ხონის გამგებლის სამივე მოადგილე დაკავებულ თანამდებობებს ოფიციალურად
რამდენიმე დღეში დატოვებენ.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს გამგებლის ერთ-ერთმა მოადგილემ, ვასილ
ჩხენკელმა განუცხადა. მან აღნიშნა, რომ გადადგომის მიზეზი გამგებელთან
სხვადასხვა საკითხებზე უთანხმოებაა, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან
თავი შეიკავა. მან, ასევე არ დაადასტურა გავრცელებული ვერსია, რომლის
თანახმადაც სამივე მოადგილის გადადგომა ხონის საკრებულოს თავმჯდომარის
სამივლინებო ხარჯებს უკავშირდება.
"თავს შევიკავებ ამ ეტაპზე. რამდენიმე დღეში ვაპირებთ ოფიციალურად
დავწეროთ განცხადება წასვლის შესახებ და შემდეგ მოგახსენებთ," -
განაცხადა ვასილ ჩხენკელმა.
თავად ხონის გამგებელმა, ჯემალ მებუკემ კი გაგვიცხადა, რომ მას
მოადგილეებთან დაპირისპირება არ აქვს.
"ჩემგან არანაირი. თათბირზე ვარ და მეტს ვერაფერს გეტყვით," -
აცხადებს ჯემალ მებუკე.
რაც შეეხება ხონის საკრებულოს თავმჯდომარეს, მასთან დაკავშირება ვერ
მორხერხდა, რადგან ვალერი ბახტაძეს ტელეფონი გათიშული აქვს. მისი
მოადგილე, კობა კუბლაშვილი კი აცხადებს, რომ გამგებლის მოადგილეების
გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
"მათი გადასაწყვეტია დატოვებენ თუ არა თანამდებობას. ვერც იმაზე
გიპასუხებთ, არის თუ არა დაპირისპირება. ბევრი ჭორი დადის. თუ ვინმეს
სურვილი აქვს დატოვოს და სხვაგან გადაინაცვლოს, ეს მისი სურვილია. არ
გვქონია მაგაზე საუბარი და არც მსმენია," - ამბობს ხონის საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე, კობა კუბლაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები