ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თქმით, რამდენიმე კვირის წინ ყოფილი
"საგრენაჟო" ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასულიერო პირებსა და
მაღალჩინოსნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ არ სმენია.
მან არც ის იცის, არის თუ არა ვინმე დაინეტრესებული იმ ადგილის
შესყიდვით.
"სასულიერო პირებიო, პარტიებიო, რაღაც გარჩევებიო, უფრო ბელეტრისტიკას
ჰგავს ეს ყველაფერი. კარგი ტერიტორიაა და ნებისმიერი ჭორის მოგონება
შეიძლება იმ ადგილზე. მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ვინმე თუ იყო
იქ მისული. ეს ტერიტორია როგორც მე ვიცი ძალიან ძვირადაა შეფასებული
და მაგიტომ არ იყიდება, თორემ, არავინ დატოვებდა ისე.
იცით, ალბათ, იმ ადგილის კონფიგურაცია. სიღრმეში უფრო დიდი
ტერიტორიაა, ვიდრე წინ და ერთ-ერთი შენობა მანდ კულტურულ
მემკვიდრეობას წარმოადგენს, შესაბამისად, ჩათვალეთ, რომ სააგენტომ უნდ
გასცეს მასზე ნებართვა.რაც შეეხება ტერასებს, პირობითად, თუ ვინმე
სასტუმროს ან სასტუმრო-აპარტამენტს გააკეთებს და თუ არქიტექტურულად
შეერწყმება ყველაფერს, რატომ უნდა იყოს პრობლემა ვერ ვხვდები. მხოლოდ
მივესალმები და გამიხარდება თუ ქალაქის ცენტრში ინვესტორი
გამოჩნდება,"-განაცხადა შოთა მურღულიამ 4 წლიანი მუშაობის
შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
ქალაქის მერი მიიჩნევს, რომ რაც უფრო სწრაფად მოხდება ნებისმიერი
ქონების პრივატიზება, მით უკეთესია.
ქუთაისიპოსტის წყაროს ცნობით, ყოფილი "საგრენაჟო" ქარხნის მიმდებარე
ტერიტორიაზე,
რამდენიმე კვირის წინ გვიან ღამით "პატრიოტთა
ალიანსის" წარმომადგენლები -დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი და
ნინო ონიანი, ასევე, მეუფე კალისტრატე და ნაზარიშვილის სახელობის
საოჯახო მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი, მერაბ კვიცარიძე
იმყოფებოდნენ, რომლებიც ადგილზე ამავე ქარხნის ეზოში არსებული შპს
"პიროვნების უფლებებისა და საკუთრების დაცვის სამმართველოს"
წარმომადგენელს, მამუკა ცირეკიძეს შეხვდნენ.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის საუბარი თამარ მეფის N 9-ში არსებულ
ფართს შეეხებოდა, რომლითაც დაინტერესებული არიან როგორც "პატრიოტთა
ალიანსის" წარმომადგენლები, ასევე, მამუკა ცირეკიძე.
წყაროსვე ინფორმაციით, "პატრიოტთა ალიანსს" ყოფილი ქარხნის
ტერიტორიაზე კორპუსების აშენება სურს და სწორედ ამიტომ მამუკა
ცირეკისძისგან ითხოვდა, რათა მას უარი ეთქვა საკუთარ ინტერესზე. რაც
შეეხება მერაბ კვიცარიძეს, იგი მისი კლინიკის მიმდებარედ კორპუსების
აშენებას აპროტესტებდა და ამბობდა, რომ სამედიცინო დაწესებულების
უკანა მხარეს, რომელიც სწორედ "საგრენაჟოს" ტერიტორიას ესაზღვრება,
ლაბორატორიის აშენებას გეგმავს, კორპუსები კი მის ოთახებს
დაფარავს.
ქუთაისიპოსტის წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ხმამაღალი საუბარი მალე
კამათში გადაიზარდა, რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო პოლიცია
გამოიძახეს.
ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირება და თამარ მეფის N
9-ში არსებული უძრავი ქონებით დაინტერესება მხარეებმა ქუთაისიპოსტთან
საუბარში უარყვეს.
ქუთაისში,
თამარ
მეფის ქუჩის #9-ში მდებარე ყოფილი საგრენაჟო ქარხნის
შენობა-ნაგებობები, მიწის ნაკვეთთან ერთად, სახელმწიფო ქონების
ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის.
6 234 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიაზე 12 შენობა დგას, რომელთა
უმრავლესობა ამორტიზებულია. ძირითად ნაგებობაში კი ამ დროისთვის
თვითნებურად შესახლებული სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ.
მასალის გამოყენების პირობები