მიმდინარე წლის 4-5 ნოემბერს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტების
მონაწილეობით იმიტირებული ომი, Airsoft ჩემპიონატი გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორი აწსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობაა. მისი
ხელმძღვანელი, გიორგი ოკრიბელაშვილი განმარტავს, რომ ჩემპიონატში
მონაწილეობა ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია, მათ შორის გოგონებსაც.
"ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 54 გუნდი, საიდანაც შეირჩევა 16.
კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდებიან ის გუნდები, რომლებიც
ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ითამაშებენ," - განმარტა გიორგი
ოკრიბელაშვილმა.
წერეთლის უნივერსიტეტს ჩემპიონატის ორგანიზებაში პარტნიორობას
ქუთაისის აირსოფტის ასოციაცია უწევს, რომელიც 2015 წლიდან
ფუნქციონირებს. ასოციაციის წევრებმა სტუდენტებთან საინფორმაციო
შეხვედრა გაართეს და მათ აირსოფტის თამაშის წესები გააცნეს.
"ჩვენი ძირითადი მოვალეობაა ახალგაზრდა თაობის ჩართვა ამ თამაშში,
ვასწავლოთ მათ ის საბრძოლო უნარ-ჩვევები, რაც რეალურ ბრძოლაში
გამოიყენება. გვინდა, რომ ახალ თაობას ჰქონდეს სამშობლოს სიყვარულის
განცდა. ეს არ არის მხოლოდ თამაში, არამედ მათ ვასწავლით საბრძოლო
გადაადგილებას, მეგობრის დაზღვევას, შენობების აღებას, ტყვეთა
გათავისუფლებას," - განმარტავს ქუთაისის აირსოფტის ასოციაციის
დამფუძნებელი, არჩილ ბეროზაშვილი.
მისივე ინფორმაციით, სტუდენტური ჩემპიონატი წყალტუბოში ყოფილი "კგბ"-ს
სანატორიუმის ტერიტორიაზე გაიმართება.
Airsoft საქართველოში პოპულარული 2010 წლიდანაა. თბილისში, ქუთაისსა
და ბათუმში უკვე ჩამოყალიბებულია გუნდები, რომლებიც სხვადასხვა
ჩემპიონატებში მონაწილეობენ.
Airsoft-ის მოთამაშეები ერთმანეთს სპეცილური იარაღით ებრძვიან,
რომელიც 6 მმ-იან ბურთულებს ისვრის. ბურთულები, რომელთა წონა 0,12
მგ-დან 0,88 მგ-მდეა, ბიომასალისგანაა დამზადებული, არ ახდენს გარემოს
დაბინძურებას და ბუნებბრივ პირობებში იხრწნება. ასევე, უსაფრთოა
ჯანმრთელობისთვის.
თამაში შესაძლებელია წინასწარ შერჩეულ ადგილზე, ღია სივრცეში, სადაც
მოსახლეობა არ არის. მონაწილეები იყენებენ სამხედრო სამოსს, ხოლო
აუცილებელი მოთხოვნაა სპეციალური დარტყმაგამძლე სათვალის
გამოყენება.
მასალის გამოყენების პირობები