შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და
ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების გამოსავლენად გაეროს ბავშვთა
ფონდი მუნიციპალიტეტებისთვის კონკურსს აცხადებს.
კონკურსი ანტი-სტიგმა მოძრაობის "დაინახე ყველაფერი" ფარგლებში
ცხადდება. მას გაეროს ბავშვთა ფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით
ახორციელებს.
სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანია "დაინახე
ყველაფერი" გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური
მონაწილეობით მიმდინარეობს. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების
დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის
გავცელებას.
მუნიციპალიტეტებს შორის კონკურსი ფონდმა მიმდინარე წლის 25 სექტემბერს
გამოაცხადა და ის 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
"ადგილობრივ მმართველობას და თვითმმართველობას მნიშვნელოვანი როლი
ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და
ადვოკატირების საქმეში," - აცხადებენ გაეროს ბავშვთა ფონდში.
მათივე ცნობით, კონკურსის მიზანია, გამოვლინდეს საუკეთესო
გამოცდილებისა და სოციალური პროგრამების მქონე მუნიციპალიტეტები,
რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ქმნიან
ხელმისაწვდომ გარემოს (ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, საჯარო
ტრანსპორტი, გასართობი ადგილები) და ზრუნავენ მათი განვითარებისა და
სოციალური ინკლუზიისთვის.
ასევე, კონკურსის შედეგად გამოვლინდება ის მუნიციპალიტეტი, რომელსაც
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და
ადვოკატირების საქმეში წვლილი მიუძღვის.
სამ გამარჯვებულ მუნიციპალიტეტს 2017 წლის 17 ოქტომბერს შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო და
ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისგან დაკომპლექტებული ჟიური
გამოავლენს.
მასალის გამოყენების პირობები