ბაგრატის ტაძარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საუბარია, გუმბათზე
საიდანაც წყალი ჩამოდის.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს შპს "რესტავრატორები და კომპანიის"
დირექტორმა, თამაზ იაქაშვილმა განუმარტა, რომელმაც 2012 წელს ტაძრის
რეკონსტრუქცია განახორციელა. თუმცა, სამუშაოების დაწყების კონკრეტულ
ვადებს ვერ ასახელებს. ის ჩვენთან საუბარში იმ მიზეზებზე საუბრობს,
რის გამოც ტაძარში წყალი ჩადის.
"დიდი ხნის საქმე რამდენიმე დღეში შეგვასრულებინეს. გუმბათში
სარკმელები ჩაისვა და იმათ შორის ჟონავს წყალი, რომელიც გაკეთდება.
გუმბათზე ხარაჩოა გასაკეთებელი და ეს ცოტა რთულია, თორემ მეტი
საგანგაშო არაფერი არაა მანდ", - ამბობს შპს "რესტავრატორები და
კომპანიის" დირექტორი, თამაზ იაქაშვილი.
მისივე თქმით, ჯერ დადგენილი არ არის თუ რა დაჯდება ტაძრის
შეკეთება.
2012 წელს სარეაბილიტაციო პროცესის დროს დაშვებულ სამშენებლო
ხარვეზებზე მიუთითებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
სააგენტოც.
"აღმოჩნდა, რომ წვიმის დროს გუმბათის თითქმის ყველა სარკმელზე
გაჩენილი ღიობებიდან ნალექი ტაძრის ინტერიერში შედის და კედლებს
აზიანებს. გუმბათის ყელის შიდა სეგმენტებზე თვალნათლივ ჩანს წყლის
ლაქები. სპეციალისტების დასკვნით, გაჩენილი ხარვეზების მიზეზი,
სარეაბილიტაციო პროცესის ნაჩქარევად განხორციელებაა, რომლის დროსაც
ტაძრის გუმბათზე გამოუმშრალი ხის მასალის სარკმელები დამონტაჟდა.
კიდევ უფრო სერიოზულია დაზიანებების კვალი ტაძრის ახალ მინაშენზე,
სადაც ახლადწარმოქმნილი ღიობებიდან ნადენი ნალექის ლაქები შედარებით
უფრო დიდ ფართობებზეა გამოვლენილი", - ნათქვამია კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტოს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტოსა და რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიის
წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
შპს "რესტავრატორები და კომპანიამ" არსებული ნაკლოვანებები დაჩქარებულ
ვადებში უნდა გამოასწოროს.
აღნიშნულ ვალდებულებას, სამშენებლო ჯგუფს საკათედრო ტაძრის
რეაბილიტაციის პროცესის დაწყებამდე გაფორმებული ხელშეკრულება
აკისრებს.
16 ივნისს მხარეები თბილისში კიდევ ერთ სამუშაო შეხვედრას გამართავენ,
რომლის დროსაც უფრო კონკრეტულად განისაზღვრება აღდგენითი
მეთოდოლოგია.
ამავე თემაზე:
ბაგრატის ტაძარში წყალი ჩადის
(ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები