"ესენი არიან ისინი ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში ვითარების "დამლაგებელს" ეძებდნენ"
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, საქალაქო სატრანსპორტო ხაზების კონკურსის ჩატარების დისკრედიტაციას ცდილობენ. მურღულიას განმარტებით აღნიშნულის მცდეობა კონკურსის დღეს რამდენიმე ადამიანს ექნება.
"კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. თუმცა, ესენი არიან ისინი ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში ვითარების "დამლაგებელს" ეძებდნენ. კონკურსი ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდება, ისე რომ შეუძლებელი იქნება რაიმე სახის მიკერძოებულობაზე საუბარი", - განაცხადა ბრიფინგზე შოთა მურღულიამ.
მერის განმარტებით, კონკურსზე გაიმარჯვებს ის, ვინც თანხას ბიუჯეტში შეიტანს და ასევე, მგზავრებს კარგად მოემსახურება.
ქუთაისის მერიის მიერ 18 საქალაქო სატრანსპორტო ხაზზე გამოცხადებული კონკურსი 29 მაისს დასრულდება. კონკურსის შედეგები იმ დღესვე გახდება ცნობილი. კონკურსის მიმდინარეობის ნახვა მონიტორზე იქნება შესაძლებელი.
აღნიშნულ კონკურსს მერიაში სპეციალურად შექმნილი 8 წევრიანი კომისია უხელმძღვანელებს. კომისიის თავმჯდომარე, ქალაქის მერი შოთა მურღულია გახლავთ. წევრები კი მერიის სხვადასხვა სამსახურის უფროსები და საკრებულოს წევრები არიან. მათ შორის არის ტრანსპორტის პროფკავშირების წარმომადგენელი ლავრენტი ალანია.
კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეებს მერიამ სატრანსპორტო ხაზებზე ნებართვები კონკურსის დასრულებიდან 14 დღის ვადაში უნდა გადასცეს.
თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები