ქუთაისში, პუშკინის ქუჩა N 10 - ში ბაბუნაშვილების საცხოვრებელ სახლში
მრავალწლიანი ეგზოტიკური მცენარე თვითნებურად მოჭრეს.
ეგზოტიკური ჩინური მცენარე ლიანები, ბაბუნაშვილების
საცხოვრებელი სახლიდან ქუჩაზე ტალავერით გადადიოდა და იქვე მდებარე
ბარ-რესტორან "პალატის" აივანზეც ხარობდა.
მცენარე, რომელიც ადგილობრივების თქმით, მთელ ქუჩას მოსწონდა და
ასევე, ტურისტებისთვისაც მიმზიდველი იყო, ამავე ქუჩაზე მცხოვრებმა
მეზობელმა თვითნებურად მოჭრა.
ფაქტს მეზობლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
"ჩემს საკუთარ ეზოში დაუკითხავად მოჭრეს მცენარე, რომელიც დიდი ხნის
წინ ბაბუამ ჩინეთიდან ჩამოიტანა და მის მერე ხარობს, ვუვლით და ყველას
მოსწონს. ულამაზესი მცენარეა, ვის რაში უშლიდა ხელს, პირიქით
ალამაზებდა და ამშვენებდა აქაურობას," - ამბობენ ბაბუნაშვილების
ოჯახში.
იგივე პრეტენზიას გამოთქვამენ ბარ-რესტორან "პალატის" მფლობელები.
მათი ინფორმაციით, მეზობელმა, რომელმაც მცენარის ძირები გადაჭრა,
ბაბუნაშვილებს პირიქით ედავება და ამბობს, რომ მცენარე ხელს
უშლის.
"გვაბრალებს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენეთ და ჩივილით
გვემუქრება. ვერ გავიგეთ რა უნდა. ამ ქალბატონს, აქვე სასტუმრო
აქვს, მაგრამ მცენარე აბრას არ ეფარება, მოკლედ რას გვერჩის ან
ჩვენ და ან მცენარეს გაუგებარია,"- ამბობენ ბაბუნაშვილები.
ბაბუნაშვილების თქმით, გადაჭრის გამო მცენარის ნაწილი გახმა, თუმცა
მისი გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
სასტუმროს მფლობელს "ქუთაისიპოსტი" დაუკავშირდა, თუმცა სატელეფონო
საუბარში მან მცენარის მოჭრის თაობაზე კომენტარი არ გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები