თბილისში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგება 4 ოქტომბრიდან
დაიწყება. პროექტის პირველი მონაწილე პირველი კლასიკური გიმნაზია
იქნება.
სკოლაში ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2 200 ვაშლს შეიტანს,
თითოეული გარეცხილი და დაფასოებული იქნება და მათ მოსწავლეებს სკოლის
ადმინისტრაცია დაურიგებს. სამინისტროს ცნობით, პროექტი ეტაპობრივად
დანარჩენ 9 სკოლაშიც განხორციელდება.
"ვაშლების დარიგების მიზანია, რომ შესვენებაზე ბავშვმა ჭამოს ჯანსაღი
პროდუქტი. ერთ ბავშვს ერთი ვაშლი დაურიგდება. გასაგებია, რომ კვირაში
ერთხელ ვაშლის ჭამა არაფერს ცვლის, მაგრამ მნიშვნელოვანია", -
განაცხადა განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისი თქმით, იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთაც ვაშლები დაურიგდებათ,
დაახლოებით 40 000- დან 60 000 - მდეა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში მოსწავლეებისთვის
ვაშლების დარიგებას კვირაში ერთხელ გეგმავს.
გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს KEPKA-მ გაიმარჯვა. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში
მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც უწყებას
ვაშლების შესაძენ თანხად 69 940 ლარი შესთავაზა.
ამ კომპანიის მიერ მიწოდებული პროდუქტით განათლების სამინისტრო
დედაქალაქის 10 საჯარო სკოლას 260 ათასი ერთეული ვაშლით დეკემბრის
ბოლომდე მოამარაგებს.
მასალის გამოყენების პირობები