ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ქუთაისში თამარ მეფის ქუჩის #9-ში მდებარე
ყოფილი საგრენაჟო ქარხნის შენობების და მიწის ფართის შეძენა და ამ
ადგილზე საცხოვრებელი კორპუსების აშენება "პატრიოტთა ალიანსის"
ლიდერებს სურთ.
წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, ღამის
საათებში ტერიტორიაზე დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი და ნინო
ონიანი იმყოფებოდნენ. ასევე, მათთან ერთად მეუფე კალისტრატეც იყო.
ისინი ნაზარიშვილის კლინიკის ხელმძღვანელს, მერაბ კვიცარიძეს და
ყოფილი ქარხნის ეზოში არსებული შპს "პიროვნების უფლებებისა და
საკუთრების დაცვის სამმართველოს" წარმომადგენელს, მამუკა ცირეკიძეს
შეხვდნენ.
ჩვენი ინფორმაციით, ამ უკანასკნელს იმ ფართის დათმობას თხოვდნენ,
რომელსაც მამუკა ცირეკიძე რამდენიმე წელია მეთვალყურეობს. მერაბ
კვიცარიძე კი ნაზარიშვილის კლინიკის ლაბორატორიის შენობის მიმდებარედ
კორპუსების მშენებლობას აპროტესტებდა.
თუმცა, მამუკა ცირეკიძე ჩვენთან საუბარში ამის შესახებ უარყოფს და
ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრა არ მომხდარა. ანალოგიურად, "პატრიოტთა
ალიანსის" ლიდერებთან შეხვდერა არ დაადასტურა მერაბ კვიცარიძემაც.
რაც შეეხება, მეუფე კალისტრატეს, იმყოფებოდა თუ არა ის შეხვედრაზე,
ამის გასარკვევად, მეუფესთან დაახლოებულ, ეპარქიის ერთ-ერთ მღვდელს,
მამა მატათას მივმართეთ, რომელმაც ეპისკოპოსთან საუბრის შემდეგ
განაცხადა,
რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
ყოფილი საგრენაჟო ქარხნის ტერიტორიაზე გამართული შეხვედრის შესახებ
"პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი და ქუთაისის მაჟორიტარობის
კანდიდატი, ნინო ონიანი კი ჩვენთან საუბარში განამარტავს, რომ ქალაქში
რამდენიმე ხნის წინ გავლით იმყოფებოდა.
ნინო ონიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ის სამშენებლო
ბიზნესშია, ქუთაისში რაიმე სახის პროექტის განხორციელებას არ
აპირებს.
"გაუგებარი ინფორმაციაა, პირველად მესმის. შეიძლება ვინმე სხვა ნინო
იყო და გვარი შეეშალათ. სამშენებლო ბიზნესში ვარ, ეს დასამალი არაა,
მაგრამ ჯერჯერობით, თბილისში ვმოღვაწეობ და თბილისს არ გავცდენივარ.
ჩემს ბიზნესთან პარტიის ლიდერები არაფერი შუაში არიან. თუ რამეს
დავაპირებ, ეს იქნება დამოუკიდებლად," - ირწმუნება ნინო ონიანი
ჩვენთან საუბარში.
ის ქუთაისში სამომავლოდ რაიმე სახის სამშენებლო პროექტის
განხორციელებას არ გამორიცხავს, თუმცა, მისი თქმით, კონკრეტულად ამ
ტერიტორიაზე ჯერჯერობით საუბარი არაა.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ხმამაღალი კამათის ფონზე
მიმდინარეობდა, დაპირისპირებულ მხარეებს კი მეუფე კალისტრატე
სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირების გამო
ადგილზე საპატრულო პოლიციასაც გამოუძახეს.
იყო თუ არა შეტყობინება შესული პოლიციაში, შინაგან საქმეთა
სამინისტროს მივმართეთ.
"გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების
შემთხვევაში, შესაძლებელია კონკრეტული პირების შესახებ მონაცემების
ირიბად იდენტიფიცირება. შესაბამისად, ვინაიდან თქვენ მიერ
განცხადებაში არ არის მითითებული პერსონალური მონაცემების დამუშავების
სამართლებრივი საფუძველი, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას მოგაწოდოთ
მოთხოვნილი ინფორმაცია," - აღნიშნულია შსს-ს მიერ მოწოდებულ წერილობით
პასუხში.
მასალის გამოყენების პირობები