ქუთაისის ბაზარში 1 კილოგრამი ყველის ფასი სამი-ოთხი ლარით
გაძვირდა.ბოლო ერთი კვირაა, იმერული ყველის ბაზარზე გასაყიდმა ფასმა 9
- 11 ლარს მიაღწია.
"გლეხებისგან 7- 8 ლარზე ნაკლებად ვეღარ ვყიდულობთ ყველს, როცა ასეთ
ფასად ერთი კვირის წინ ჩვენ თვითონ ვყიდდით ბაზარზე," - ამბობს
ქუთაისის ცენტრალურ ბაზართან მოვაჭრე ნაილი კახიძე.
მოვაჭრეები ყველის გაძვირებას წველადობის შემცირებას და გვალვებს
უკავშირებენ.
წველადობამ იკლო, აღარაა ზაფხული, თანაც ისეთი სიცხეების და გვალვების
გამო ყველაფერი გადახმა, უჭირს გლეხებს საქონლის გამოკვება, ამიტომაც
გაძვირდა ყველი," - ამბობს მოვაჭრე დოდო გაბუნია.
მოვაჭრეების თქმითვე, ყველის ფასი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს,
რადგან ზამთარში გლეხებს კიდევ უფრო გაუძვირდებათ საქონლის
გამოკვება.
ყველის გაძვირებამ, ბაზარში მოვაჭრეების თქმით, რეალიზაციის
შემცირებაც გამოიწვია. გაძვირებული რძის პროდუქტის გამო უკმაყოფილებას
მოქალაქეებიც გამოთქვამენ.
"ყოველნაირად უჭირს ხალხს და გაძვირებული პროდუქტები კიდევ უფრო
ართულებს არსებობას," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ნინო გოქაძე.
მიმდინარე წლის ზაფხულში ყველის ფასი 6-7 ლარის ფარგლებში
მერყეობდა.
მასალის გამოყენების პირობები