ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციის ნაწილმა, 28 ივნისს გამართულ
საკრებულოს სხდომაზე
დამტკიცებულ საბიუჯეტო ცვლილებას მხარი არ
დაუჭირა.
მათი თქმით, ბიუჯეტის მიმართ უნდობლობის გამოცხადების მიზეზი,
სოციალური და ინფრატსრუქტურული მიმართულებით დიდი რაოდენობით თანხის
გამოყოფაა, რომელიც მათივე შეფასებით, წინსააარჩევნოდ გათვლილ ნაბიჯს
უფრო გავს, ვიდრე მოსახლეობის პრობლემების მოგვარების სურვილს.
28 ივნისის, რიგით 34–ე სხდომაზე ქუთაისის მერიამ დასამტკიცებლად
გაზრდილი ბიუჯეტი გამოიტანა. ქალაქის ვიცე–მერის, კოტე ქავთარაძის
თქმით, სატენდერო ეკონომიიდან მიღებული თანხა 1 600 000 ლარი სოციალურ
და ინფარსტრუქტურულ პროგრამებზე გადანაწილდა.
მათ შორის დამატებით 600 000 ლარი გამოიყო ორმოული შეკეთებისთვის, 300
000 ლარი დაემატა ტრენაჟორების მოწყობის პროგრამას, 50 000 ლარით
გაიზარდა სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული
თანხა, 100 000 ლარით გაიზარდა სამედიცინო დახმარების პროგრამა, ასევე
100 000 ლარი დაემატა მერიის სარეზერვო ფონდს. სატენდერო ეკონომიიდან
ანაზღაურდება მესხიშვილის ქუჩის სამი შესახვევის რეაბილიტაცია და
კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი.
საკრებულოს ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ თანხების
განსაკუთრებული მობილიზება წინასაარჩევნო სამზადისს უკავშირდება.
"პირველად ხდება, რომ გაზრდილ ბიუჯეტს მხარს არ ვუჭერ. ტყულად
გიხარიათ, როცა ამბობთ, დიდი რაოდენობით ქონება იყიდებაო. სამწუხაროდ,
ყველაფერს ყიდით, დაწყებული მწვანე ზოლით, დასრულებული ტროტუარით და
რაც მთავარია, ეს ხდება იქ მცხოვრებლების დაუკითხავად", – განაცხადა
საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გია
უკლებამ.
გაზრდილ ბიუჯეტს უნდობლობა გამოუცხადა "გაერთიანებული დემოკრატიული
მოძრაობის" დეპუტატმა, დავით წიტაიშვილმაც. მისი თქმით, სოციალური და
ინფრასტრუქტურული მიმართულებით თანხების ასეთი მასშტაბური ზრდა
წინასაარჩევნო სამზადისის ეჭვს იწვევს.
"ყველა საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის შეცვლა ნონსენსია. რა ვერ
დაიანგარიშეს და ვერ გაანაწილეს? ასეთი ტოტალური ცვლილება არის
საარჩევნოდ მიმართული. ხელისუფლება ამბობს, რომ ეს მოსახლეობისთვის
კეთდება, კი ბატონო ასეა, მაგრამ ამდენი ხანი სად იყვნენ?", – ამბობს
დავით წიტაიშვილი.
ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა არც ყოფილმა რესპუბლიკელმა, ნატო
ქათამაძემ.
მან სარეზერვო ფონდისთვის თანხის გაზრდა გააპროტესტა და განაცხდა, რომ
ქალაქის მერმა ეს წინასაარჩევნოდ, შეგნებულად გააკეთა.
"ეს არის ის თანხა, რომელსაც მერი პირადი გადაწყვეტილებით განკარგავს.
სწორედ წინასაარჩევნო მიზანს ემსახურება ამ ფონდისთვის 100 000 ლარის
დამატება. ნახევარი მილიონი ლარია ეს ჯამში ბატონო შოთა, რომელსაც
თქვენი შეხედულებისამებრ განკარგავთ", – განაცხდა ნატო
ქათამაძემ სხდომაზე.
"ეს ცვლილებები არაფერის მომცემია, ამიტომ მე არ ავიღებ
პასუხისმგებლობას იმ ბიუჯეტზე, რომელიც თავისი პარამეტრებით არანაირად
არ პასუხობს ხალხის მოთხოვნებს", – აღნიშნა "ლეიბორისტული" პარტიის
წევრმა, სამსონ გუგავამ.
ოპოზიციის ბრალდებებს პოპულისტურს და აბსურდულს უწოდებს
ხელისუფლება.
"მეტი ვერაფერი თქვეს და დაარქვეს საარჩევნო ბიუჯეტი. საარჩევნოს
უძახიან ხალხზე მიმართულ ბიუჯეტს. შარშანაც არჩევნები იყო, წელსაც და
გაისადაც იქნება და რა ვქნათ, არაფერი არ გავაკეთოთ? ხალხს არ
დავეხმაროთ? კარგია რომ ეხმარებით, მაგრამ საარჩევნოდ არაო. ვერ
ვხვდები. მე მგონი საარჩევნოდაც უნდა დავეხმაროთ და მანამდეც", –
განმარტა ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ.
ქალაქის ვიცე–მერი, კოტე ქავთარაძე კი ამბობს, რომ ბიუჯეტი საარჩევნო
იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ახლა შეტანილი ცვლილება უფრო მეტი
აღმოჩნდებოდა, ვიდრე წლის დასაწყისში კონკრეტული პროგრამის
დამტკიცებული ბიუჯეტი.
"გამოხმაურება მოჰყვა იმას, რომ ეს ბიუჯეტი არის წინასაარჩევნოდ
შედგენილი, რაც არის პოპულისტური განცხადებების მორიგი პიკი. ბიუჯეტი
საარჩევნო მაშინ იქნებოდა, თუ კი 100 000 იქნებოდა წლის დასაწყისში
დამტკიცებული და ჩვენ დავუმატებდით 400 000 ან 500 000 და შევქმნიდით
იმ ფონს, რომ უფრო დიდი ხარჯვის პროცესი წავიდოდა", – განაცხადა კოტე
ქავთარაძემ.
ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ქუთაისის საკრებულომ 15 ხმით
ქუთაისის ბიუჯეტში რიგით მე–7 ცვლილება დაამტკიცა.
ბიუჯეტს 746 800 ლარი რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაემატა,
1 600 000 ლარი კი ქალაქმა ქონების პრივატიზაციიდან მიიღო.
ჯამში, ქალაქის ბიუჯეტმა 66 700 000 ლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები