"მწვანე ბარათის" გათამაშებასთან დაკავშირებით ქუთაისის ამერიკულ
კუთხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა, ჯეიმს უოტერმანმა ამერიკის ვიზის
მიღებით დაინტერესებულ პირებს მის მიღებასთან დაკავშირებული
ინფორმაცია გააცნო და კითხვებს უპასუხა.
ჯეიმს უოტერმანმა განმარტა, რომ "მწვანე ბარათის" მოგების და ვიზის
მიღების შემდეგ გამარჯვებულმა ბილეთისა და ამერიკაში ცხოვრების
ხარჯები თვითონ უნდა გაიღოს.
"არც სამსახურია გარანტირებული და არც მანქანა, რა თქმა უნდა. ვიზის
მიღების შემდეგ გამარჯვებულმა ამის შესახებ თავად უნდა იზრუნოს", -
ამბობს ჯეიმს უოტერმანი.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 2018 წლის პირველი მაისიდან შეძლებთ
თქვენი სტატუსის გადამოწმებას გათამაშების ვებ-გვერდზე:
www.dvlottery.state.gov.
2019 წლის გათამაშების პროგრამისთვის რეგისტრაცია იწყება 2017 წლის 3
ოქტომბერს, 20:00 საათზე (თბილისის დროით) და დასრულდება 2017 წლის 7
ნოემბერს, 20:00 საათზე (თბილისის დროით).
მწვანე ბარათის გათამაშების პროგრამაში მონაწილეობის მისაღები
განაცხადი ივსება მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე:
www.dvlottery.state.gov
განაცხადის შეტანა უფასოა.
1990 წლის საიმიგრაციო კანონით დაარსდა მწვანე ბარათის გათამაშების
(DV) პროგრამა, რომლის მიხედვით 55,000 საიმიგრაციო ვიზა იქნებოდა
ხელმისაწვდომი ყოველწლიური გათამაშების გზით. გათამაშების მიზანს
წარმოადგენს შეერთებულ შტატებში იმიგრანტი მოსახლეობის
დივერსიფიცირება, კანდიდატების შერჩევით ძირითადად იმ ქვეყნებიდან
სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ში იმიგრირებულთა რაოდენობის
დაბალი მაჩვენებლი ფიქსირდება.
მწვანე ბარათის გათამაშების შესახებ საზოგადოების ცნობიერების
ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები და ონლაინ კითხვა-პასუხის
სესიების გამართვა საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიცაა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები