ქუთაისში, ქვეწარმავლებისა და მღრღნელების თაობაზე ერთი კვირის
განმავლობაში შპს "სპეციალურ სერვისებში" 40-მდე შეტყობინება შევიდა.
სწორედ ამ ორგანიზაციას ევალება ქალაქის ტერიტორიაზე სადეზინფექციო
სამუშაოების განხორცილება.
შპს "სპეციალურ სერვისებში" განმარტავენ, რომ შეტყობინების გარეშე
რეაგირებას ვერ მოახდენენ, ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებენ პრობლემის
შესახებ ცხელ ხაზზე 0(431) 26-57-36 დარეკონ.
"სპეციალური სერვისები" ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაშია.
ორგანიზაცია ქალაქში სადეზიფექციო სამუშაოებს უკვე 2 წელია
ახორციელებს. მანამდე კი, ამ სამუშაოებს შპს "ქუთაისის დეზინფექციისა
და სპეც.ეპიდ.ზედამხედველობის სამსახური" ახდენდა.
თუმცა, აღნიშნული სამსახური მოქალაქეებს კერძო მიმართვის შემთხვევაში
ემსახურება. მისი ხელმძღვანელი, რუსუდან ხაჭაპურიძე ჩვენთან საუბარში
განმარტავს, რომ მომსახურების საფასური ტერიტორიის ფართობზეა
დამოკიდებული, ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსების სადარბაზოების
დეზიფექციისთვის კი თანხა, ძირითადად, 45-დან 50 ლარამდე
მერყეობს.
შპს "ქუთაისის დეზინფექციისა და სპეც.ეპიდ.ზედამხედველობის
სამსახურში" განმარტავენ, რომ ზაფხულის განმავლობაში ქვეწარმავლებისა
და მღრღნელების წინააღმდეგ კორპუსების სადარბაზოებს სადეზიფექციო
ხსნარით დამუშავება მინიმუმ ორჯერ ესაჭიროება.
"პრეპარატის მოქმედების ეფექტურობა 2 თვემდეა. თუმცა, გააჩნია
ამინდებსაც. თუ წვიმიანი სეზონია, შესაძლოა უფრო მალე დაჭირდეს
განმეორებითი დეზინფექცია, რადგან წვიმა ხსნარს მალე ჩარეცხავს," -
განმარტავს რუსუდან ხაჭაპურიძე.
ქუთაისში ნიკეასა და თაბუკაშვილის ქუჩებზე ბალახი მოუთიბავია, რის
გამოც მოსახლეობა ქვეწარმავლების მომრავლების
საშიშროებაზე საუბრობს.
ამავე თემაზე:
გაუთიბავი ბალახი და ქვეწარმავლების საფრთხე ქუთაისში
(ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები