კერძო კორპორაცია "ჰუალინგი" სასტუმროს თანამშრომლების ბრალდებას
ორი დღის შემდეგ ბრალდებით პასუხობს. თუმცა,
მაშინ კომპანიაში კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. "ჰუალინგის"
წარმომადგებლობა "ქუთაისიპოსტს" თავად დაუკავშირდა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ თანამშრომლები სამსახურეობრივ მოვალეობას
არაკეთილსინდისიერად ასრულებდნენ. კომპანიის ირანის წარმომადგენლის
საქართველოში თეა ბოტკოველის თქმით, მიმდინარე წლის აგვისტოში
ჩინეთიდან მენეჯერი იყო ჩამოსული, რომელსაც სასტუმროს თანამშრომლების
მუშაობის კონტროლი ევალებოდა. ბოტკოველის განმარტებით, მენეჯერმა
თანამშრომლების მუშაობა დაიწუნა, რის გამო მათ სიტყვიერი შენიშვნა
მისცა.
რაც შეეხება, კონკრეტულ თანამშრომელს, რომლის თქმით, მათ კომპანიის
თანამშრომლები ამცირებდნენ, ბოტკოველი ამბობს, რომ მისი განაწყენება
დაკავებული პოზიციიდან ჩამოქვეითებამ გამოიწვია. კერძოდ,
ნატალია კაპანაძეს დასუფთავების დეპარტამენტის უფროსის ნაცვლად
სასტუმროს ჰოლისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება დაევალა.
"ეს ქალბატონი სასტუმროში დასუფთავების დეპარტამენტის უფროსი იყო,
მაგრამ მას შემდეგ რაც ჩინეთიდან ჩამოსულმა ხელძღვანელმა მისი მუშაობა
დაიწუნა, მიიღო გადაწყვეტილება ის ჩამოექვეითებინა. კონკრეტულად მას
დეპარტამენტის უფროსის ნაცვლად სასტუმროს ჰოლისა და ეზოს დალაგება
დაევალა. ამის შემდეგ ის თვითონ წავიდა სამსახურიდან და კომპენსაცია
მოითხოვა. ამის გარდა, მას უნდოდა სხვა თანამშრომლების
აყოლიება, მაგრამ ვერ შეძლო", - ამბობს ჩვენთან საუბარში თეა
ბოტკოველი.
სასტუმრო "ჰუალინგში" ნატალია კაპანაძემ მუშაობა ოთხი თვის წინ
დაიწყო, რომელმაც ხელშეკრულება კომპანიასთან ერთი წლის
ვადით გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით, მას დამლაგებლების
ზედამხედველობა, კონტროლი და აღრიცხვა ევალებოდა, ხოლო ჩამოქვეითების
შემდეგ, კი მას სხვა დამლაგებლების მსგავსად,
სასტუმრო უნდა დაესუფთავებინა.
ნატალია კაპანაძე კომპანიის წარმომადგენლის ბრალდებას, თითქოს მისი
განაწყენება პოსტიდან ჩამოქვეითებამ გამოიწვია, ტყუილს უწოდებს და
ამბობს, რომ 28 აგვისტოს მან ტელეფონით ერთ-ერთი მენეჯერისგან
გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მისი თქმით, ამის მიზეზად
უფროსმა მუშაობის დაბალი ხარისხი დაასახელა.
"მივედი მეორე დღეს ჩემი სამუშაო ხელშეკრულებით. ვუთხარი თუკი
მათავისუფლებთ გამათავისუფლეთ, მაგრამ მატერიალური ზიანი
ამინაზღაურეთ-მეთქი. ამის შემდეგ მითხრა კი არ გათავისუფლებ,
ჩამოგაქვეითებო. ეზო და ჰოლი დაგევალებაო მხოლოდ და სამზარეულოში არ
შეხვიდეო საერთოდ. სამზარეულოში ხელშეკრულების მიხედვით უნდა
გვესადილა, რასაც მე არ დავთანხმდი", - ამბობს ნატალია კაპანაძე.
ის გვიყვება, რომ მას მენეჯერმა ერთხელ მის დაქვემდებარებაში
მყოფი პირის გათავისუფლება დაავალა.
"მიზეზი როცა ვკითხე, მიპასუხა რომ ის გასუქდა, მაგრამ, რა თქმა
უნდა, არ დავეთანხმე მის გადაწყვეტილებას, ეტყობა ეს არ მოეწონათ და
ამითვალწუნეს ამის გამო", - ამბობს ნატალია კაპანაძე.
ის ამბობს, რომ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას
სასამართლოს გზით შეეცდება, სადაც სარჩელის შეტანას რამდენიმე
დღეში გეგმავს.
მიუხედავად იმისა, რომ ნატალია კაპანაძესთან "ჰუალინგს" ჯერჯერობით
ხელშეკრულება ოფიციალურად არ შეუწყვეტია, ის სასტუმროში მუშაობის
გაგრძელებას არ აპირებს.
ამავე თემაზე:
"გვამცირებდნენ" - ქუთაისში სასტუმრო "ჰუალინგის" ყოფილი
თანამშრომლები მენეჯერს
უპირისპირდებიან
მასალის გამოყენების პირობები