ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ახლა
მიმდინარეობს, მორიგი საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცეს, რის
საფუძველზეც ადგილობრივი ბიუჯეტი 2 346 800 ლარით გაიზარდა.
საკრებულოს სხდომაზე ეკონომიკის საკითხებში ქუთაისის ვიცე-მერმა
კონსტანტინე ქავთარაძემ განმარტა, რომ ამის მიზეზი რეგიონალური
განვითარების ფონდიდან მიღებული თანხებია. ასევე, მისივე
განმარტებით, 6 თვის განმავლობაში პრივატიზაციიდან შემოსული თანხა 3
150 000 ლარით გაიზარდა.
"ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, ეს ციფრი სცილდება ყველა წინა
წლების ერთწლიანი შესრულების პარამეტრებს," - განაცხადა საკრებულოს
სხდომაზე კოტე ქავთარაძემ.
მისივე ინფორმაციით, 100 000 ლარი დაემატა მერის სარეზერვო ფონდს.
ქავთარაძემ სხდომაზე განმარტა, რომ მერის სარეზერვო ფონდის
გაზრდა მოქალაქეების მხრიდან გაზრდილ მომართვიანობამ გამოწვია.
საბიუჯეტი ცვლილებას, კერძოდ მერის სარეზერვო ფონდის გაზრდა
ქუთაისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნატო ქათამაძემ
გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.
სარეზერვო ფონდის ზრდას სხდომათა დარბაზში "ნაციონალური მოძრაობი"
მხარდამჭერების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რომლებმაც ქალაქის მერი
ხალხის თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. რასაც
სხდომაზე ხმაური მოყვა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა
ნარსიას სხდომათა
დარბაზი დაატოვებინეს.
"ასე პრივატიზაციის ჩატარება უმარტივესი გზით ყველას შეუძლია.
სამწუხაროდ, ყიდით ყველაფერს, დაწყებული მწვანე ზოლიდან, დასრულებული
ტროტუარების ჩათვლით, იქ მაცხოვრებლების უკითხავად და ეს უკარგავს
ქუთაისს პერსპექტივას. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი კრიტიკას ვერ
უძლებდა და თუ რაიმეს გაკეთება გინდოდათ, ეს უნდა გაკეთებულიყო ამ
ჩემპიონატის წინ. მომავალში ქალაქს საერთოდ არ დარჩება თავისუფალი
მიწა," - განაცხადა გია უკლებამ.
მიმდინარე საბიუჯეტო ცვლილების შედეგად, 50 000 ლარი ტურიზმის
საინფორმაციო ცენტრს, 526 000 ლარი პროგრამა "კორპუსს", 300 000 ლარი
ქალაქში სპორტული ტრენაჟორების დამონტაჟების და 22 000 ლარი საბავშო
ტრენაჟორების მოწყობისთვის დაემატა.
საბიუჯეტო ცვლილების ყველაზე მსხვილი კომპონენტი კი 1 მილიონი ლარია,
რომელიც საბინაო ფონდს, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური
საცხოვრისისთვის დაემატა.
ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი მე-7 ცვლილების შემდეგ 66 747 700 ლარით
განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები