საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუციის პროექტი დაამტკიცა.
კენჭისყრაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა. კონსტიტუციის
კანონპროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორმა კი წინააღმდეგ
მისცა ხმა. პარლამენტის სხდომას არ ესწრებოდნენ საპარლამენტო
უმცირესობის წარმომადგენლები.
ახალი კონსტიტუციის განხილვის პარალელურად, პარლამენტთან
საპროტესტო
აქციაც გაიმართა.
კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც 2018 წლის
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის ძალაში, ქვეყანა კლასიკურ
საპარლამენტო მოდელზე გადადის.
საკონსტიტუციო ცვლილებებით, ერთ-ერთი საკვანძო ცვლილება შერეული
საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა,
თუმცა, პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნებისთვის ამოქმედდება, მომავალი 2020 წლის არჩევნები კი, კვლავ
არსებული შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ამ არჩევნებისთვის
კი, ერთჯერადად, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს.
კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ასევე, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით
იქნება არჩეული. პრეზიდენტი სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ
აირჩევა, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისგან, ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრისგან და პარტიების მიერ
ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად
დასახელებული ხმოსნებისაგან.
მასალის გამოყენების პირობები