოსი, როცა კი ნაძვისხესთან საჩუქრების გახსნა იწყება.
ხო, მართლა, 20 წელზე მეტია ამერიკაში ვცხოვრობ, და არცერთხელ, არსად, მათ შორის პატარა დაბებსა თუ ქალაქუკებში, არასოდეს გამეგონა ნაძვისხის დაწუნების თუ გაქილიკების ერთი ფაქტიც კი.
ერთ-ერთ აუქციონზე შემთხვევით გადავაწყდი, რომ იყიდებოდა 1941 წლის ნიუ-იორკის Town hall-ის საკონცერტო პროგრამა. გარეკანზე ახალგაზრდა სიმპათიური ბიჭის სურათით და წარწერით - გიორგი ჭავჭავაძე.
მასალის გამოყენების პირობები