ახალი ამბები
ტყიბულის მეორე სკოლაში სასწავლო პროცესი მშობლების პროტესტით დაიწყო
FaceBook
ტყიბულის  მეორე სკოლაში სასწავლო პროცესი მშობლების პროტესტით დაიწყო. ისინი  საგაკვეთილო პროცესის მეორე ცვლაში გადატანას აპროტესტებენ. ამ მიზეზით,  სკოლაში დღეს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა.

სკოლას მეორე ცვლა მას შემდეგ დაემატა, რაც ექსპერიზის შედეგად  ორი დღის წინ გაირკვა, რომ მეორე საჯარო სკოლის შენობა ამორტიზებულია.  სწორედ ამ სასწავლო დაწესებულების მოსწავლეების  გადანაწილება მოხდა პირველ საჯარო სკოლაში. 

"გუშინ, 14 სექტემბერს დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ სხვა სკოლაში, სხვა ცვლაში გადაყავდათ ბავშვები და მათ შუადღით უნდა დაეწყოთ სწავლა. ტყიბულში გადაადგილება რთულია, მითუმეტეს ზამთარში, ყველანი ვმუშაობთ და ბავშვების ასეთი სასწავლო რეჟიმს ვერანაირად ვერ ავეწყობით," - ამბობს  ტყიბულის მეორე საჯარო სკოლის მშობელი ხათუნა დალაქიშვილი.

"სკოლის შენობა ნგრევადია, ამიტომ გადაგვიყვანეს სხვა სკოლაში სადაც, გრაფიკი არ გვაწყობს. გადაგვიყავნეს პირველ საჯარო სკოლაში, სადაც არ არის საკმარისი ოთახები. ამიტომაც გადაუწიეს ბავშვებს ორ საათამდე სწავლის დაწყება. ჩვენ ამას არ შევეგუებით. გამოგვიყონ ფართი სადაც უნდათ, მთავარია ბავშვებმა პირველ სმენაში ისწავლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილებს სკოლაში არ გავუშვებთ და საერთოდ გაუქმდება ეს სკოლა," - ამბობს მშობელი მაკა მარგველაშვილი.

ტყიბულის #2- ე საჯარო სკოლის დირექტორი, მეგი ქათამაძე აცხადებს, რომ მისთვის გასაგებია მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტი, ამიტომ დირექცია ალტერნატიული ფართს ეძებს.

"ჩვენ ოთხი დღით ადრე გავიგეთ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რომ #2-ე სკოლის შენობა ამორტიზებულია. ამიტომ არ მოგვეცა დრო სხვანაირად დაგვეჭირა თადარიგი. ბავშვების მეორე სმენაში და სხვა სკოლაში გადაყვანაც იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილიყო," - ამბობს მეგი ქათამაძე.

მისივე თქმით, სკოლის ადმინისტრაციას, გამგეობის და საგანამანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად უკვე დაწყებული აქვს მუშაობა ალტერნატიული ფართის მოძიებაზე.

ტყიბულის გამგეობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათ მიიღეს წერილობითი განცხადება, საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან ალტერნატიული ფართის გამოყოფის თაობაზე, თუმცა მუნიციპალიტეტში ასეთი ფართის არ არსებობის გამო,  მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ მოხდა.

"მუნიციპალიტეტში არ არსებობს ისეთი ფართი, სადაც ამ მოსწავლეების გადაყვანა მოხერხდებოდა,"- ამბობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის თანამშრომელი ელისო ჭანტურიძე.

ტყიბულის საგანმანათლებლო რესურცენტრში კი აცხადებენ, რომ ისინი აქტიურად მუშაოებენ #2 -ე საჯარო სკოლაში არსებული პრობლემის გადასაწყვეტად.თუმცა, ამ დრომდე რატომ არ მოხდა ალეტრნატიული ფართის მოძიება ამას არ აკონკრეტებს. 

"თუ ბავშვებს სკოლაში არ გაუშვებენ მშობლები ეს მათი უფლებაა, თუმცა სკოლაში ორი ბავშვიც რომ მოვიდეს, სკოლა მაინც იფუნქციონირებს. ამ ეტაპზე ჩვენ არ გვქონდა დრო სხვაგვარად გადაგვეწყვიტა პრობლემა, ახლა კი ვმუშაობთ იმისთვის, რომ რაიმე გზა გამოვძებნოთ და ბავშვებმა პირველ სმენაში და ალტერნატიულ ფართში გააგრძელონ სწავლა,"- აცხადებს ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსენტრის ხელმძღვანელი ირინე კორძაია.

სსიპ საგანმანათლებლო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში, "ქუთაისიპოსტს" განუცხადეს, რომ ტყიბულის #2- ე საჯარო სკოლის შენობაზე წერილობითი ინფორმაცია მიმდინარე წლის 10 ივლისს გადაეგზავნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
"წერილში ნათქვამია, რომ შენობა არის სასწავლო პროცესისთვის არარენტაბელური,"- ამბობს სსიპ საგანმანათლებლო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თამუნა მინდიაშვილი.

როდის გადაეგზავნა ტყიბულის #2-ე საჯარო სკოლას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან წერილი, ამის შესახებ ინფორმაციას უწყებიდან პასუხის მიღებისთანავე მოგაწვდით.

ტყიბულის #2-ე საჯარო სკოლაში დღეის მონაცემებით სულ 119 მოსწავლე სწავლობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.