ამ წუთებში ავარია მოხდა ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, არიან
დაშავებულები.
მძიმე დაზიანება მიიღო ერთმა მამაკაცმა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო
დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულთა შორისაა 6 წლის
ბავშვიც, რომელსაც მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული ფეხზე.
შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში, პირველ ჩიხთან მოხდა, როდესაც
სხვადასხვა ჩიხიდან გამომავალი ორი ავტომანქანა ერთმანეთს
დაეჯახა.
"მძიმე დაზიანება მიიღო მამაკაცმა, რომელიც თავიდან სასწრაფოს არ
გადაყავდა, რადგან დაშავებულის ახლობლები თბილისში გადაყვანას
ითხოვდნენ. ბოლოს მაინც სასწრაფომ წაიყვანა. მსუბუქი დაზიანება
მიიღო ახალგაზრდა ბიჭმაც, ხოლო 6 წლის ბავშვს, რომელიც ერთ-ერთ
მანქანაში იჯდა ფეხი აქვს დაზიანებული, ის კერძო ავტომანქანით
წაიყვანეს საავადმყოფოში" - აცხადებენ თვითმხილველები.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიცია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე
მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს. რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც
სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე დაზიანება - ისჯება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების
შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ
წლამდე ან უამისოდ.
ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების
შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან
ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების
ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
თამუნა ბარდაველიძე
მასალის გამოყენების პირობები