საკალათბურთო სუპერლიგა დღეს ოლიმპურ სასახლეში დაიწყო. საქართველოს
27-ე ეროვნულ ჩემპიონატში 9 გუნდი მონაწილეობს დინამო, ოლიმპი,
ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, მარნეული, მგზავრები, სოხუმი და კაკტუსი.
აღსანიშნავია, რომ წელს ჩემპიონატის გათამაშების ფორმატი შეიცვალა.
წინა სეზონში პლეი ოფში 4 გუნდი გადიოდა, მიმდინარე სუპერლიგაში კი 4
წრის შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფიდან 8 საუკეთესო გუნდი
განაგრძობს.
გათამაშებაში დღეს 6 გუნდი ჩაერთო. სუპერლიგის პირველი ტურის 4
მატჩიდან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს 3 შეხვედრა ჩატარდა.
ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი "დინამო" და
სუპერლიგის დებიუტანტი მარნეულის "დელტა" დაუპირისპირდნენ. ევროთასზე
მოასპარეზე დინამოელებმა ლიგის მარნეულს წარმატების შანსი არ მისცეს
და 24 ქულით - 87:64 დაამარცხეს.
გამარჯვებულებს 15 ქულით გიორგი შარაბიძემ ულიდერა. 13 ქულა დააგროვა
კაელ ტურპინმა, ხოლო გუნდის კაპიტანმა ილია ლონდარიძემ 11 ქულა
მიითვალა. მარნეულელთაგან 14 ქულით საუკეთესო იყო არტიომ შვეცი.
მეორე შეხვედრაში საინტერესო ბრძოლა გაიმართა. გასული სეზონის
ვერცხლის მედალოსანი "ქუთაისი" "ოლიმპს" შეხვდა და მარცხი განიცადა.
ლეონიდ ივატინის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა სამაგალითოდ ითამაშეს და
სუპერლიგა საამაყო გამარჯვებით დაიწყეს.
"ოლიმპს" ულიდერა ამერიკელმა მარკ ოგდენმა, რომელმაც 20 ქულა და 6
ჩაჭრა მიითვალა. 18 ქულით გამოირჩა მიხეილ ჭოჭუა, გივი ბაქრაძემ კი
შეხვედრა 10 ქულით დაასრულა. "ქუთაისში" 18 ქულით საუკეთესო იყო აკაკი
დვალიშვილი, ხოლო 14 ქულა აკაკი ლომოურის ანგარიშზე დაგროვდა.
ბოლო შეხვედრაში "რუსთავმა" იოლი გამარჯვება მოიპოვა "მგზავრების"
წინააღმდეგ. ქვემოქართლურმა გუნდმა თავიდანვე მოიპოვა სოლიდური
უპირატესობა, რის შემდეგაც ლიდერობას პერმანენტულად ზრდიდა და
საბოლოოდ 28 ქულის სხვაობით - 97:69 გაიმარჯვა.
რუსთაველთაგან 24 ქულით საუკეთესო იყო ტაირელ ნელსონი, გუნდის
კაპიტანმა ლევან ცეკვავამ კი 17 ქულა მიითვალა. "მგზავრებში" 23 ქულით
კახაბერ ჯინჭარაძე გამოირჩა.
სუპერლიგის პირველი ტურის ბოლო შეხვედრა 15 ოქტომბერს გაიმართება.
16:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში "კაკტუსი" და "სოხუმი"
ითამაშებენ.
სუპერლიგის პირველ ტურში დაისვენა "ბათუმმა". ზღვისპირელები
ჩემპიონატში მეორე ტურიდან ჩაერთვებიან.
მასალის გამოყენების პირობები